EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლიქვორი - თავ-ზურგტვინის სითხე »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: Nisa
თარიღი: 2018-03-28 15:08:00
თავისა და ზურგის ტვინი სამი გარსით არის დაფარული. ზედა, მაგარი გარსისგან შუა, აბლაბუდასებრ გარსს კაპილარული სივრცე გამოყოფს, ხოლო ქვედა, რბილი გარსისგან, რომელიც უშუალოდ ეხება ტვინის ზედაპირს - სუბარაქნოიდული სივრცე. ეს სივრცე ამოვსებულია თავ-ზურგტვინის სითხით - ლიქვორით. ავადმყოფობისას ამ სითხის მოძრაობა, შემადგენლობა, წნევა იცვლება. სწორედ
ამ ცვლილებაზე გვესაუბრება ნევროლოგი გოგა ურუშაძე.
- როგორ წარმოიქმნება თავ-ზურგტვინის სითხე?
- თავ-ზურგტვინის ანუ ცერებროსპინალური სითხე, ლიქვორი, ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულებიდან პროდუცირდება, მისი შეწოვა კი ტვინის რბილი გარსის ვენებით ხდება. შეწოვისა და წარმოქმნის პროცესები ინტენსიურად და განუწყვეტლივ
მიმდინარეობს. დღე-ღამის განმავლობაში ლიქვორი შეიძლება 4-5-ჯერ შეიცვალოს. თავისა და ზურგის ტვინს შორის ლიქვორის მიმოქცევის დარღვევისას სითხე თავის ქალაში გროვდება, ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში ძლიერდება მისი შეწოვა და იმატებს კონცენტრაცია. ამ პროცესებით აიხსნება თავ-ზურგტვინის დაავადებათა კლინიკური გამოვლინებები.
- რა ფუნქცია აკისრია ლიქვორს?
- ცერებროსპინალურ სითხეს მრავალმხრივი ფუნქცია აქვს:
იცავს ტვინს მექანიკური ზემოქმედებისგან;
ასრულებს ამორტიზატორის როლს გარეგანი ზემოქმედებისას, შერყევისას, ოსმოსური წნევის ცვლილებისას;
შუამავალი რგოლია სისხლსა და ტვინის ქსოვილს შორის, კვებავს ტვინს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.
ტვინი იღებს ინფორმაციას და შემდეგ მთელ ორგანიზმს თავისებური იმუნოლოგიური ბარიერის საშუალებით მართავს. ლიქვორის ცირკულაციისა და საერთო ოდენობის ცვლილება გარკვეულწილად ჰემატოენცეფალური ბარიერის ცვლილებას იწვევს, ამ ბარიერის დარღვევას კი ინფექციური და სხვა დაავადებების დროს ტვინის დაზიანებამდე მივყავართ.
- რამდენია ლიქვორი ადამიანის ორგანიზმში?
- ამ სითხის ოდენობა ასაკის მიხედვით იცვლება. მაგალითად, ახალშობილობის პერიოდში მისი ოდენობა 15-20 მლ-ს არ აღემატება, 1 წლის ასაკში - 35 მლ-ს, მოწიფულ ასაკში - 120-150 მლ-ს, თუმცა ზოგიერთი დაავადების დროს შესაძლოა 800-1000 მლ-მდე მოიმატოს.
- როდის ირღვევა ლიქვორის მიმოქცევა?
- ლიქვოროდინამიკის დარღვევას იწვევს თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება, ნეიროინფე-ქცია, მათ შორის - მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი, ასევე - თანდაყოლილი პათოლოგიები და სხვა.
მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი
- მენინგიტი უპირატესად თავის ტვინის რბილი გარსის ანთებაა, ენცეფალიტი კი - თვითონ თავის ტვინის ქსოვილისა, ამიტომ, თუმცაღა მენინგიტი უფრო ხშირად გვხვდება, ენცეფალიტი უფრო მძიმედ მიმდინარეობს. არის შემთხვევები, როდესაც ანთება ტვინის გარსთან ერთად ტვინის ქსოვილსაც მოიცავს. ამ პროცესს მენინგოენცეფალიტი ეწოდება.
- რა იწვევს მენინგიტს?
- ვირუსები, ბაქტერიები. ვირუსთაგან უმთავრესად - ენტეროვირუსი, ადენოვირუსი, ჰერპესვირუსი, გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსით გამოწვეული მენინგიტიც და ენცეფალიტიც მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროს თავის ტვინის ქსოვილსა და გარსში სისხლჩაქცევები ჩნდება, ამიტომ დაავადებას ჰემორაგიულ მენინგოენცეფალიტს უწოდებენ. რაც შეეხება ბაქტერიებს, 4-5 წლამდე ასაკის ბავშვებს ყველაზე მეტად ჰემოფილუსი ემტერება, მათზე მოზრდილებს კი - მენინგოგოკოკი ან პნევმოკოკი. პნევმოკოკი ტვინის გარსში შეიძლება ყურის ჩირქოვანი ანთებითი კერიდან მოხვდეს. მენინგიტს იწვევს სტაფილოკოკიც, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში. მენინგიტი შესაძლოა ჩვეულებრივი მწვავე რესპირაციული ინფექციით დაიწყოს. ამ ფონზე იმუნური სისტემის დასუსტება ზოგჯერ ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებს ააქტიურებს, რასაც ჩირქოვანი ანუ ბაქტერიული მენინგიტის განვითარება მოჰყვება.
- როგორ ვრცელდება დაავადება?
- მენინგიტის გამომწვევი ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. მენინგოკოკიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ხოლო ჰემოფილური სტაფილოკოკი და სხვა ბაქტერიები ტვინის გარსამდე უმთავრესად ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერიდან აღწევენ ლიმფის, სისხლის ან ნერვის ირგვლივი ქსოვილის მეშვეობით.
- როგორია დაავადების კლინიკური სურათი?
- ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტი კლინიკურად ერთნაირად მიმდინარეობს: ავადმყოფს ეუფლება საერთო სისუსტე, მოთენთილობა, უხალისობა, სტკივა კუნთები, ეწყება თავის ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება. თავის ტკივილის გაძლიერებას მოსდევს პირღებინება - დღე-ღამეში 3-4-ჯერ. სხეულის ტემპერატურამ პირველ დღეს შესაძლოა მხოლოდ 38 გრადუსამდე მოიმატოს, მაგრამ მეორე-მესამე დღეს 39 გრადუსს აღწევს. ამრიგად, ვითარდება მენინგიტისთვის დამახასიათებელი ტრიადა:
მაღალი ცხელება;
ღებინება;
თავის ტკივილი.
მენინგიტიანი ავადმყოფები, განსაკუთრებით - ბავშვები, წვანან დამახასიათებელ პოზაში, რომელსაც მეძებარი ძაღლის პოზას უწოდებენ: ქალასშიგა წნევის მომატების გამო თავი უკან აქვთ გადაგდებული, ფეხები - მუხლსა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში მოხრილი, კისრის კუნთები - დაჭიმული. უჭირთ თავის წამოწევა, რომ ფეხის თითებს შეხედონ. არსებობს სხვა სპეციალური ნიშნებიც, რომელთაც ექიმი გასინჯვისას გამოავლენს. ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტის დროს, მსგავსი კლინიკური სურათის მიუხედავად, თავ-ზურგტვინის სითხის შემადგენლობა განსხვავებულია. სწორედ მისი გამოკვლევაა აუცილებელი დიაგნოზის დასაზუსტებლად და მართებული მკურნალობის ჩასატარებლად.
- განსხვავებულია თუ არა კლინიკური სურათი ტუბერკულოზური მენინგიტის დროს, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არცთუ იშვიათია?
- ტუბერკულოზური მენინგიტი შემპარავად იწყება. კლინიკური ნიშნები თანდათანობით ვითარდება. ლუმბალური პუნქციით მიღებული თავ-ზურგტვინის სითხე, ისევე როგორც ვირუსული მენინგიტის დროს, გამჭვირვალეა, ასე რომ, მისი თავდაპირველი შეფასებისას შესაძლოა ვირუსული ანთება ვიეჭვოთ, მაგრამ 2-3 დღეში ვითარდება ტუბერკულოზური მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა: სიელმე, ქუთუთოების დაშვება, სახის ნერვის დამბლა და ამ ფონზე - მკაფიოდ გამოხატული მენინგოკოკური ნიშნები. ლიქვორში მომატებულია ცილები (1-3გ/ლ), საგრძნობლად დაქვეითებულია შაქარი (0,1გ/ლ) და ქლორიდები.
- მცირე ასაკის ბავშვებში გრიპის მძიმე ფორმა ხშირად მენინგიტის მსგავს კლინიკურ ნიშნებს იწვევს. როგორ ხდება დიფერენცირება?
- გრიპის ტოქსიკური ფორმის დროს, რომელსაც თან სდევს მენინგოკოკური და ენცეფალური მოვლე-ნები, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლიქვორის ცვლილებებს. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ მენინგიზმზე, როგორც სიმპტომოკომპლექსზე ანუ მენინგიტისთვის დამახასიათებელ ნიშანთა ერთობლიობაზე და არა თვით მენინგიტზე. ამ დროს თავ-ზურგტვინის სითხე ნორმალურია. ლუმბალურ პუნქციას ასეთ შემთხვევაში აქვს როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო დანიშნულება: ცერებროსპინალური სითხის გამოშვება მომატებულ ქალასშიგა წნევას აქვეითებს და პატარა პაციენტი შვებას გრძნობს.
- რა იწვევს ენცეფალიტს? როგორ ვლინდება ის?
- ენცეფალიტი ტვინის ქსოვილის ინფექციური, ალერგიული ან ტოქსიკური აგენტით დაზიანებაა. გამომწვევის კვალობაზე, განასხვავებენ პირველად ინფექციურ-ალერგიულ (წითელას, წითურას, ყბაყურას ფონზე ან ვაქცინაციის შემდგომ), მიკრობულ და რიკეტსიულ ენცეფალიტს. დისტროფიული ცვლილებები თავს იჩენს ნერვული უჯრედების მეორეული დაზიანებისას, რასაც ჰემო- და ლიქვოროდინამიკის დარღვევა იწვევს. ენცეფალიტის დასაწყისი მწვავეა. ტემპერატურა მაღალ ციფრებამდე იმატებს. მენინგეალურ ნიშნებს ერთვის კრუნჩხვა, რომელსაც ცვლის მივარდნილობა, ძილიანობა. მოგვიანებით ვითარდება დამბლა.
- როდის მიმართავენ ლუმბალურ პუნქციას და რას გვაძლევს ეს გამოკვლევა?
- თავ-ზურგტვინის სითხის აღებას ორი - დიაგნოსტიკური და სამკურნალო - დანიშნულება აქვს, თუმცა მისი ჩატარების მიზანშეწონილობა ინდივიდუალურად, ვითარების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, განსაკუთრებით - ენცეფალიტის დროს. კრუნჩხვისას სიფრთხილეა საჭირო, რათა წნევის სწრაფი დაქვეითების გამო ტვინის ჩაჭედვა არ მოხდეს. მენინგიტის დროს პუნქცია ორგანიზმს ჭარბი სითხისგან განტვირთავს. პუნქციის მეშვეობით ვადგენთ მენინგიტის გამომწვევს: ვირუსული მენინგიტის დროს სითხე გამჭვირვალეა, გადმოდის წნევით, ნაკადურად; ბაქტერიული ანთებისას სითხე შემღვრეულია, გადმოდის სქელ წვეთებად. ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში გამომწვევის დასადგენად სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაა საჭირო. თუ ვირუსულ მენინგიტს ვეჭვობთ, სითხეს ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში ვიკვლევთ, სადაც ვახდენთ გამომწვევის იდენტიფიკაციას. დღეს ყველაზე პრობლე-მურია ჰერპესვირუსული წარმოშობის მენინგიტი. ის მეტად მძიმედ მიმდინარეობს და ინტენსიურ მკურნალობას მოითხოვს - ინიშნება ანტიჰერპესვირუსული პრეპარატი ზოვირაქსი ვენაში 2-3 კვირის განმავლობაში. სხვა ვირუსების შემთხვევაში ტარდება ინტენსიური ინფუზიური თერაპია - ვენაში წვეთოვანი გადასხმები ვირუსის უვნებელსაყოფად. ბაქტერიული მენინგიტის დროს ინიშნება უშუალოდ გამომწვევის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი: მენინგოკოკის დროს - პენიცილინი, როცეფინი, პნევმოკოკის დროს - ფართო სპექტრის ცეფალოსპორინები. ამასთანავე, 3-5 დღის განმავლობაში ტარდება ინტენსიური გადასხმა ვენაში. ვირუსული პათოლოგიის შემთხვევაში გამოჯანმრთელებას 12-14 დღე სჭირდება, ბაქტერიულის დროს - 16-20, თუმცა ეს მეტად პირობითი მაჩვენებელია. ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, სიმძიმეზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებსა და სხვა ფაქტორებზე. მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ საჭიროა განმეორებითი კონსულტაცია, რათა ექიმმა ნება დართოს პაციენტს, ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდეს.
მენინგიტს - პრაქტიკულად არა, ენცეფალიტს კი ახასიათებს ნარჩენი მოვლენები, რომლებიც უფრო ხანგრძლივ მკურნალობასა და რეაბილიტაციას მოითხოვს, ამიტომ პაციენტმა ენცეფალიტის გადატანის შემდეგ მჭიდრო კავშირი უნდა იქონიოს ნევროლოგსა და ინფექციონისტთან.
mkurnali.ge