EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ოზურგეთი — ქალაქი გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Demien

თარიღი: 2018-12-07 19:32:28

ოზურგეთი — ქალაქი გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი

ozurgeti

ოზურგეთი — ქალაქი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი, გურიის ისტორიული ცენტრი. წყაროებში პირველად იხსენიება 1578 წელს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები. საავტომობილო გზებით უკავშირდება ურეკს, ჩოხატაურს, ლანჩხუთს, ქობულეთს. სარკინიგზო ხაზით უკავშირდება სადგურ ნატანებს. მანძილი თბილისამდე 313 კმ., ქუთაისამდე 90 კმ, ბათუმამდე 57 კმ, ფოთამდე 45 კმ. შავი ზღვის სანაპირომდე 18 კმ, ზღვის დონიდან 50 მ.
 
გეოგრაფია
 
ოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 50 მეტრზე. ქალაქი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გაშლილია 7 კილომეტრზე. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,3 °C. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიედინება (ბაზრისწყალი, აგიდაყვა, სკურჩა, შხვარაშხურა და სხვ.). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები მოიდანახე და სერი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ექადიის გორაკი.
 
ქალაქი სამი ტერასიდან შედგება, ქვედა ტერასაზე ძირითადად სავაჭრო დაწესებულებებია, აქ არის ბაზარი, ისტორიული საპარასკევო, სადაც პარასკეობით ბაზრობები იმართებოდა. შუა ტერასაზე კონცენტრირებულია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, თეატრი, გალერეა, მუზეუმი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების შენობები. ზედა ტერასაზე, ძირითადად, საცხოვრებელი უბნებია (ზვანი, მოიდანახე, სერი). ქალაქის უკიდურეს სამხრეთით არის უბნები, რომლებიც ადრე ცალკე სოფლებს წარმოადგენდნენ და მოგვიანებით გახდნენ ქალაქის ნაწილი ექადია, ხოლო კიდევ უფრო სამხრეთით, გორაკზე ყოფილი დაბა ანასეული.
 
ქალაქის უბნები
 
მოიდანახე
მოიდანახე ოზურგეთის ჩრდილოეთით, შემაღლებულ სერზე მდებარე უბანია და მისი სახელის შემადგენელი ნაწილიცაა, რადგან ოზურგეთი გაშენებულია ორ ზურგს, მოიდანახესა და სერს შორის. მოიდანახეს ჩრდილოეთიდან სოფლების, ოზურგეთისა და მელექედურისაგან საზღვრავს მდინარე ნატანები. გადმოცემის თანახმად გურიელის ერთ-ერთ მოურავს ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტყეში დიდი ზომის გარეული კამეჩი მოუკლავს და გურიელისთვის მოუხსენებია, რაც მთავარს არ დაუჯერებია და მოურავს უპასუხია „მოი და ნახეო“. 1930-იანი წლებიდან მოიდანახე ქალაქის ნაწილი გახდა.
 
ბასრა
ბასრა მდებარეობს მდინარეების ბჟუჟისა და აჭისწყლის შესართავთან, მის აღმოსავლეთით. თავდაპირველად ბასრა წარმოადგენდა სოფელ ექადიის უბანს. ბასრაში დასახლებული იყვნენ ნაკაიძეები, რის გამოც მისი ერთი ნაწილი ნაკაიძეების უბნად იწოდება. ბასრაში ჩამოდის მცირე მდინარე აგიდაყვა. ბასრას ერთ-ერთი უბანია ნასიმაგრევი. XX საუკუნეში ბასრის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაემატა სოფელ მაკვანეთის ტერიტორიას. ხოლო დარჩენილ ნაწილს ეწოდა ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა.
 
ექადია
ექადია ქალაქის სამხრეთით, მდინარე ბჟუჟის მარცხნივ მდებარეობს. ექადია წარმოადგენს გორაკს, რომელიც ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილს გადაჰყურებს. ექადია წარმოადგენდა ერთ თემს სხვა სოფლებთან (ბასრა, გოშველი, ანასეული, ჯაგვასოული, ვაშტიალი, ლაითური და სხვ) ერთად. 1930-იანი წლებიდან ის შეუერთდა ქალაქ ოზურგეთს. 1960 წელს დაიგეგმა ექადიაზე ტყე-პარკის გაშენება. 1971 წელს ტყე-პარკი საჰაერო-საბაგირო გზით დაუკავშირდა ქალაქის ცენტრს.
 
ანასეული
ანასეული ოზურგეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთი უბანია. მდებარეობს ზღვის დონიდან 460 მ. თავდაპირველად ანასეული წარმოადგენდა სოფელს. 1930 წელს დაარსდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მოგვიანებით აშენდა ჩაის ფაბრიკა და ანასეული შევიდა ქალაქის შემადგენლობაში.
 
სერი
სერის უბნის სახელწოდება გამომდინარეობს მისი რელიეფური მდებარეობიდან. სერს სამხრეთიდან მდინარე ბჟუჟი, ჩრდილოეთიდან კი მდინარე ნაბჟუარა ჩამოუდის. ის წარმოადგენს გაგრძელებული ფორმის ბორცვს, რომელიც სოფელ კვირიკეთიდან ვაკობით იწყება და გრძელდება ექადიის მოპირდაპირე მხარემდე. სერი ქალაქის ისტორიული უბანია, აქ იდგა გურიელების სასახლე, იტალიელი მისიონერების სკოლა, სერზეა აღმოჩენილი მახარაძის განძი, გრიგოლ გურიელის სახლი, აქვე იდგა წმინდა მარინეს ხის ეკლესია ხოლო საბჭოთა პერიოდში გაშენებული იყო „ხუნდაძის ბაღი“.
 
სახელწოდება
 
სახელწოდება პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნეში ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრებაში“. ოზურგეთს აგრეთვე იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი.
 
ქალაქის სახელის წარმოშობის ორი გავრცელებული ვერსია არსებობს. ხალხური გადმოცემის თანახმად ის წარმოიშვა დასახლების ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე სერების, მოიდანახესა და ექადიას (ან სერის), გამო, რომლებიც ქალაქის ზურგის ფუნქციას ასრულებდნენ (ორ-ზურგ-ეთი). მოსე ჯანაშვილისა და თედო სახოკიას თანახმად ოზურგეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია, სადაც მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). სახოკიას მიხედვით, ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მტერთან, ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის სახელწოდება.
 
ისტორია
 
ოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში. ის პირველად ნახსენებია ახალი ქართლის ცხოვრებაში XVI საუკუნეში 1578 წლის მოვლენების აღწერისას:
 
„მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭია დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრო“
 
გვიან შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის ცენტრად, მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქად და მთავრების რეზიდენციად იქცა. ოზურგეთში ვაჭრობის განვითარებას ქალაქში აღმოჩენილი მონეტების განძი, ვერცხლის 270 მონეტა, რომელიც ოზურგეთის განძის სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდის ოზურგეთი აღწერილი აქვთ იტალიელ მისიონერებს დონ კრისტოფორო დე კასტელს, ანტონიო ჯარდინას, კლიმენტო გალიანოს, რომლებიც 1628-1654 წლებში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ კავკასიაში და 7 წელი ცხოვრობდნენ ოზურგეთში. უკვე XVII საუკუნეში დასტურდება ქალაქში ციხე-სიმაგრის არსებობა. ქაიხოსრო I გურიელი, რომელმაც 1660 წელს დაამარცხა შუა გურიაში შეჭრილი ვამეყ დადიანის ლაშქარი, ერთ-ერთ საბუთში წერს:
 
მოვედით ოზურგეთს, სასახლეში გამაგრდნენ ისინი, დავესხით თავსა...მეორე დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ“
 
ოზურგეთს იხსენიებს ბატონიშვილი ვახუშტი: „ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა“. გურიის უკანასკნელი მთავარმა მამია V გურიელმა ოზურგეთში, სადაც მშვენიერი სასახლე აუშენებია. როცა გურიის სამთავრო გაუქმდა, ეს სასახლე საშინლად გაოხრებული ყოფილა და შეკეთებას საჭიროებდა. დიმიტრი ბაქრაძე წერსდა „ოზურგეთი ჰავის მიხედვით გურიის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. როგორც ცნობილია, იგი გურიის მთავართა საზამთრო რეზიდენცია იყო. მათი ყოფილი სასახლე ახლა ლაზარეთს უჭირავს“. მამია გურიელის აშენებული სასახლე შემორჩენილი არ არის, მისი ნაშთები შეიწირა კულტურის სახლის მშენებლობამ. შემორჩენილია მხოლოდ სასახლის აბანოები.
 
მეფის რუსეთის დრო
 
მეცხრამეტე საუკუნის დამდგეს ქალაქის მოსახლეობა იყო 1766 კაცი. 1831 წელს ოზურგეთში გაიხსნა საბაჟო. ქალაქად გამოცხადდა 1846 წლის 14 დეკემბერს. 1847 წლის კავკასიის კალენდარში ოზურგეთი უკვე ქალაქდ მოიხსენიება. სამაზრო ცენტრის სტატუსმა და სამხედრო დასახლებამ გაზარდა მისი მნიშვნელობა. მოეწყო სამხედრო ჰოსპიტალი და აფთიაქი, ვაჭრობაზე კონტროლის გამკაცრების მიზნით სოფელ დვაბზუდან ოზურგეთში გადაიტანეს ბაზარი. 1848 წელს ოზურგეთში გადაიტანეს ორი წლით ადრე ჯუმათში გახსნილი გურიის სასულიერო სასწავლებელი. 1850 წლის 21 თებერვალს გაიხსნა ოზუგეთის სამაზრო სასწავლებელი. შემდეგ საქალაქო ერთკლასიანი და სამრევლო სკოლა. 1850 წლისთვის ქალაქში 170 მდე ხის სახლი იდგა და ოდნავ ნაკლები ჯიხური. 1857 წელს ოზურგეთი, როგორც სტრატეგიული პუნქტი, მოიხსენია კარლ მარქსმა თავის სტატიაში „მდგომარეობა რუსეთ-თურქეთის ომში მოქმედებათა ასპარეზზე“. 1865 წლისთვის ოზურგეთის მოსახლეობა შეადგენდა 2289 სულს.
ოზურგეთის შესახებ ცნობები აქვს დაცული პრუსიის სამეფოს პრინცს ალბრეხტ ჰოჰენცოლერნს, რომელიც გურიაში მოგზაურობდა 1862 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე. XIX საუკუნეში ოზურგეთში მოგზაურობდნენ და აღწერეს დიუბუა დე მონპერემ (1833), დიმიტრი ბაქრაძემ (1874), სერგი მესხმა [1878), თედო სახოკიამ (1896) და მარჯორი უორდროპმა. 1870-იან წლებში ოზურგეთი სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის განმავლობაში. 1870-იან წლებში ქალაქის ერთ-ერთი უბანი ეჭირათ ლაზებს, რომლებიც ვაჭრობას მისდევდნენ. 1874 წლისთვის ქალაქის ცენტრში იდგა ორი მართლმადიდებელი ეკლესია ხის გუმბათებით ერთი ქართული, წმინდა მარინეს სახელობისა, ერთი რუსული. 1883 წელს ქალაქში აღრიცხული იყო 151 სავაჭრო ობიექტი, 4 წისქვილი, აგურის 2 ქარხანა, ღვინის ერთი საწარმო. 1888 წელს ოზურგეთში იდგა 258 სახლი.
 
1889 წელს ოზურგეთში სტამბის გახსნის ნებართვა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის შუამდგომლობით გასცა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა. 1891 წელს დაარსდა პირველი ლეგალური სტამბა ოზურგეთში. ეს იყო საქართველოში რიგით მეოთხე ქალაქი, სადაც სტამბა გაჩნდა. 1896 წელს შემოღებული იქნა ქალაქის თვითმმართველობა. 1896 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 4710 სულს. 1911 წელს მოსახლეობის რაოდენობა 7341 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 1917 წლისთვის — 5174 ადამიანს.
 
XIX საუკუნეში ქალაქის ცენტრში არსებულ ბაღში მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გაშენდა იზაბელას საცდელი ნერგები. იმავე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის დღესასწაულის „ალეგროს“ აღნიშვნა, რომელიც ტრადიციად იქცა და 1941 წლამდე აღინიშნებოდა. 1914 წელს ოზურგეთში გერმანე გოგიტიძემ გახსნა მისივე თანხებით აშენებული თეატრი 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა.
 
1920 წელს სექტემბერში დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიპატიჟებით ოზურგეთს ეწვია მეორე ინტერნაციონალის ევროპელი ოპორტუნისტების ლიდერთა დელეგაციის ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ჰიუსმანსი, სნოოდენი და სხვები.
 
საბჭოთა პერიოდი
 
1922 წელს ქალაქის მოსახლეობა 5526 კაცი იყო. 1923 წლის 26 დეკემბერს ქალაქში შევიდა რკინიგზის ხაზი, რითიც ის დაუკავშირდა სადგურ ნატანებს და ჩაერთო საერთო სარკინიგზო ქსელში. რკინიგზის შეყვანა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქალაქის ისტორიაში. 1926 წელს ქალაში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი მსხვილი საწარმო - აბრეშუმის ძაფ-საღებ საგრეხი ფაბრიკა, მოგვიანებით ამუშავდა ჩაის N1 და ანასეულის ფაბრიკები. 1927 წელს ზვანის უბანში მოეწყო რადიო. იმავე წლის 16 ოქტომბერს ოზურგეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სილიბისტრო თოდრიას მოწვევით ჩავიდა ფრანგი მწერალი ანრი ბარბიუსი. ანასეულში 1930 წელს გაიხსნა რესპუბლიკაში ერთადერთი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 1935 წელს ჩამოყალიბდა სიმებიანი ორკესტრი დ. ვახრამოვის ხელმძღვანელობით. 1937 წელს განახლდა ქალაქის ბაღი, დაირგო ჭადრები, რომელთა მოხაზულობა ქმნიდა ასო „მან-ს“ (მახარაძე).
 
1934 წლის 9 ივლისს ქალაქს, ისევე როგორც მთელს რაიონს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა. 1935 წლისთვის აშენდა აღმასკომის, სახელმწიფო ბანკის და სასტუმროს ორსართულიანი შენობები. 1935 წელს ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის დაიდგა 55 კვტ სიმძლავრის თბისადგური, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას. 1936 წელს დაარსდა მუზეუმი და მუსიკალური სკოლა. მუსიკალური სკოლა ადა შეფერმა და მიხეილ თაყაიშვილმა გახსნეს საკუთარ სახლში, მეგობრობის ქუჩა N18-ში. 1936 წელს ქალაქის მოსახლეობა 11419 ადამიანი იყო. 1938 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ქალაქის წყალსადენი, რომელის გათვლილი იყო 1950 წლამდე მუშაობისთვის. 1939 წლის 16 მარტს გაიხსნა კინოთეატრი „გამარჯვება“. მეორე მსოლიო ომის შემდეგ, 1946 წელს დაიწყო ქალაქი კანალიზაციის სამუშაოები. 1946-47 წლებში შემოიღობა დამოეწყო ნინოშვილის, სტალინისა და ფ. მახარაძის ბაღები, კომკავშირის ხეივანი. 1949 წელს საბოლოოდ მოგვარდა ქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი, მას შემდეგ, რაც მახარაძე ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო.
 
1951-54 წლებში აშენდა რუსულენოვანი სკოლა და ჩაის ტექნიკუმი, 1956 წელს აშენდა ექადიის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული, ხოლო 1958 წელს — ზვანის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა. 1958 წელს ექადიაზე მოწყო ტყე-პარკი1959 წელს დაიწყო ქალაქის გაზიფიცირება. იმავე წელს ამუშავდა რამდენიმე მსხვილი საწარმო - ასკანგელის გადამამუშავებელი ქარხანა (1952-1959), ჩაის N2 ფაბრიკა და ყველ-კარაქის ქარხანა, მოგვიანებით ასევე ლუდისა ხილის საკონსერვო (1970) და რკინა-ბეტონის ქარხნები (1971). 1961 წელს მახარაძეს ეწვია ნიკიტა ხრუშჩოვი. 1965 წელს აშენდა მუსიკალური სკოლის შენობა. 1971 წელს ამუშავდა ანასეულის ტელესარეტრანსლაციო სადგური, ქალაქის ცენტრიდან ექადიის ტყე-პარკამდე გაყვანილ იქნა საჰაერო-საბაგირო გზა.
 
1976-79 წლებში აშენდა 500 საწოლიანი ცენტრალური საავადმყოფო. 1979 წელს ხელახლა ააშენეს ქალაქის სასტუმრო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რკინიგზის სადგურს, აშენდა ცენტრალური ავტოსადგური, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა. 1979 წელს ქალაქის მოსახლეობამ 22 ათასს გადააჭარბა. 1978-80 წლებში ქალაქში აშენდა მაღლივი საცხოვრებელი კორპუსები. 1980 წლის 27 ნოემბერს დაიწყო სატროლეიბუსო მიმოსვლა. 1981 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი (1978-1981), ქალაქში მოეწყო მუსიკალური შადრევანი. 1982 წლის 29 დეკემბერს მახარაძეში იმყოფებოდა მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც დაათვალიერა სახელმწიფო თეატრი და ანასეულის ინსტიტუტი. 1984 წლის 7 ნოემბერს გაიხსნა განახლებული კინოთეატრი „ოზურგეთი“, 1989 წელს გაიხსნა ცენტრალური ბიბლიოტეკა, 4 აპრილს გაიხსნა განახლებული სასტუმრო. ქალაქის აღმოსავლეთ შემოსასვლელში აღიმართა კარიბჭე (არქიტექტორი ვახტანგ ცქიფურიშვილი, მხატვარი ჯემალ ძაგნიძე), რომელზეც გამოსახულია სამი ყაბალახიანი გურულის პორტრეტი.
 
1989 წლის 15 მაისს ქალაქსა და რაიონს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება, მოხდა ფილიპე მახარაძის ძეგლის დემონტაჟი, ქალაქის ცენტრში დაიწყო საკათედრო ტაძრის მშენებლობა. 1990 წლის 21 მაისს ილია ჭავჭავაძის სკვერში დაიდგა ფილიმონ ქორიძის ძეგლი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე).
 
დამოუკიდებლობის შემდეგ
 
1992 წლის 2 ნოემბერს ეთერში გავიდა ტელეკომპანია „გურია“. 1997 წელს გაიხსნა გიორგი სალუქვაძის ჰორელიეფი და ვიქტორ დოლიძის ბიუსტი. ექადიაზე აშენდა ჯვართამაღლების სახელობის ხის ეკლესია. 1998 წელს გაიხსნა ფქვილის მწარმოებელი საწარმო „გულისტანი“. 1998 წელს გაიხსნა დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნის მემორიალი, ხოლო 1999 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი (მოქანდაკე ვასილ მჟავანაძე) და მუზეუმი, გაიხსნა ნოდარ დუმბაძის ბიუსტი. დაინიშნა ჩქაროსნული მატარებელი თბილისი-ოზურგეთი.
 
2009 წელს შეწყდა სატროლეიბუსე მიმოსვლა. 2014-2017 წლებში ქალაქს მუნიციპალიტეტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
 
განათლება
 
ოზურგეთში დაარსებულ პირველად სკოლად მიიჩნევა XVII საუკუნეში გურიაში მყოფი კათოლიკე მისიონერების მიერ დაარსებული სასწავლებელი. ერთ-ერთმა მისიონერმა, ანტონიო ჯარდინამ, რომელმაც ქართულიც იცოდა და ქართული გრამატიკის წიგნიც შეადგინა, მთავრის სასახლის ბაღში დააარსა სკოლა. რომელშიც ასწავლიდნენ გურიელისა და სხვა თავადების კუთვნილ ყმა ბავშვებს, ასევე სკოლაში ბავშვებს აბარებდნენ მამები, რომლებსაც არ შეეძლოთ შვილების სიცოცხლის დაცვა და სკოლაში შეყვანით თავიდან ირიდებდნენ ბავშვების გაყიდვას ოსმალეთში. სკოლა მოქმედებდა 1634 წლიდან 1637 წლამდე, ჯარდინას გარდაცვალებამდე.
 
1848 წელს ჯუმათიდან ოზურგეთში გადაიტანეს გურიის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ამ ფორმით 1917 წლამდე ფუნქციონირებდა. 1878 წელს სასწავლებელმა ადგილსამყოფელი შეიცვალა და გრიგოლ გურიელის ყოფილ სახლში გადავიდა სერის უბანში. სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეები იყვნენ ისიდორე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი (1874-1878), სილიბისტრო ჯიბლაძე (1874-1878), ფილიპე მახარაძე (1878-1884), ნოე ჟორდანია (-1884), აპოლონ წულაძე (1880), სოლომონ ჭეიშვილი (1882), ავქსენტი მეგრელიძე (1885), ფილიპე გოგიჩაიშვილი (1880-1887), ვალერიან კანდელაკი (1891-1892), გიორგი გოგელია (1895), გერასიმე მახარაძე (1889-1895), ნოე რამიშვილი, ვასილ დუმბაძე, კონსტანტინე ლესელიძე (1919-1921). 1917-1936 წლემში მას რამდენჯერმე შეეცვალა ფორმა და სახელწოდება. 1936 წლიდან მოქმედებს, როგორც N1 სკოლა.
 
პირველი სამაზრო სასწავლებელი ქალაქში გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. 1874 წლის პირველ ივლისს სამაზრო სასწავლებელი საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი სწავლა-განათლებისადმი. „წელს ოზურგეთის სასწავლებელში მისაღებად იმდენი ბავშვი მოგროვდა, რომ მთელი ოზურგეთი გააკვირვა“ — წერდა „დროება“ სასწავლებლის მოსწავლეები სხვადასხვა დროს იყვნენ სიმონ გუგუნავა, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი. 1917-1928 წლებში საქალაქო სასწავლებელი განთავსებული იყო დიმიტრი გურიელის სასახლეში. ერთი ნაწილი გადავიდა სასულიერო სასწავლებელში სერზე, ხოლო მეორე ნაწილი თავად გიორგი ნაკაშიძის სახლში. დღეს ფუნქციონირებს, როგორც N2 საჯარო სკოლა.
 
1879 წელს ოზურგეთში გაიხსნა ქალთა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1882 წლის 6 დეკემბერს ორკლასიანი გახდა. სკოლას გურიის ეპისკოპოსი ალექსანდრე აფინანსებდა და მასში ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია ასწავლიდნენ. ამ სკოლაში სწავლობდა ნინო ნაკაშიძე. 1893 წელს გაიხსნა სამრევლო სკოლა. 1895 წლისთვის ოზურგეთში უკვე ოთხი სასწავლებელი იყო. 1900 წელს ზვანში, რომელიც უკვე ქალაქის გარეუბანი იყო, გაიხსნა დაწყებითი, ორკლასიანი სკოლა. ზვანის სკოლის მემკვიდრეა ქალაქ ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა.
 
დღეისთვის ქალაქში არის 5 საჯარო და 2 სამრევლო სკოლა, 8 საბავშვო ბაღი, სამხატვრო, სამუსიკო და სასპორტო სკოლები.
 
კულტურა
ოზურგეთში 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. მათი უმრავლესობა მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდობის თემატიკაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებაზე, ქალთა, ბავშვთა და ინვალიდთა უფლებებზე. ოზურგეთში არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალი. ქალაქში არის ტელეკომპანია „გურია“, რომელიც გურიის მასშტაბით მაუწყებლობს. გამოდის 3 გაზეთი, რომლებიც მთელი მხარის მასშტაბით ვრცელდება. ოზურგეთში მოქმედებს კულტურის რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა, საბავშვო თეატრი, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა.[23]
 
ალეგრო
XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ქალაქის დღესასწაულის „ალეგროს“ აღნიშვნა, რომელიც ტრადიციად იქცა და 1941 წლამდე აღინიშნებოდა ყოველ ოქტომბერში. „ალეგრო”, როგორც სახალხო სანახაობა, საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა ეწყობოდა ლატარია, რომლიდან შემოსული თანხაც მთლიანად საზოგადოებრივ-საქველმოქმედო დანიშნულებით იხარჯებოდა. ქალაქის გარდა, „ალეგრო” სოფლებშიც იმართებოდა და განსაკუთრებით განთქმული იყო ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის , კვირიკეთის „ალეგროები”. ალეგროზე იმართებოდა ცეკვები, სახალხო სეირნობები და სხვ. ტრადიცია მეორე მსოფლიოს ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.
 
თეატრი
მთავარი სტატია : ოზურგეთის დრამატული თეატრი.
ქალაქში მოქმედებს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი.
 
 
ოზურგეთის დრამატული თეატრი
თეატრი დაარსდა 1868 წელს, როდესაც გაიმართა სცენისმოყვარულთა წრის პირველი წარმოდგენა. 1914 წელს ააგეს სათეატრო შენობა. 1921 წელს ოზურგეთში ჩამოყალიბდა სახელმწიფო რევოლუციური დრამატული დასი. 1933 წელს დაიწყო ოზურგეთის თეატრის შენობის მშენებლობა. 1962 წელს თეატრი გადავიდა ახალ, ხუთსართულიან შენობაში. თეატრის შენობა ძველი ბერძნული ტიპის ნაგებობაა და საქართველოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბურია ფილარმონიის შემდეგ. 1968 წელს თეტრმა გადაიხადა არსებობის 100 წლის იუბილე, მას მიენიჭა ალექსანდრე წუწუნავას სახელი. 2005 წელს თეატრი აღიარებულ იქნა კულტურის სამინისტროსა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ როგორც საუკეთესო რეგიონალური თეატრი.
 
მუზეუმი
 
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი
მთავარი სტატია : ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.
ქალაქში არის მუზეუმი. ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, თავდაპირველად მდებარეობდა გურიის გამზირზე, ჰქონდა დათმობილი 3 დარბაზი. 1974-91 წლებში მუზეუმი განთავსებული იყო გურიელის ყოფილი სასახლის შენობაში, რომელიც აგებულია 1873 წელს. 1991 წლიდან გადავიდა ყოფილი სამხედრო დიდების მუზეუმის შენობაში. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.
 
მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური , ეთნოგრაფიული, დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. სულ მუზეუმში 6000 ექსპონატია, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.
 
რელიგია
ქალაქის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქალაქის ცენტრში, ჭადრების ბაღში დგას ღვთისმშობლის სახეობის საკათედრო ტაძარი, ექადიაზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ოზურგეთში არის შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენცია. მოსახლეობის 4% ეროვნებით სომეხია. მოქმედებს სომხური ტაძრი. ქალაქში არის იეჰოვას მოწმეთა მცირე ჯგუფი და მოქმედებს მათი სამეფო დარბაზი.
 
სპორტი
 
ზვანის სარაგბო მოედანი
ოზურგეთში არის მორაგბეთა კლუბი ოზურგეთის არწივები, რომელიც სარაგბო პირველ ლიგაში ასპარეზობს და საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში გამოდის. „მერცხალის“ საუკეთესო წლები 1950-იანი წლების ბოლო და 60-იანი წლების დასაწყისი იყო, როცა კლუბმა საქართველოს სსრ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში რამდენიმეჯერ დაიკავა საპრიზო ადგილი.
 
ქალაქში ორი სტადიონია. სტადიონი მეგობრობა მუნიციპალური საკუთრებაა და მასზე ოზურგეთის მერცხალი თამაშობს. ზვანის საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი კი „ოზურგეთის არწივების“ საშინაო არენას წარმოადგენს. ქალაქში 2007 წელს აშენდა სპორტის სასახლე
 
ოზურგეთში მოქმედებს მუნიციპალური სასპორტო სკოლა. ქალაქში არის ტაიკვანდოს კლუბი „გრიგალი“, საკალთბურთო კლუბი „ბახმარო“, ასევე მძლეოსნობის, კრივის, ჰოკეის, ძიუდოს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ჩოგბურთის შემსწავლელი სკოლები და კლუბები.
 
ღირსშესანიშნაობები
 
დიმიტრი გურიელის სასახლე
ოზურგეთში არსებული ისტორიული ძეგლებიდან უძველესია ოზურგეთის აბანოები. ძველი ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ქალაქის ცენტრში რესტორან „იზაბელას" მშენებლობის დროს. ნაშთები კვლავ გამოვლინდა 2012 წელს, როცა იუსტიციის სახლის საძირკველს თხრიდნენ. სავარაუდოდ ნაშთები ეკუთვნოდეს დიუბუა დე მონპერეს მიერ XIX საუკუნის დასაწყისში აღწერილ გურიელების აბანოს. ისევე როგორც საქართველოში აღმოჩენილი სხვა აბანოები ორ იარუსიანია-ქვედა გასათბობი ადგილი და სააბაზანო. უკეთაა შემორჩენილი ქვედა სართული - გასათბობი. უკეთაა შემორჩენილი ქვედა სართული. ძველი ნაგებობის ნაშთები 400 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი.
 
ქალაქის ცენტრში მდებარეობს ჭადრების ბაღი. მისი გაშენება უკავშირდება შოტლანდიელი აგრონომის, იაკობ მარის, სახელს. ის საქართველოში ჩამოვიდა 1822 წელს; როგორც აგრონომს, მოსწონებია გურიის ბუნებრივი პირობები. ოზურგეთში მან გურიის მთავრის, მამია V გურიელის დახმარებით გააშენა ე.წ. მთავრის ბაღი. ბაღში იშვიათი მცენარეები ისე იყო განლაგებული, რომ იკითხებოდა სახელი „მამია“. ბაღი გაფართოვდა ვორონცოვის მეფისნაცვლობის დროს. იქ დაირგო პირველად ქ. ოდესიდან გურიაში ჩასული ვაზის „იზაბელას“ ჯიში, რომელსაც მერე ,,ადესა“ დაერქვა. საბჭოთა პერიოდში ბაღში გაშენდა ჭადრები, ისე რომ მათი განლაგება ქმნიდა ასო „მ“-ს (მახარაძე). გაშენებიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო ოზურგეთელების თავშეყრის ადგილი. აქ იმართებოდა მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება
 
შემორჩენილია 1873 წელს დიმიტრი გურიელის მიერ აშენებული სასახლე, სადაც ამჟამად შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენციაა. ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენდა ქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველი კორპუსი, რომელიც 2008 წელს დაინგრა.