EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ცრუპროფესორი და საეჭვო პრეპარატის რეკლამა ქართულ საიტებზე »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: lolipop
თარიღი: 2018-03-06 00:59:23
ბოლო დროს ქართულ საიტებზე ვრცელდება პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატის "Bactefort” –ს რეკლამა, რომელსაც რეკომენდაციას უწევს ვინმე პრეფესორი კუსაინოვი. აღნიშნული პიროვნება წარმოდგენილია როგორც საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მეთაური, ის ვრცლად ჰყვება საქართველოში მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ და უტიფრად აცხადებს, რომ "საქართველო ლიდერობს პარაზიტული დაავადებების რეიტინგში, რაც ცუდი ეკოლოგიური გარემოსა და მთავრობის უყურადღებობის ბრალია.” აქვე მოსახლეობას ახარებს, რომ საქართველოში უნიკალური პრეპარატი შექმნეს და ეს საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებაა. "პროფესორი” ირწმუნება, რომ დასავლეთი მზად არის აღნიშნულ პრეპარატში ნებისმიერი თანხა გადაიხადოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების დავალებით, პრეპარატის ძირითადი პარტია ქვეყანაში უნდა დატოვონ და მიჰყიდონ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებსა და "საბაჟო კავშირის” წევრებს.
შორს რომ არ წავიდეთ, აღარ დავწერთ იმ "საშინელ შედეგებზე”, რომელსაც კუსაინოვის თქმით, ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები პარაზიტები იწვევენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ იგივე პიროვნება, ზუსტად ასეთივე ტექსტით და განმარტებებით ყაზახეთის მოსახლეობასაც აფრთხილებს. რა თქმა უნდა, კუსაინოვი აქ უკვე ყაზახეთის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მეთაურად არის წარმოდგენილი, მისი მტკიცებით ყაზახეთი ლიდერობს პარაზიტულ დაავადებათა რეიტინგში, მაგრამ მოსახლეობას ყაზახეთში შექმნილი უნიკალური პრეპარატი იხსნის ….
როგორც ს.ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ქ–ნმა ლიკა ჯანაშვილმა "პრემიუმს” განუცხადა, პროფესორი სერგეი კუსაინოვი მათი დაწესებულების თანამშრომელი არ არის და არც არასდროს ყოფილა.
გარდა იმისა, რომ პრეპარატის გამსაღებელი კომპანიები სხვადსხვა მარკეტინგულ ხრიკს იყენებენ, ქმნიან ყალბ საიტებს, თავადვე წერენ მომხმარებლის სახელით კომენტარებს, გაურკვეველი პიროვნებების სახელით ავრცელებენ საეჭვო ინფორმაციას, მათ გამოყენებული აქვთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სიმბოლიკა და სახელწოდება, რასაც შეცდომაში შეჰყავს საიტის დამთვალიერებელი. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს და ვითარების შესახებ შევატყობინეთ.
როგორც "პრემიუმს” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტოში განუცხადეს, ფარმაცევტული პროდუქტი სავაჭრო დასახელებით „ბაქტეფორტი" (Bactefort), საქართველოში რეგისტრირებული არ არის, ხოლო აღნიშნული პროდუქტის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არაერთგვაროვანია. მეტიც, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული მასალის თანახმად, შეფუთვაზე მითითებულია სხვადასხვა მწარმოებელი. მაგალითად: ООО „Сашера Мед" – რუსეთი, ООО „TПС" – რუსეთი და სხვა. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროდუქტი ინტერნეტ-სივრცეში დეკლარირდება როგორც მცენარეული, სხვადასხვა შეფუთვისა და ვებ-გვერდის ინფორმაციის მიხედვით, შემადგენლობები განსხვავებულია.
"აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობის იდენტიფიკაცია და შეფუთვაზე არსებულ ინფორმაციასთან შესაბამისობის დადგენა, შეუძლებელია ლაბორატორიული ანალიზის გარეშე. ასევე, არ არსებობს შეფუთვის თანხლები გამოყენების ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება, მისი გამოყენების რეკომენდაციების დადგენა და იმის განსაზღვრა, ექვემდებარება თუ არა მსგავსი პროდუქტი ზოგადად რეგისტრაციას. ვინაიდან მისი, როგორც პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებად დეკლარირება ხდება სარეკლამო ტექსტებში, ხოლო შეფუთვაზე ეს ინფორმაცია განთავსებული არ არის. "– აცხადებენ სააგენტოში.
ჯანდაცვის უწყებაში მიაჩნიათ, რომ გაურკვეველი წარმომავლობის ნებისმიერი ტიპის პროდუქტისგან საზოგადოების დასაცავად, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირების ამაღლება სხვადასხვა ქვეყნის საიტებზე რეკლამირებული საშუალებების შესაძლო საეჭვო წარმომავლობის შესახებ. ხოლო რაც შეეხება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს, საქართველოს ბაზარზე შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების განთავსება, ხოლო ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც ნებაყოფლობითია, დაუშვებელია მათი, როგორც წამლად წარმოჩენა და თერაპიული ჩვენებების მითითება.
"რაც შეეხება ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამას, რეგულირდება ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონით (113-ე მუხლი). კანონის შესაბამისად, აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, პირველ და მეორე ჯგუფს მიკუთვნებული, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა. მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამა, დასაშვებია რეკლამის ტექსტის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით და შესაბამისი პირობების დაცვით. რეკლამის წესის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული პირების, კერძოდ, რეკლამის დამკვეთის და განმახორციელებელი პირის მიმართ, გამოიყენება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 376 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია. "– აცხადებენ რეგულაციის სააგენტოში.
premiumi.ge