EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« არავის მიწა შუაგულ ევროპაში – ლიბერლენდი »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2018-02-21 23:47:40

არავის მიწა შუაგულ ევროპაში – ლიბერლენდი

Liberland

თუ Google Maps-ის ამ ლინკზე გადახვალთ, თქვენი ეკრანის ცენტრში მდინარე დუნაიზე მდებარე პატარა კუნძული გამოჩნდება. ეს კუნძული და მის მარცხნივ მდებარე 7 კვადრატული კილომეტრი “არავის მიწაა”.
 
უფრო სწორად, იყო.
 
2015 წლის 13 აპრილს მიწის ეს უპატრონო ნაგლეჯი ჩეხმა ლიბერტარიანელმა პოლიტიკოსმა ვიტ იედლიჩკამ მიისაკუთრა და ზედ Liberland-ის დროშა აღმართა.
 
ლიბერლენდი თვითგამოცხადებული ქვეყანაა, პირველი დეკლარირებულად ლიბერტარიანული ქვეყანა დედამიწაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი და ხორვატია ახლად გამოჩეკილ მეზობელს არ აღიარებს და მიწის ამ ნაგლეჯზე ჯერ არავის უშვებს, ლიბერლენდის მოქალაქეობის მსურველთა რიცხვი ნახევარ მილიონ ადამიანს აჭარბებს, დიპლომატიური წარმომადგენლობა 40-მდე ქვეყანაშია გახსნილი და ლიბერლენდის მთავრობა აქტიურად იბრძვის იურიდიული სტატუსის მისაღებად.
 
სახელმწიფოები თითოეული კვადრატული მეტრი მიწისთვის იბრძვიან ხოლმე… მაშ, როგორ მოხდა, რომ მთელი 7 კვ.კმ არავის საზღვრებში არ მოხვდა?
საქმე იმაშია, რომ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთი და ხორვატია საზღვარზე ვერ შეთანხმდნენ.
 
სერბეთი ამბობს, რომ მასა და ხორვატიას შორის საზღვარი მდინარე დუნაის სანაპიროს მიუყვება. ხორვატია ეთანხმება, მაგრამ დასძენს, რომ დუნაის კალაპოტი XIX საუკუნეში სულ სხვაგან გადიოდა და იმდროინდელი საზღვრის აღდგენას ითხოვს. ჰოდა, ისე გამოვიდა, რომ ამ კამათში ლიბერლენდის ტერიტორიაზე ორივე ქვეყანა უარს ამბობს და ირწმუნება, რომ ეს მიწა მას კი არა, მის მეზობელს ეკუთვნის.
 
რომელი მხარეც აღიარებს, რომ ლიბერლენდი მისი ტერიტორიაა, მოუწევს იმის აღიარებაც, რომ მისი მოწინააღმდეგე მართალია და იძულებული იქნება სადაო ტერიტორიებიც დათმოს, რომლებიც ჯამში 7 კვადრატულ კილომეტრზე ბევრად დიდი ფართობისაა.
ამ გაუგებრობით ისარგებლა ლიბერლენდის აწ უკვე პრეზიდენტმა ვიტ იედლიჩკამ და “არავის მიწაზე” ლიბერტარიანული სამოთხის დაარსებაც დააანონსა – მინიმალისტური სახელმწიფოთი და პიროვნული თავისუფლების მაქსიმალურობით.
 
ლიბერლენდს თავისი კონსტიტუციაც აქვს, რომლის მთავარი პრინციპები საკუთრებისა და პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობა, ურთიერთპატივისცემა და ნებაყოფლობითი თანამშრომლობაა.
 
ბატონი იედლიჩკა უფრო შორსაც მიდის და აპირებს, რომ დე ფაქტო მმართველობის დაწყებისთანავე გადასახადები ნებაყოფლობითი გახადოს – ლიბერლენდის თითოეული მოქალაქე ამ ქვეყნის “აქციას” მიიღებს. იედლიჩკას აზრით, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ადამიანებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ და ნებაყოფლობით გადაიხადონ საკუთარი შემოსავლის ნაწილი სამთავრობო ხაზინაში.
“მთავრობა მინიმალისტურად უნდა შემცირდეს და მხოლოდ სამი რამ უნდა ევალებოდეს – უსაფრთხოება, დიპლომატია და სასამართლო. ყველაფერ დანარჩენს ადამიანების ნებაყოფლობითი თანამშრომლობა მოაგვარებს,” – აცხადებს ბატონი პრეზიდენტი და იმედოვნებს, რომ სერბეთის და ხორვატიის სასამართლოებში შეტანილი სარჩელებით მალე დაამტკიცებს, რომ მიწის ამ ნაგლეჯზე პრეტენზია არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია, რაც იმის იურიდიული საფუძველი იქნება, რომ ლიბერლენდმა საერთაშორისო აღიარებების მოპოვება დაიწყოს.
 
_AT ლიბერლენდის პრეზიდენტს, ვიტ იედლიჩკას ესაუბრა:
 
“ახლა აქტიური პერიოდი გვაქვს, ხორვატიაში რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – ჩვენი წევრები ლიბერლენდის ტერიტორიაზე შესვლისას დააკავეს, თუმცა პოლიცია ვერ ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებმა საზღვარი დაარღვიეს.
 
ამის პარალელურად ვცდილობთ როგორმე მოლაპარაკებების იმ მაგიდასთან მოვხვდეთ, სადაც სერბეთი და ხორვატია საზღვრის საკითხს წყვეტენ, თუმცა არ ვიცით, ეს როდის მოხდება.
 
ლიბერლენდის მოსახლეობა ამჟამად 300 მოქალაქეს ითვლის, თუმცა გვყავს 175 000 კვალიფიცირებული აპლიკანტი (ვინც აპლიკაცია ბოლომდე შეავსო) და 500 000-მდე მოქალაქეობის მსურველი.
საქართველოდან? დიახ, საქართველოდანაც არაერთი აპლიკანტია, მაგრამ ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ.
გმადლობთ, რომ ჩვენ ამბავს აშუქებთ. ყველა მხარდამჭერს და დაინტერესებულ პირს ამა წლის აპრილში გელოდებით აპატინში, სერბეთში, ჩვენს მესამე ყოველწლიურ შეკრებაზე.”
 
ლიბერლენდის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ მოქალაქეობის აპლიკაცია შეავსოთ, გაეცნოთ უახლეს ამბებს მათ შესახებ, გახდეთ ლიბერლენდის გუნდის წევრი და ამ საინტერესო, პროვოკაციულ წამოწყებას რამდენიმე დოლარიც შესწიროთ.
 
თითოეული შეწირული დოლარი თითო ლიბერლენდულ ვალუტად, მერიტად გადაიქცევა. 10 000 მერიტად კი ავტომატურად შეძლებთ მოქალაქეობის შეძენას. ლიბერლენდის მოქალაქეები ასეთ სიმპათიურ პასპორტს მიიღებენ და ამ ქვეყნის საზღვრები ღია იქნება ნებისმიერი სტუმრისთვის. რაც შეეხება იმას, ექნებათ თუ არა ლიბერლენდელებს ევროპის სხვა ქვეყნებში თავისუფლად მიმოსვლის საშუალება – ამას დრო და დიპლომატიური აღიარებების რაოდენობა გვიჩვენებს.
 
 
at.ge