EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ძველ რომაელთა ჯოჯოხეთის კარიბჭე, რომელიც მსხვერპლს მიახლოებისთანავე კლავდა... »
კატეგორია: უცნაურიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2018-02-23 13:27:49
მღვიმე, რომელიც ძველ რომაელებს მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭედ მიაჩნდათ, იმდენად მომაკვდინებელი იყო, რომ კლავდა მის სიახლოვეს გავლილ ყველა ცხოველს, მაგრამ ვერაფერს აკლებდა ამ მღვიმის ხელმძღვანელ ქურუმებს. რატომ? მეცნიერთა განცხადებით, პასუხი უკვე არსებობს — ნახშირორჟანგის კონცენტრირებული ღრუბელი გუდავდა ყველას, ვინც მას შეისუნთქავდა.
2200 წლის წინანდელი ეს მღვიმე, სალენტოს უნივერსიტეტის არქეოლოგებმა შვიდი წლის წინ ხელახლა აღმოაჩინეს.
მღვიმე მდებარეობდა ანტიკური ფრიგიის ქალაქ იერაპოლისში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. გამოიყენებოდა ცხოველების მსხვერპლშეწირვისთვის. საჭურის ქურუმებს ხარები შეჰყავდათ პლუტონიუმში, იგივე პლუტონის კარიბჭეში. პლუტონი გახლდათ მიწისქვეშეთის ღვთაება.
როდესაც ქურუმს ხარი მოედანზე შეჰყავდა, შემაღლებულ ადგილებზე მსხდომი ხალხი სიამოვნებით უყურებდა, როგორ კლავდა კარიბჭიდან გამომავალი ორთქლი ნელ-ნელა ცხოველს.
„ეს სივრცე სავსეა მიწის ზედაპირზე გართხმული ტენიანი და მკვრივი ორთქლით. ნებისმიერი ცხოველი, რომელიც შიგნით შევა, დაუყოვნებლივ კვდება. შიგნით ბეღურები შევაფრინე და სულ რაღაც წამებში, უსულოდ დაეცნენ მიწაზე“, — წერდა ძველბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი (ძვ. წ. 64-24).
სწორედ ამ ფენომენმა მიანიშნა არქეოლოგთა ჯგუფს მღვიმის ადგილმდებარეობა. მღვიმის შესასვლელის სიახლოვეს გადაფრენისას, ჩიტები ძირს მკვდრები ცვიოდნენ. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ ათასობით წლის შემდეგაც კი, მღვიმე კვლავ მომაკვდინებელია.
გერმანიის დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის ვულკანოლოგ ჰარდი პფანცის ცნობით, ამ ყველაფერში დამნაშავეა მიწისქვეშ მიმდინარე სეისმური აქტივობა. პფანცი ხელმძღვანელობდა მღვიმიდან გამოჟონილი აირების კვლევას. ამ რეგიონში გაჩენილი და სიღრმეში მიმავალი ნაპრალიდან ამოდის დიდი ოდენობით ვულკანური ნახშირორჟანგი.
მღვიმესთან მიერთებულ მოედანზე, ჯგუფმა ნახშირორჟანგის დონე გაზომა და დაადგინა, რომ ჰაერზე ოდნავ მძიმე აირი, მოედნის ზედაპირიდან 40 სმ სიმაღლეზე „ტბას“ წარმოქმნიდა.
მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ დღის განმავლობაში ამ აირს მზე ფანტავს, მაგრამ ღამით კვლავ აკუმულირდება, რა დროსაც ის მომაკვდინებელია. „ტბის“ ფსკერზე კონცენტრაცია 50 პროცენტზე მეტია, 10 სმ სიმაღლეზე კონცენტრაცია 35 პროცენტამდე მცირდება (ამ ოდენობას ადამიანის გაგუდვაც შეუძლია), მაგრამ 40 სანტიმეტრს ზემოთ კონცენტრაცია სწრაფად იკლებს.
დღისით ნახშირორჟანგის გარკვეული ოდენობა მაინც რჩება ზედაპირიდან 5 სმ სიმაღლემდე, რასაც ამტკიცებდა მოედნის ქვაფენილზე ნაპოვნი მკვდარი ხოჭოები. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მღვიმეში ვერც მზე აღწევს და ვერც ქარი, CO2-ის დონე შიგნით 86-91 პროცენტამდე ადის.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჯგუფი შენიშნავს, რომ ამ მღვიმის ასეთი თვისებები ძლიერ ტურისტულ ელემენტს წარმოადგენდა. ტურისტები ყიდულობდნენ პატარა ცხოველებსა და ფრინველებს, რომლებსაც მსხვერპლშეწირვის მიზნით, მოედნის ძირისკენ ისროდნენ. რაც შეეხება მსხვილ ცხოველებს, მათ მხოლოდ დღესასწაულებზე, უშუალოდ ქურუმები სწირავდნენ.
„გაზის ტბაში დგომისას ხარის პირი და ნესტოები 60-90 სმ სიმაღლეზე იყო, მაღალ ქურუმებს კი ტბაში გავლისას თავი ყოველთვის ზემოთ ჰქონდათ აწეული, მათი ცხვირ-პირი მომაკვდინებელ დონეს მაღლა ექცეოდა და შესაბამისად, ადვილად აღწევდნენ თავს სიკვდილის სუნთქვას“, — წერენ მკვლევრები.
მათივე ცნობით, არსებობს ცნობები, რომ ისინი ხანდახან ქვებზეც კი დგებოდნენ, რათა უფრო მაღლა მოქცეულიყვნენ.
მაყურებელი ხედავდა, როგორ იწყებდნენ ფართხალს და რამდენიმე წუთში უსიცოცხლოდ ეცემოდნენ დიდი, ღონიერი ხარები. ამ დროს კი ქურუმები მხნედ, საღსალამათნი რჩებოდნენ, რაც ხალხს ღმერთებისა და ქურუმების ძალაუფლების მტკიცებულებად მიაჩნდა.
მკვლევრებს სჯერათ, რომ ქურუმებმა ძალიან კარგად იცოდნენ გამოქვაბულისა და მიმდებარე მოედნის თვისებების შესახებ და სავარაუდოდ, მაქსიმალური ეფექტის მიზნით,
მსხვერპლშეწირვებს მშვიდ დღეებში, შებინდებისას ატარებდნენ. გარდა ამისა, თავიანთი სიძლიერის წარმოსაჩენად, ისინი მღვიმეშიც შედიოდნენ ან მხოლოდ თავს ყოფდნენ, რა დროსაც სუნთქვას იკავებდნენ, რათა გადარჩენილიყვნენ.
აღმოჩენილი ზეთის ლამფები იმაზე მიუთითებს, რომ მღვიმის სიახლოვეს ქურუმები ღამითაც დადიოდნენ.
კვლევა ჟურნალ Archaeological and Anthropological Sciences-ში გამოქვეყნდა
მომზადებულია link.springer.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით
ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge