EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მთვარის ზედაპირზე პოლარულ რეგიონებში წყლის ყინულის არსებობის პირდაპირი მტკიცებულება »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: lolipop
თარიღი: 2018-09-03 10:09:37
„მთვარის ზედაპირზე პოლარულ რეგიონებში წყლის ყინულის არსებობის პირდაპირი მტკიცებულება" - ამ სათაურით ორშაბათს გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში, ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მთვარეზე ყინულის არსებობა დაასაბუთეს. კვლევები ადასტურებს, რომ წყლის ყინული ორივე პოლუსზეა, როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ პოლუსზე.
სამხრეთ პოლუსზე ყინულის უმეტესი ნაწილი კრატერებშია კონცენტრირებული და შესაბამისად, მეტი სიღრმე აქვს. ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულის ფართობი ზედაპირზე უფრო იზოლირებულად არის გაფანტული და სიბრტყეზე გაშლილილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყინული უძველესი ხანის უნდა იყოს.
მთვარეზე წყლის ყინულის არსებობის დამტკიცება დაახლოებით 10 წლის წინ გადაღებული მასალის ხელახალი, დეტალური ანალიზის შედეგად გახდა შესაძლებელი. მასალა დედამიწაზე ინდურმა თანამგზავრმა სახელად “ჩანდრაიან-1” 2008-09 წლებში გამოაგზავნა. აჟიოტაჟი მთვარეზე გაყინული წყლის არსებობაზე თანამგზავრის გაგზავნისთანავე ატყდა, მაგრამ უტყუარი მტკიცებულებების მიღება მეცნიერებმა მხოლოდ ახლა, თითქმის 10 წლის შემდეგ შესძლეს.
წყლის ყინულის არსებობაზე აქამდეც საუბრობდნენ პლანეტა მარსზე, მერკურის ჩრდილოეთ პოლუსზე და ჯუჯა პლანეტაზე ცერერა. თუმცა, მთვარის ყინული სხვა ციურ სხეულებზე დადასტურებულად არსებული ყინულისგან, თვისობრივად განსხვავდება. მეცნიერები ამ ფაქტს დედამიწის თანამგზავრის ფორმირების და ევოლუციის უნიკალური პროცესით ხსნიან.
მთვარის სხვადასხვა რეგიონის ზედაპირის სპექტრული შესწავლა აჩვენებს, რომ წყალი ძირითადად მის მუდმივად ჩრდილოვან ნაწილშია კონცენტრირებული და გაყინული. ჰაერის ტემპერატურა მთვარის ამ რეგიონების ზედაპირზე მინუს 157 გრადუსზე მაღლა არასდროს ადის.
მთვარეზე სიმხურვალე დღის განმავლობაში შეიძლება ზოგან 100 გრადუსს აღწევდეს, რაც გაყინული წყლის არსებობას თანამგზავრის ამ ნაწილში გამორიცხავს. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ციური სხეული ღერძიდან დაახლოებით 1.54 გრადუსით გადახრილია, რის გამოც პოლუსების ზოგიერთ ნაწილში დღის სინათლე თითქმის არასდროს აღწევს. ეს კი წყლის ყინულის ხანგრძლივად და სტაბილურად შენარჩუნებას უწყობს ხელს.
კვლევის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS), რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გამოსცემს. ნაშრომზე რამდენიმე სამეცნიერო დაწესებულება მუშაობდა, მათ შორის: ნასა - შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო; ასევე: ბრაუნის, კალიფორნიის, ჰავაის და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტები.