EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« 24/6 სექტემბერი - წმ. მოციქულთასწორ კოზმა ეტოლიელისა († 1779 წ.) »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2018-12-09 21:23:54

24/6 სექტემბერი - წმ. მოციქულთასწორ კოზმა ეტოლიელისა († 1779 წ.)

კოზმა ეტოლიელი

სოფლის უფროსებო! თუ გადარჩენა გსურთ, ყოველი ქრისტიანი საკუთარი შვილივით უნდა შეიყვაროთ
 
ვინც ერთ ცოდვილს მაინც მოაქცევს, დიდია ღვთის წინაშე, და მით უფრო სათნოა ის, ვისაც მრავალი მოყვასის სულის ხნისთვის გადაუდვია თავი.
 
ღირსი კოზმა გაწეული ღვაწლისთვის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მოციქულთასწორი უწოდა. ღირს მამას არც აფრიკელი ზანგები განუნათლებია და არც ამერიკელი ინდიელები, მან თავის დაბეჩავებულ, მუსულმანთაგან დაკაბალებულ ერს თავისუფლების სული შთაბერა.
 
ღირსი კოზმა ეტოლიის ერთი პატარა სოფლიდან, ძელიცხოვლიდან იყო. მისი მშობლები ღვთისმოშიში ქრისტიანები გახლდნენ და შვილიც ასე გაზარდეს. ოცი წლისა გრამატიკის სასწავლებლად ანანია "დერვიშს" მიებარა, შემდეგ კი სწავლა ათონზე, ვათოპედის მონასტერთან არსებულ სკოლაში განაგრძო, რომელიც იმ დროს მთელი დიდებით ბრწყინავდა. მისი მასწავლებელი წმინდა გრიგოლ პალამა გახლდათ. კოსტასმა (ასე ერქვა ერში) ერისკაცობაშივე დიდი ღვაწლი იტვირთა. როცა ათონის სკოლამ ძველი ღირსება დაკარგა, ფილოთეოს მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა, ღვაწლი კი გააათკეცა.
 
მამებისგან იძულებული, დათანხმდა და მღვდლად დაასხეს ხელი. ღვთის მადლიერებით აღვსილი მღვდელმონაზონი ოსანას უგალობდა უფალს. გონიერ ლოცვას მიცემული, თაბორის ნათელს ჭვრეტდა. მაგრამ რაც უნდა განშორებოდა სოფელს, მის ყურთასმენას მაინც სწვდებოდა სულის შემძრავი მოთქმა თანამემამულეებისა, რომლებიც სასტიკად იტანჯებოდნენ. ამბობდნენ, ყველგან, განსაკუთრებით კი მაკედონიაში, ეპირსა და ალბანეთში, მრავალ ქრისტიანს აწამებენო. მრავალსაც სატანა წარიტაცებდა და თავის სამწყსოს შერთავდა. ადამიანები ქრისტეს ჯვარს უარყოფდნენ და მაჰმადის ნახევარმთვარეს ეთაყვანებოდნენ.
 
მშობელი ერის უბედურების შემყურე გულგრილი როგორ დარჩებოდა. "კოზმა! ერი იღუპება, შენ კი მშვიდად განისვენებ?! აიღე მოციქულებრივი კვერთხი, წადი და უქადაგე მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომა, ანუგეშე ელადელები! ნუთუ ათონის მწვერვალზე მშვიდად ვიჯდები, ამ დროს კი ჩემი მოძმენი ათასნაირ განსაცდელს დაითმენენ? ნუთუ მათ დასახმარებლად არ ვიჩქარებ? ბევრი მამა თავისი წმინდა ლოცვით კაცთა სულებს აქედანაც იხსნის, მაგრამ ნუთუ მე უფრო ქმედით თანადგომას არ გავუწევ მათ? უამრავი ადამიანი დილეგში ჩაუსვამთ.
 
ვინ იცის, როგორ სჭირდებათ თუნდაც ერთი სანუგეშო სიტყვა, ერთი რჩევა, ერთი ცრემლი თანაგრძნობისა... მაგრამ შევძლებ კი მოციქულებრივი ღვაწლის ტვირთვას? მაშინ რაღა ვქნა, თუ ჩემმა საქციელმა სხვებზე ცუდად იმოქმედა? ძალმიძს კი, წინ აღვუდგე სოფლის საცდურს? ჰოი, უფალო, მასწავე მე, რაითა ვიდოდე...", - ამ ფიქრით გატანჯულმა წმინდა სახარება გადაშალა და ღვთისაგან პასუხიც მიიღო: "ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თითოეული" (1 კორ. 10,24). მოციქულის ნათქვამი გულში ნათლის სვეტად ჩაეღვარა. თითქოს სულიწმინდა ეტყოდა: "კოზმა, მხოლოდ შენი სულის განსაცდელებზე ნუ იფიქრებ, იფიქრე შენი ძმების გაჭირვებაზეც. სხვისი უბედურება გაიძულებს, დატოვო შენი განმარტოების ადგილი, აღიღო სამგზავრო კვერთხი და გაუდგე შორეულ გზას სახარების საქადაგებლად".
 
თუმცა წმინდა კოზმა ამ საღმრთო გამოცხადებისთანავე არ გასდგომია გზას. ჯერ სულიერ მამებს დაეკითხა, მერე კი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეწვია და თავისი სურვილი გაანდო. პატრიარქმა წერილობითი ნებართვა მისცა. ასე დაიწყო მოყვასის მსახურება ღირსმა კოზმამ. ვინ იცის, რამდენი ადამიანი ანუგეშა და რამდენს დაუბრუნა უფლის რწმენა. თავის ხალხს ღვთის მოციქულად მოევლინა. მართლაც უდიდესი ძალა ჰქონდა მის სიტყვას. ერთი ასი წლის ბერიკაცს რომ ჰკითხეს, შენი ხანგრძლივი ცხოვრების წლებიდან რა დაგამახსოვრდაო, მიუგო: როცა მცირე ხნით ღირსი კოზმას ქადაგებას მოვუსმინე, მერე კი წმინდა მამას ხელზე ვემთხვიეო.
 
წმინდანის დაუღალავი შრომის წყალობით მხოლოდ ალბანეთში, ძველ ილირიაში, ორასმა ათასმა ქრისტიანმა უერთგულა თავის სარწმუნოებას. მძიმე ხანა იყო XVIII საუკუნე თურქებისგან დამონებული ბალკანეთის ისტორიაში. მუსულმანები ათასნაირი ხერხით ცდილობდნენ ქრისტიანთა დამორჩილებას, გადასახადებსაც უზრდიდნენ. საჭურისები კი ბერძნულ სოფლებში დაძრწოდნენ და სულთნის ჰარამხანისთვის მშვენიერ ქალიშვილებს არჩევდნენ.
 
მძიმე უღელს ვეღარ უძლებდნენ და მთელი სოფლები თავიანთი მღვდლებიანად განუდგებოდნენ ქრისტეს. მცირე აზიის დღევანდელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად, იმ განდგომილ ქრისტიანთა შთამომავალია.
 
სწორედ ამ უნუგეშო დროს შეუდგნენ მოციქულებრივ ღვაწლს წმინდა კოზმა და მისი თანამოაზრე ღვთის რჩეული ბერები. ისინი ხუთნი იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, მღვდელმონაზონი ნაუმი, აწამეს კიდეც ქრისტესმოძულეებმა.
 
წმინდა კოზმა უბრალო და გასაგები ენით ქადაგებდა. შეურყევლად სწამდა მართლმადიდებლობის მაცხოვნებელი ძალისა და ხალხსაც ამასვე ასწავლიდა: "მე ბევრი წამიკითხავს უღმერთო ერეტიკოსებზე, გამოვიკვლიე სიბრძნის სიღრმენი და შევიცანი ჭეშმარიტება: ოდენ მართლმადიდებელი რწმენაა წმინდა და კეთილი. მთავარია, გახსოვდეთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხართ და იტირეთ საცოდავი ერეტიკოსების გამო, რომლებსაც სული ჯოჯოხეთისთვის გაუწირავთ".
 
მუდამ დიდი ხის ჯვრის ქვეშ ქადაგებდა. ამ ჯვარს ადგილობრივი მოსახლეობა მისი სტუმრობისთვის სპეციალურად ამზადებდა. ღირს მამას თან 40-50 მღვდელი დაჰყვებოდა. ქრისტიანს უპირველესად აღსარების თქმასა და ზიარებას სთხოვდა. დაბნელდებოდა და ერთად ლოცულობდნენ შუაღამიანს. უთვალავ სანთელს ანთებდნენ. ამისთვის საგანგებოდ დაამზადებინა დიდი სასანთლეები, რომელთაც დაშლიდა ხოლმე და თან დაჰქონდა. ლოცვის შემდეგ მოიხმობდა მღვდლებს და მცირე ზეთის კურთხევის ლოცვებს წააკითხებდა, დასასრულს კი გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამდა. წმინდა კოზმას მუდამ უამრავი ხალხი დაჰყვებოდა, ორი, სამი ათასი კაცი. ღირსი მამა მათთვის ტომრობით პურსა და კოლიოს ამზადებდა. ლოცვას რომ გაათავებდნენ, მიირთმევდნენ და გარდაცვლილებს მოიხსენიებდნენ.
 
მოყვასის შეჭირვებამ, ღვთის სიტყვის მოსმენის წყურვილმა ათონს მიბრუნებული წმინდა კოზმა აიძულა, ქადაგება განეახლებინა. მისი სიტყვა ადამიანებს გულებს ულღობდა. თვით ყაჩაღებიც კი მოაქცია და ქრისტეს შესძინა. ერთადაც ასწავლიდა ხალხს და სათითაოდაც. ქადაგებისას ხშირად მოიხმობდა მათგან ერთ-ერთს და გაესაუბრებოდა. აინტერესებდა, რამდენად გაითავისეს და საქმით შეასხეს ხორცი ღვთის მცნებებს. მაჩვენეთ, რამდენად ჭეშმარიტია თქვენი სიყვარულიო, - უმეორებდა. არ სურდა, მის ნაქადაგებს უკვალოდ ჩაევლო. ამიტომაც მსმენელებს მოუწოდებდა, მის ნათქვამზე ემსჯელათ. ეს თქვენგან ბოძებული სანუგეშო ჯილდო იქნება ჩემთვისო, - ეუბნებოდა.
 
უზნეობას სახალხოდ ამხილებდა. არ ერიდებოდა და კიცხავდა იმ მდიდრებს, თურქ და ვენეციელ დამპყრობლებთან ერთად საცოდავ ხალხს უკანასკნელ ლუკმას რომ ართმევდნენ. სწორედ ასეთი ადამიანები ავრცელებდნენ ღირს მამაზე ათასგვარ ჭორს. აიძულებდნენ ხელისუფლებას, წმინდა კოზმასთვის ქადაგება აეკრძალა.
 
თავისი ერისთვის რაღა არ მოიმოქმედა ამ დალოცვილმა კაცმა: თურქები დაარწმუნა, გაეთავისუფლებინათ ქრისტიანი ქალები, ძიძებად და მხევლებად რომ აეყვანათ. მუსულმანებს შეახსენებდა, რომ მათივე სარწმუნოება უკრძალავდათ უცხო სჯულის ქალთან ურთიერთობას: "თქვენ ის ხალხი არა ხართ, სულეიმანთან ერთად ბიენისამდე რომ მიაღწია? სად გაქრა ძველი დიდება? თქვენმავე უზნეობამ დაგამდაბლათ და დაგაქციათ. მაშ, შეინანეთ და განიშორეთ ქრისტიანი ქალებიო".
 
მაკედონიაში, ეპირსა და ალბანეთში ტაძრებში ემბაზები არ ჰქონდათ და ბავშვებს სრული წესით ვერ ნათლავდნენ. ღირსმა კოზმამ აღძრა შეძლებული ბერძნები და ოთხი ათასი სპილენძის ემბაზი გააგზავნინა ამ მხარეში. სთხოვდა, გაჭირვებული თანამემამულეებისთვის ქრისტიანული წიგნები, სამკერდე ჯვრები, თავსაფრები და სავარცხლებიც შეეძინათ. წმინდა კოზმა იმ ობლებზეც ზრუნავდა, მრავლად რომ დაეხეტებდნენ ქუჩებში. მშობლები თურქ დამპყრობლებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპვოდათ. წმინდა კოზმა მოუწოდებდა შეძლებულ ადამიანებს, ობოლი ბავშვი ეშვილათ და ამით თავიანთ ოჯახზე ღვთის კურთხევა მიეღოთ. მისი ქადაგების წყალობით უამრავმა ბავშვმა პოვა საიმედო თავშესაფარი.
 
სოფელ-სოფელ სიარულისას წმინდა მამამ შენიშნა, რომ სკოლები არც ერთ მათგანში არ იყო, ხალხს კი ბერძნული ენა ავიწყდებოდა. გულანთებული მოუწოდებდა, სკოლები გახსენით და თუ მშობლები ვერ ისწავლით, შვილებს მაინც ასწავლეთ კარგად ბერძნული ენა, თქვენი ეკლესიის ენაო... უმჯობესია, ბერძნული სკოლები გქონდეთ, ვიდრე წყაროები და მდინარეებიო. მხოლოდ მაშინ გერქმევა ადამიანი, თუ შვილს წერა-კითხვას ასწავლი. სკოლები კი ეკლესიებსა და მონასტრებს გახსნიანო. განსაკუთრებული მონდომებით ალბანეთში იღვწოდა, რომ იქაურ ბერძნებს მშობლიური ენა არ დავიწყებოდათ. იმასაც კი ამბობდა, თუ მართლმადიდებელი პირობას მომცემს, რომ შინ არაბულად არ ილაპარაკებს, მის ცოდვებს, ნათლისღებიდან დღემდე რაც ჩაუდენია, საკუთარ თავზე ავიღებო.
 
წმინდა კოზმამ დაარწმუნა მდიდარი ბერძნები, განსაკუთრებით კი დედაკაცები, ბერძნული სკოლების დასაარსებლად თავიანთი ძვირფასეულობა გაეღოთ. მართლაც, ამ მოწოდებით მარტო ეპირში 210 ელინური სკოლა დაარსდა. იქ აღზრდილი ბავშვები კი 1821 წელს აჯანყდნენ და სამშობლოს ნაწილი გაათავისუფლეს.
 
უფალი არასოდეს განეშორებოდა წმინდა კოზმას და მის სიტყვებს ნიშ-სასწაულებით დაამტკიცებდა. მისი ქადაგების მოსმენითაც კი იკურნებოდნენ.
 
ერთ კუნძულზე ღარიბი მკერავი ცხოვრობდა, რომელსაც მარჯვენა ხელი გახმობოდა. წმინდანთან მივიდა და განკურნება სთხოვა. ქადაგებაზე მოდი და ღმერთი შეგიწყალებსო, - მოუწოდა მან. ასეც მოხდა - სნეული წმინდა კოზმას საუბრის მოსმენისას განიკურნა. ერთი ასეთი შემთხვევაც მოხდა: ვინმე განრღვეულმა იმ ადგილას მიაყვანინა თავი, სადაც წმინდა მამა ქადაგებდა და ღვთის მადლით განიკურნა.
 
ერთხელ წმინდა კოზმამ გზად კეფალონიაში, სოფელ კურუნში გაიარა. ზაფხულის პაპანაქება იდგა, მოსწყურდა და ერთ კურუნელს სთხოვა, იქნებ, ჭის წყალი დამალევინოო. წყალი თითქმის დაშრა და აიმღვრაო, შესჩივლა მასპინძელმა. ღირსმა მამამ მიუგო: წადი და ჭიდან წყალი ამოიღეო. მართლაც ჭა წყლით აივსო და ზამთარ-ზაფხულ ერთ დონეზე იდგა.
 
რომელიმე მხარეში სტუმრობას რომ გადაწყვეტდა, წინასწარ ხის ჯვარს აკეთებინებდა. სადაც ეს ჯვრები აღმართეს, შემდგომში სასწაულმოქმედმა წყაროებმა ამოხეთქა. ერთ-ერთი წყარო დღესაც მოედინება.
 
ერთხელ სიძულვილით აღვსილმა თურქმა ოფიცერმა წმინდა მამის მოსაკლავად ცხენი გააქანა, მაგრამ პირუტყვი განზე გახტა და მხედარი მიწას დაანარცხა. უგუნურ თურქს ფეხი მოსტყდა, შინ დაბრუნებულს კი შვილი გარდაცვლილი დახვდა.
 
წმინდა კოზმას ქადაგების მოსასმენად თვით ბეგებიც კი მიდიოდნენ. ერთხელ წმინდანის სახლის პირდაპირ გაჩერდნენ ღამის გასათევად. დილის ხუთ საათზე იმ ადგილას, სადაც წინდა კოზმას ეძინა, ნათლის სვეტი იხილეს.
 
ერთი თურქი ოფიცერი საშინელი ავადმყოფობისგან იტანჯებოდა. სნეულმა ღირს მამას მისვლა სთხოვა. წმინდანმა უარით უპასუხა, მაგრამ როცა თურქის ღვთისმოშიშება დაინახა, შეუთვალა, არაყი აღარასოდეს დალიო, შემოსავლის მეათედი მოწყალებად გაეცი და განიკურნებიო. ავადმყოფი ოთხ დღეში განიკურნა.
 
ერთმა თურქმა წმინდანის დიდი ხის ჯვარი შინ წაიღო, საწოლისთვის უნდოდა გამოყენება. მაგრამ მოხდა სასწაული: თითქოს მიწა იძრაო, კაცმა რყევა დაიწყო, მერე კი პირზე დუჟმორეული ძირს დაემხო. ამის მხილველმა მისმა მეგობრებმა ჯვარი ძველ ადგილას დააბრუნეს და ავადმყოფიც წამსვე გამოჯანმრთელდა.
 
ღირსი კოზმა ხალხს მოუწოდებდა, კვირაობით არ ევაჭრათ. ამით ბევრი მტერიც გაიჩინა. სხვებზე მეტად კი ქრისტესმოძულე ებრაელები მტრობდნენ. ბოლოს წმინდანის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. მოისყიდეს ალბანეთის უმაღლესი მმართველი ქურთი ფაშა და წმინდა კოზმას მკვლელობის ნებართვაც მიიღეს. ფაშა ხშირად უსმენდა წმინდანის ქადაგებას, მაგრამ ჰეროდეც ხომ უგდებდა ყურს იოანე ნათლისმცემლის საუბარს? ფული რომ შეაძლიეს, უყოყმანოდ გასცა წმინდა მამა. იგი ჩუმად შეიპყრეს, ხალხს რომ არა შეეტყო რა. დაიჭირეს რამდენიმე ბერიც. ჯალათებმა წმინდანი ხის ძირას დასვეს და სიკვდილის წინ ხელების შეკვრა მოუნდომეს. წმინდა კოზმამ სთხოვა, ხელებს ნუ გამიკრავთო, გულზე ჯავრის სახედ დაიწყო, დაღუნა თავი და ჯალათებმაც მოაბეს თოკი. და აი, მისი წმინდა სული ზეცად აფრინდა. მიცვალებულს ტანთ გახადეს, კისერზე დიდი ქვა გამოაბეს და წყალში გადააგდეს.
 
ქრისტიანები ბევრს ეცადნენ, მაგრამ სხეული ვერ იპოვეს. მაშინ თვითონვე ამოტივტივდა წყლის ზედაპირზე. შემოსეს ღირსი მამა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
 
წმინდანის მოკვდინების შემდეგ ქურთმა ფაშამ შეინანა, ფულის გულისთვის მართალი კაცი როგორ გავწირეო, და წმინდა კოზმასთან ერთად დატყვევებული ბერები გაათავისუფლა. მამებმა ეკლესიას მიაშურეს და წმინდანის საფლავის გახსნა ითხოვეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ ნამდვილად წმინდა კოზმას ნეშტი განისვენებდა. გახსნეს საფლავი და წმინდანის სხეული უხრწნელი დახვდათ, გეგონებოდათ, სძინავსო, ირგვლივ კი კეთილსურნელებას აფრქვევდა.
 
დიდმა ვეზირმა ალი ფაშამ წმინდანის სახელზე დიდი ტაძარი ააგებინა. თავის დროზე წმინდა მამამ ფაშას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. მისი სიტყვები 30 წლის შემდეგ აცხადდა. მაშინ ალი ფაშამ მღვდელმთავარს უხმო და უბრძანა, წმინდა კოზმას სახელზე მონასტერი აეშენებინათ. წმინდანის სხეული მალევე გადააბრძანეს. მისი საფლავი ახლაც მრავალ სასწაულს ახდენს.
 
ერთხელ, წმინდა კოზმას კანონიზაციის შემდეგ, მამა პაისი ათონელი ღამისთევის ლოცვას ესწრებოდა. წმინდანთა ტროპარის გალობისას წმინდანის ნაწილებზე დიდ თეთრ გვირგვინად გარდამოსული ზეციური ნათელი იხილა.
 
წმინდა კოზმამ მრავალი რამ იწინასწარმეტყველა. ნაწილი უკვე აცხადდა, ბევრი კი თავის დროს ელის.
 
მისი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქადაგებებია, უბრალო და მარტივი ენით ნათქვამი ჭეშმარიტება. გავიხსენოთ ზოგიერთი რამ:
 
ხეს რომ მოჭრი, ტოტები მაშინვე დაუჭკნება, ხოლო ფესვებს თუ მოურწყავ, ტოტები გაძლიერდება და გაიშლება. მშობლებიც ფესვებს ჰგვანან. როცა ისინი მარხულობენ, ლოცულობენ, მოწყალებას გასცემენ, მათ შვილებს ღმერთი იფარავს. ხოლო როცა ცოდვებისგან გამოხმებიან, მათი შვილების სულები ღმერთს თავისთან მიჰყავს. თუ ვაშლის ხე მჟავე ნაყოფს მოისხამს, ნუთუ ეს ნაყოფის ბრალია? ცხადია, ვაშლის ხეა დამნაშავე. თქვენც ასევე ხართ, მშობლებო. ჰქმენით სიკეთე, რომ თქვენი შვილების სახით ტკბილი ნაყოფი გამოიღოთ.
 
სამი ათას ხუთასი წლის წინ ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად ფარა. ეშმაკმა კერპების გაკეთება შთააგონა, ადამიანებს მათთვის თაყვანი რომ ეცათ. მანამდე შვილები მშობლების შემდეგ იხოცებოდნენ, მას მერე კი პირიქით მოხდა.