EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს »
კატეგორია: სხვაავტორი: admin
თარიღი: 2018-03-28 13:27:46
ხშირად მოქალაქეებმა კონკრეტული შემთხვევის დროს არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, ან რა უფლებები აქვთ პოლიციასთან კონტაქტის დროს. რა შემთხვევაშია ნებადართული ჩხრეკა და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი უფლებები დაირღვა - ამ თემაზე რეკომენდაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC-მ) შეიმუშავა.
ადმინისტრაციული დაკავება
პირის ადმინისტრაციული დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომლის გამოყენება დასაშვებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად და სხვა. პოლიცია ადმინისტრაციულ დაკავებას ხშირად იყენებს ისეთი გადაცდომებისთვის, როგორებიცაა: წვრილმანი ხულიგნობა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
ადმინისტრაციული წესით დაკავების შემთხვევაში უფლება გაქვთ მოითხოვოთ:
განმარტება დაკავების საფუძვლის შესახებ;
ადვოკატთან დაკავშირება, დაკავების ფაქტისა და ადგილსამყოფელის შეტყობინება ახლობლისთვის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციასთან დაკავშირება (ტელეფონის ჩამორთმევის შემთხვევაში);
აგრეთვე უფლება გაქვთ, უარი განაცხადოთ ოქმის ხელმოწერაზე თუ არ ეთანხმებით ოქმის შინაარსს, ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ ადასტურებთ თქვენ მიერ ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენას. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში სათანადო ჩანაწერი კეთდება.
ნარკოტესტირებაზე გადაყვანა
ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით, პოლიციელი უფლებამოსილია საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად გადაიყვანოს პირი, თუ: უშუალოდ შეესწრო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულებას; არსებობს ოპერატიული ინფორმაცია ან 112-ში შესული შეტყობინება პირის მიერ ნივთიერების უკანონო მოხმარების შესახებ.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის შემთხვევაში, უფლება გაქვთ:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის საფუძველზე უარი განაცხადოთ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და ექიმის მიერ კლინიკურ დათვალიერებაზე;
მოითხოვოთ ადვოკატთან დაკავშირება, დაკავების ფაქტის და ადგილსამყოფელის შეტყობინება ახლობლისთვის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციისთვის (ტელეფონის ჩამორთმევის შემთხვევაში);
მოითხოვოთ გათავისუფლება, თუკი არ არსებობს თქვენი ადმინისტრაციული დაკავების სხვა საფუძველი.
პოლიციელს/საექსპერტო დაწესებულების თანამშრომელს არ აქვს უფლება:
ბიოლოგიური მასალის მისაღებად განახორციელოს ზეწოლა;
შეგიზღუდოთ საპირფარეშოთი სარგებლობა;
დაგაყოვნოთ საექსპერტო დაწესებულებაში, თუ უარს აცხადებთ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე.
პოლიციის მიერ პირის გამოკითხვა
პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს. პოლიციელს შეუძლია შეგაჩეროთ, გამოგკითხოთ პერსონალური მონაცემები და მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, მათ შორის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თქვენ ჩაიდინეთ სამართალდარღვევა ან ჩაიდენთ მას.
ასევე, დამატებით, პოლიცია უფლებამოსილია გამოგკითხოთ, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თქვენ ფლობთ საჭირო ინფორმაციას. თუმცა გამოკითხვის შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია.
პოლიციის მიერ თქვენი გაჩერების და გამოკითხვის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ:
უფლება გაქვთ მოითხოვოთ განმარტება გაჩერების საფუძვლის შესახებ;
თქვენ პოლიციელისთვის მხოლოდ პერსონალური მონაცემებისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის ვალდებულება გეკისრებათ;
თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია პოლიციელის იდენტიფიცირება, შეგიძლიათ მოსთხოვოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუკი ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებაში.
საპოლიციო რეიდი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია გამოსცეს წერილობითი განკარგულება სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ე.წ. რეიდის განხორციელების თაობაზე. რეიდი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სამართალდარღვევა.
სპეციალური საპოლიციო კონტროლის/რეიდის დროს გაითვალისწინეთ, რომ:
რეიდის დროს ხდება პირის ზედაპირული შემოწმება და ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება;
ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას;
ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში - მისი საბარგულის ვიზუალური დათვალიერება იგულისხმება;
სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით, რომლითაც უწყვეტ რეჟიმში ხდება ვიდეოგადაღება.
პირის მოწვევა პოლიციაში
პოლიცია უფლებამოსილია, გასაუბრების მიზნით, მოგიწვიოთ პოლიციაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ფლობთ პოლიციის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციას.
პოლიციაში მოწვევის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ:
უნდა მიიღოთ განმარტება მოწვევის საფუძვლის შესახებ;
პოლიციის დატოვება ნაბაყოფლობითია. თქვენ შეგიძლიათ არ გამოცხადდეთ ან ნებისმიერ დროს დატოვოთ პოლიციის შენობა. ამ უფლებით სარგებლობისათვის ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ.
გამოკითხვა და მოწმედ დაკითხვა
თუ თქვენ ფლობთ სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, შესაძლებელია ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ ნებაყოფლობით გამოიკითხოთ. გამოკითხვა ნებაყოფლობითია და დაუშვებელია თქვენი იძულება მტკიცებულების წარმოდგენის ან ინფორმაციის გაცემის მიზნით. სავალდებულო წესით, მოწმის სტატუსით, თქვენ შეიძლება დაიკითხოთ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე (მოწმის დაკითხვის ეს წესი არ ვრცელდება ყველა სახის დანაშაულზე)
გამოკითხვისა და მოწმედ დაკითხვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ:
გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში, ვალდებული ხართ სწორი ინფორმაცია გასცეთ საქმესთან დაკავშირებით თქვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ;
გამოკითხვისას/მოწმის სტატუსით დაკითხვისას უფლება გაქვთ საკუთარი ხარჯით ისარგებლოთ ადვოკატის მომსახურებით;
შეგიძლიათ არ გასცეთ ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ;
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა. ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
დაიმახსოვრეთ!
თუ მიიჩნევთ, რომ პოლიციის ქმედებით დაგერღვათ უფლებები, თქვენ შეგიძლიათ:
გაასაჩივროთ პოლიციის ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.
მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელი ხაზის მეშვეობით - 1481;
ისარგებლოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზით - 126, მიმართოთ მას წერილობითი განცხადებით თუ საჩივრით და მოითხოვოთ სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება;
მიმართოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც პირებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ.