EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მოვლილი ხელები »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: admin

თარიღი: 2013-01-28 18:54:10

 

როგორ მოვუარო ხელებს, რომ მომხიბვლელობა არ დაკარგოს? ქალების უმრავლესობას ხომ ყოველდღე უამრავი საოჯახო საქმის გაკეთება უხდება, ხელები კი ყველას თვალში ხვდება. შევამჩნიე, რომ მამაკაცებს არ სიამოვნებთ, როცა ქალს ხელები მოუვლელი აქვს.
 
 
როდესაც მამაკაცი ქალის მომხიბვლელ ხელებზე საუბრობს, გულისხმობს ხელის მტევნებს - რბილ და ნაზ ხელისგულებს, თხელ თითებს, ფაქიზად მოვლილ ფრჩხილებს. ხელის მოძრაობაც ბევრი რამის მთქმელია - მან შეიძლება შეგაჩეროს ან მიგიპატიჟოს, მიგიზიდოს... დაკვირვებული თვალისთვის ქალის ხელები მრავალი საიდუმლოს გასაღებია - მათ მიხედვით შეიძლება ამოვიცნოთ ასაკი, ჯანმრთელობის პრობლემები...
 
ხელების მდგომარეობისა და მათზე ასხმული სამკაულების მიხედვით შეიძლება ქალის სოციალური სტატუსიც კი დავადგინოთ. ქალებმა კარგად იციან, რამდენს ნიშნავს ლამაზი ხელები. მათი სახის, ფიგურის, ჩაცმულობის შეფასებისას მამაკაცებს არც ხელები ავიწყდებათ. ქალი კი არ სჯერდება თავის ბუნებრივ მომხიბვლელობას, ცდილობს გაიუმჯობესოს ნაკვთები, შეალამაზოს... მაგრამ მისმა სურვილმა შესაძლოა მოულოდნელი, უსიამოვნო შედეგი გამოიღოს.
 
 
მანიკიური
ამ პროცედურას ყველა ქალი რეგულარულად ატარებს. ზოგი - დამოუკიდებლად, ზოგი კი მანიკიურის ოსტატს მიმართავს. თუმცა ინფექციის შეჭრის ალბათობა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს. ინფექცია კი დაავადებას იწვევს, რომელსაც პარონიქია ეწოდება. პარონიქია ნუნის ანთებაა. ნუნიდან ფრჩხილზე თხელი კანი გადადის, რომელსაც კუტიკულას უწოდებენ. ის მჭიდროდ ეკვრის ფრჩხილს. მანიკიურის დროს სწორედ კუტიკულას ვიჭრით. ამისთვის ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდს, როგორც ფიზიკურს (დარბილება და მაკრატლით ამოჭრა), ისე ქიმიურს (სპეციალური ნივთიერებით დადნობა). ნუნის სათუთი კანი ორივე შემთხვევაში ზიანდება, დაზიანებულ კანში კი ინფექცია იოლად აღწევს. თუ იმუნური სისტემა სუსტია, ორგანიზმი ვერ უმკლავდება ინფექციას და ანთებითი უბანი ჩირქდება. თუ მკურნალობა დროულად არ დავიწყეთ, ანთება ქრონიკულ ფორმას მიიღებს. ანთებითმა პროცესმა შესაძლოა ფრჩხილის დეფორმაცია გამოიწვიოს. იშვიათად ჩირქი ძვლამდე აღწევს. უმძიმეს შემთხვევაში საქმე შესაძლოა ამპუტაციამდეც კი მივიდეს. როგორ მოვიქცეთ, ინფექცია თავიდან რომ ავიცილოთ? უპირველეს ყოვლისა, მანიკიური სუფთა ინსტრუმენტებით უნდა გაკეთდეს. პროცედურა კი სპეციალისტს ანდეთ. თუ ნუნის ტრავმას მაინც ვერ გადაურჩით, ჭრილობა ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავეთ ან ზედ გაზავებული სპირტიანი ნახვევი დაიდეთ. თუ პროცესი არ შეჩერდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სახვევები, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მკურნალობის საწყის ეტაპზე თუ გამოგადგებათ. დაჩირქების შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
 
 
ფრჩხილები
ხელოვნურ ფრჩხილებს ბევრი უსიამოვნება მოაქვს. მათი ხშირი ხმარება ბუნებრივ ფრჩხილებს აზიანებს - ფირფიტა დეფორმირდება, კანში ჩაიზრდება და ქრონიკულ ანთებას იწვევს. თუ ვერც ამან გადაგაფიქრებინათ ხელოვნური ფრჩხილების ხმარება, იშვიათად მაინც გამოიყენეთ. როცა მშვენიერი ხელებით ყველას მოხიბლავთ, მოიხსენით. გარდა ამისა, გრძელი ფრჩხილი შეიძლება რაღაცას წამოსდოთ და მოგძვრეთ. ვინაიდან ხელოვნური ფრჩხილი მჭიდროდ ეკვრის ბუნებრივს, ზოგჯერ მას საკუთარი ფრჩხილიც მიჰყვება. დამეთანხმებით, ეს ძალიან მტკივნეულია.
 
 
ბეჭდები
ტრავმატოლოგიაში არსებობს გამოთქმა - "ბეჭდის ტრავმა". ზოგჯერ ბეჭედი ძალიან მჭიდროა და თითზე პრაქტიკულად არ მოძრაობს. არის შემთხვევები, როცა ადამიანი სწრაფი მოძრაობისას (სირბილის, ჩამოხტომის, ჩამოვარდნის დროს) რაიმეს ბეჭდით გამოედება. ბეჭედი, რომელიც თითზეა წამოცმული, მთელი სხეულის შეკავებას ვერ ახეხებს და უკეთეს შემთხვევაში თითი გადაგექლიტებათ, უარესში კი მოგწყდებათ. ტრავმა ძალიან მძიმეა, თან ახლავს შოკი. ბეჭედი სხვა პრობლემებსაც იწვევს: ზოგჯერ მიზეზთა გამო რბილი ქსოვილები დიდდება, ბეჭედი მჭიდროდ ეკვრის თითს, სისხლძარღვებს აწვება და სისხლის მიმოქცევას არღვევს. თითი ლურჯდება და თუ დროზე არ მიხედეთ, განგრენა ვითარდება. დაიმახსოვრეთ: თუ რამე ისეთი შეგემთხვათ, რამაც შეიძლება ხელის შესივება გამოიწვიოს (იღრძეთ, გაიკაწრეთ, დაიწვით, მწერმა გიკბინათ), მაშინვე მოიხსენით ბეჭდები, განსაკუთრებით - ღამით. ძილის დროს შესივებას ვერ იგრძნობთ, დილით კი შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თითი გაყინულია და უგრძნობი. გაფრთხილებული ხართ, ესე იგი ხართ დაცული. მეტისმეტად ნუ გაგიტაცებთ მისწრაფება, გახდეთ უფრო ლამაზი. დახედეთ თქვენს ხელებს - ისინი მშვენივრად გამოიყურება.