EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2019-02-09 12:28:16

კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში
კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში
კარლოს კასტანედა
 
მოგზაურობა იქსტლანში
 
მთარგმნელი: მამუკა გურული
 
ანოტაცია
 
ის, ვინც მეომრის გზაზე დგება, გზაზე, რომელსაც გული აქვს, ვეღარასოდეს დარჩება უბრალო ობივატელად. დონ ხუანი უხსნის კარლოსს გზის ასპექტებს — მიუწვდომლად ყოფნის ხელოვნებას, პირადი ისტორიის წაშლას, სიკვდილის, როგორც მრჩევლის, კონცეფციას, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას. ამ წიგნში ჩვენ პირველად შევხვდებით მოკავშირეებს — შემზარავ არაორგანულ არსებებს, რომლებსაც საკმარისი ძალის მქონე მაგი შეუცვლელ დამხმარეებად აქცევს.
 
(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე) 
 
 
შესავალი
 
შაბათს, 1971 წლის 22 მაისს ჩავედი სონორაში, მექსიკის შტატში, რათა შევხვედროდი ხუან მათუსს, ინდიელ მაგს იაკის ტომიდან, რომელთანაც ურთიერთობა 1961 წლიდან მქონდა. ვფიქრობდი, ეს ვიზიტი არაფრით იქნებოდა განსხვავებული იმ სხვა მრავალი ვიზიტისგან, რომლებიც მისი მოსწავლეობის ათწლიან პერიოდში განვახორციელე. მოვლენები, რომლებიც იმ დღეს და მომდევნო დღეებში მოხდა, ჩემთვის საკვანძო აღმოჩნდა. ამჯერად, ჩემი მოსწავლეობა დასრულდა. ეს არ იყო ჩემი წასვლა, არამედ დასრულება.
 
მე უკვე წარმოვადგინე ჩემი მოსწავლეობა ორ წინამდებარე წიგნში: „დონ ხუანის სწავლება“ და „ცალკე რეალობა“. ჩემი ძირითადი დაშვება ორივე წიგნში ის იყო, რომ ძირითად მომენტებს მაგიის სწავლაში წარმოადგენდა უჩვეულო რეალობის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეული იყო ფსიქოტროპული მცენარეების მიღებით.
 
ამ მხრივ დონ ხუანი ექსპერტი იყო და სამ ასეთ მცენარეს იყენებდა: datura inoxia, ცნობილი როგორც ლემა; lephopheca williambi, ცნობილი, როგორც პეიოტი; და ჰალუცინოგენური სოკო psylecybe-ის გვარიდან.
 
სამყაროს ჩემეული აღქმა ამ სამი ფსიქოტროპული ნივთიერების მეშვეობით ისეთი ჩახლართული და შთამაგონებელი გახდა, იძულებული გავხდი მევარაუდა, რომ ასეთი დაშვებები ერთადერთი გზა იყო იმ ცოდნის მისაღებად, რასაც დონ ხუანი გადმომცემდა. ეს დაშვება მცდარი იყო. დონ ხუანთან ჩემს მუშაობაზე გაუგებრობებისგან თავის ასარიდებლად, მინდა ნათელი მოვფინო შემდეგ მომენტებს.
 
აქამდე არანაირი მცდელობა არ მქონია, რომ დონ ხუანი კულტურულ ჩარჩოებში ჩამესვა. ის ფაქტი, რომ იგი თავს იაკის ტომის ინდიელად თვლის, არ ნიშნავს, რომ მისი მაგიური ცოდნა ზოგადად იაკის ინდიელთათვისაა ცნობილი ან გამოიყენება მათ მიერ. ყველა საუბარი დონ ხუანთან ესპანურ ენაზე მიმდინარეობდა, და მხოლოდ მის მიერ ამ ენის შესანიშნავი ფლობის წყალობით შევძელი მიმეღო რწმენათა ამ სისტემის სწორი ახსნა. მე შევინარჩუნე ამ სისტემის დასახელება — „მაგია“, და კვლავინდებურად მაგს ვუწოდებ დონ ხუანს, რადგანაც ეს ის კატეგორიაა, რომელსაც თავად იყენებდა.
 
რამდენადაც შევძელი ჩამეწერა უმეტესი ნაწილი იმ ყველაფრიდან, რასაც ის ლაპარაკობდა, ჩანაწერების დიდი მასალა დამიგროვდა. იმისთვის, რომ ეს ჩანაწერები წაკითხვადი გამეხადა და ამავდროულად დონ ხუანის მოძღვრების დრამატული ერთიანობა შემენარჩუნებინა, უნდა დამერედაქტირებინა ისინი, და ის, რაც წავშალე, ვთვლი, რომ უმნიშვნელოა იმ საკითხებისთვის, რომლებიც მინდა წინ წამოვწიო.
 
დონ ხუანთან მუშაობის დროს ვზღუდავდი ჩემს ძალისხმევებს მისი, როგორც მაგის ჩარჩოებში ხედვით და მისი ცოდნის მონაწილედ ყოფნით.
 
ჩემი აზრის გადმოსაცემად, პირველ რიგში უნდა ავხსნა მაგიის ძირითადი მომენტები ისე, როგორც დონ ხუანმა წარმომიდგინა. მან ამიხსნა, რომ მაგისთვის ყოველდღიური ცხოვრების სამყარო არ წარმოადგენს რეალურს, როგორც გვჩვევია გვჯეროდეს. მაგისთვის რეალობა, ანუ ის სამყარო, რომელსაც ყველანი ვიცნობთ, მხოლოდ აღწერილობას წარმოადგენს.
 
იმისთვის, რომ ეს მომენტი გაემყარებინა, დონ ხუანმა თავისი ძალისხმევების კონცენტრირებით შეძლო მივეყვანე გულწრფელ რწმენამდე, რომ ის სამყარო, რომელიც გონებაში მაქვს, უბრალოდ სამყაროს აღწერილობა იყო; აღწერილობა, რომელსაც დაბადების მომენტიდან მიტენიდნენ თავში. მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც კონტაქტში შედის ბავშვთან, წარმოადგენს მასწავლებელს, რომელიც განუწყვეტლივ აღუწერს მას სამყაროს იმ მომენტამდე, სანამ ბავშვი თავად არ შეძლებს სამყაროს აღქმას აღწერილობის შესაბამისად. დონ ხუანის სიტყვებით, ჩვენ არ გვახსოვს ეს საკვანძო მომენტი იმიტომ, რომ არცერთ ჩვენგანს არ ჰქონია შედარების წერტილი იმისთვის, რომ სხვა რაიმესთვის შეედარებინა იგი. თუმცაღა ამ მომენტის შემდეგ ბავშვი წევრი ხდება. მან იცის სამყაროს აღწერილობა და ჩემი აზრით მისი წევრობა სრულუფლებიანი მაშინ ხდება, როცა მას უჩნდება უნარი, რომ მოახდინოს აღქმის ყველა საჭირო ინტერპრეტაცია, რომელიც ამ აღწერილობას დაადასტურებს და სარწმუნოს გახდის.
 
ამ შემთხვევაში, დონ ხუანისთვის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობა შედგება აღქმის ინტერპრეტაციათა უსასრულო ნაკადისგან, რომელთა კეთებაც ჩვენ, ანუ ინდივიდებმა, რომლებიც განსაკუთრებულ წევრობას ვინაწილებთ, ერთნაირად ვისწავლეთ.
 
სამყაროს აღქმის ინტერპრეტაციის ნაკლოვანების ეს იდეა, იმ ფაქტით დასტურდება, რომ იგი განუწყვეტლივ მიმდინარეობს და იშვიათად, ან საერთოდ არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ფაქტიურად, სამყაროს ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, იმდენად თავისთავადად იგულისხმება, რომ მაგიის ძირითადი მომენტი, რომ ჩვენი რეალობა მხოლოდ ერთ-ერთს წარმოადგენს მრავალი აღწერილობიდან, ძნელად თუ მიიღება სერიოზულ დასკვნად.
 
საბედნიეროდ, ჩემი მოსწავლეობის შემთხვევაში, დონ ხუანს საერთოდ არ ანაღვლებდა შემეძლო თუ არა იმის გაგება, რასაც მეუბნებოდა. ამგვარად, როგორც მაგიის მასწავლებელმა, დონ ხუანმა ჩვენი გაცნობის პირველივე დღიდან დაიწყო ჩემთვის სამყაროს აღწერა. მისი კონცეფციებისა და მეთოდების გაგება იმიტომ მიჭირდა, რომ მისი აღწერილობა სრულიად უცხო იყო და არ ემთხვეოდა ჩემს საკუთარ აღწერილობას.
 
მისი თქმით, იგი მასწავლიდა „ხედვას“, განსხვავებით უბრალოდ „ყურებისგან“, და „სამყაროს გაჩერება“» პირველი ნაბიჯი იყო ხედვისკენ“». მრავალი წლის განმავლობაში მე განვიხილავდი «სამყაროს გაჩერების» იდეას, როგორც იდუმალ მეტაფორას, რომელიც სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. და მხოლოდ არაოფიციალური საუბრის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემი მოსწავლეობის ბოლო პერიოდში, გავიგე ბოლომდე მისი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მომენტის მნიშვნელობა დონ ხუანის ცოდნაში.
 
მე და დონ ხუანი სხვადასხვა საკითხებზე ვსაუბრობდით თავისუფლად და ძალდაუტანებლად. მე ვუყვებოდი ჩემი მეგობრის და მისი პრობლემის შესახებ, რომელიც თავის ცხრა წლის ვაჟთან ჰქონდა. ბავშვზე, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დედასთან, ახლა კი ჩემს მეგობართან ცხოვრობდა, და პრობლემა იმაში იყო, რომ არ იცოდა, რა მოეხერხებინა მისთვის. ჩემი მეგობრის თქმით, ბავშვი გამოუსადეგარი იყო სკოლისთვის, მას არ ჰყოფნიდა კონცენტრაცია, და არაფერი არ აინტერესებდა, ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა, ნებისმიერ კონტაქტს უჯანყდებოდა და სახლიდან გარბოდა.  
 
„შენს მეგობარს მართლა ჰქონია პრობლემა“, — თქვა დონ ხუანმა სიცილით. მე მინდოდა გამეგრძელებინა თხრობა ყველა იმ «საშინელების» შესახებ, რომელიც ბავშვმა ჩაიდინა, მაგრამ მან გამაწყვეტინა.
 
„არაა საჭირო ამ საწყალი ბავშვის შესახებ მოყოლა“, — თქვა მან. —„არც შენთვისაა საჭირო და არც ჩემთვის, რომ მისი ქმედებები ჩვენს აზრებში განვიხილოთ“.
 
მისი მანერა პირდაპირი იყო, ხმა კი მტკიცე, მაგრამ შემდეგ გაეღიმა.
 
— რა შეუძლია გააკეთოს ჩემმა მეგობარმა? — ვკითხე მე.
 
— ყველაზე ცუდი, რაც შეუძლია გააკეთოს, ესაა ის, რომ აიძულოს ბავშვს, რომ დაეთანხმოს მას, — თქვა დონ ხუანმა.
 
— რას გულისხმობ?
 
— იმას ვგულისხმობ, რომ მამამისმა არ უნდა ცემოს ან შეაშინოს იმ შემთხვევებში, როცა ისე არ იქცევა, როგორც მამას უნდა.
 
— მაგრამ როგორ ასწავლის რამეს, თუ მასთან მტკიცე არ იქნება?
 
— შენმა მეგობარმა ვინმე სხვა უნდა იპოვნოს, ვინც ბავშვს მოსცხებდა.
 
— მაგრამ ის ვერავის მისცემს უფლებას, მისი ბავშვი გალახოს! — ვთქვი მე, მისი წინადადებით გაკვირვებულმა. როგორც ჩანს, დონ ხუანს მოეწონა ჩემი რეაქცია და გაეცინა.
 
— შენი მეგობარი არაა მეომარი, — თქვა მან. — ის რომ მეომარი იყოს, ეცოდინებოდა, რომ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთო, ესაა ის, რომ ადამიანს პირდაპირ აღუდგე წინ.
 
— რას აკეთებს მეომარი, დონ ხუან?
 
— მეომარი სტრატეგიულად მოქმედებს.
 
— მაინც არ მესმის, რას გულისხმობ.
 
— იმას ვგულისხმობ, რომ შენი მეგობრი მეომარი რომ იყოს, თავის ბავშვს სამყაროს გაჩერებაში დაეხმარებოდა.
 
— მაგრამ, როგორ შეძლებდა ამას ჩემი მეგობარი?
 
— მას პირადი ძალა დასჭირდებოდა. მას დასჭირდებოდა, რომ მაგი ყოფილიყო.
 
— კი, მაგრამ ის მაგი არაა.
 
— ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი საშუალებები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ბავშვს სამყაროს იდეის შეცვლაში დაეხმაროს. ეს არაა სამყაროს გაჩერება, მაგრამ ასეთივე ზემოქმედება ექნება.
 
ვთხოვე, რომ აეხსნა თავისი სიტყვები.
 
— მე რომ შენი მეგობარი ვიყო, — თქვა დონ ხუანმა, — იმით დავიწყებდი, რომ ვინმეს დავიქირავებდი, ვინც ბავშვს მოსცხებდა ხოლმე. წავიდოდი ქალაქის ჯურღმულებში და დავიქირავებდი ადამიანს, რომელსაც რაც შეიძლება შემზარავი გარეგნობა ექნებოდა.
 
— პატარა ბავშვის შესაშინებლად?
 
— არა უბრალოდ შესაშინებლად, სულელო, ეს ბავშვი უნდა გაჩერდეს, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ საკუთარი მამა სცემს.
 
— თუ ვინმეს სხვა ადამიანების გაჩერება უნდა, ყოველთვის შორს უნდა იყოს იმ წრისგან, რომელიც მათ აწვება. ამგვარად იგი ყოველთვის შეძლებს ზეწოლის მართვას.
 
იდეა უჩვეულო იყო, მაგრამ რატომღაც ჩემში გამოძახილს ჰპოვებდა. დონ ხუანი მარცხენა ხელით ნიკაპს ისრესდა. მარცხენა ხელი მკერდთან ჰქონდა მიბჯენილი და ხის ყუთს ეყრდნობოდა, რომელიც დაბალი მაგიდის ფუნქციას ასრულებდა. თვალები დახუჭული ჰქონდა, და მისი თვალის კაკლები მოძრაობდნენ. ვგრძნობდი, რომ დახუჭული ქუთუთოებიდან მიმზერდა. ამ აზრმა შემაშინა.
 
— მომიყევი, კიდევ რა უნდა გაუკეთოს ჩემმა მეგობარმა თავის ბიჭს.
 
— უთხარი, რომ წავიდეს და ძალიან ყურადღებით შეარჩიოს ნაძირალა, რომელიც საზიზღრად გამოიყურება, — განაგრძო მან. — უთხარი, რომ ახალგაზრდა უნდა იყოს, ისეთი, რომ რაღაც ძალა ჰქონდეს შერჩენილი.
 
შემდეგ დონ ხუანმა უცნაური სტრატეგია ამიღწერა. მე უნდა მეთქვა ჩემი მეგობრისთვის, რომ დაქირავებული ადამიანი უნდა გაჰყოლოდა და იმ ადგილზე დალოდებოდა, სადაც თავის ბავშვთან ერთად მივიდოდა. პირობითი სიგნალის პასუხად, რომელიც მიცემულ იქნებოდა ბავშვის მხრიდან ნებისმიერი არასწორი ქცევის შემდეგ, ეს ადამიანი უნდა გამომხტარიყო სამალავიდან, დაეჭირა ბავშვი და გვარიანად ეცემა.
 
— მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი შეაშინებს ბავშვს, შენი მეგობარი ნებისმიერი საშუალებით უნდა დაეხმაროს მას, რომ აღიდგინოს თავდაჯერებულობა. თუ იგი ამ პროცედურას სამ-ოთხჯერ გაიმეორებს, გარწმუნებ, ბავშვს სრულიად სხვა გრძნობები ექნება ყველაფრის მიმართ. იგი შეიცვლის სამყაროს შესახებ თავის იდეას.
 
— და რა მოხდება, თუ შეშინება დაასახიჩრებს მას?
 
— შეშინება არასოდეს არავის არ ასახიჩრებს. სულს ის ასახიჩრებს, როცა ვიღაც გამუდმებით გყავს ზურგზე, ვინც გცემს და გამუდმებით გეუბნება, რა უნდა აკეთო და რა არ უნდა აკეთო.
 
— როცა ეს ბავშვი უფრო თავშეკავებული გახდება, უნდა უთხრა შენს მეგობარს, რომ კიდევ ერთი, უკანასკნელი რაღაც გაუკეთოს. უნდა მონახოს საშუალება, რომ წვდომა ჰქონდეს მკვდარ ბავშვზე, შესაძლოა საავადმყოფოში, ან ექიმთან. უნდა მიიყვანოს იქ თავისი შვილი და აჩვენოს მკვდარი ბავშვი. უნდა მისცეს საშუალება, რომ ერთხელ შეეხოს გვამს მარცხენა ხელით ნებისმიერ ადგილზე, გარდა მუცლისა. მას შემდეგ, რაც ბავშვი ამას გააკეთებს, იგი განახლებული იქნება. სამყარო აღარასოდეს იქნება მისთვის იგივე.
 
მე მაშინ მივხვდი, რომ ამ წლების ურთიერთობის მანძილზე დონ ხუანი ჩემთანაც იგივე ტაქტიკას ანხორციელებდა, თუმცა სხვა მასშტაბით. ვკითხე ამის შესახებ. მან მითხრა, რომ გამუდმებით ცდილობდა ესწავლებინა ჩემთვის, თუ როგორ «გამეჩერებინა სამყარო».
 
— შენ ეს ჯერ კიდევ არ გაგიკეთებია, — თქვა მან ღიმილით. — მგონი, არაფერი არ მოქმედებს, იმიტომ, რომ ძალიან ჯიუტი ხარ. შენ რომ ნაკლებად ჯიუტი იყო, ამ დროისთვის უკვე გააჩერებდი სამყაროს ნებისმიერი ტექნიკის მეშვეობით, რომლებიც გასწავლე.
 
— რა ტექნიკები, დონ ხუან?
 
— ყველაფერი, რასაც გეუბნებოდი, სამყაროს გაჩერების ტექნიკა იყო.
 
ამ საუბრიდან რამდენიმე თვის შემდეგ დონ ხუანმა შეასრულა ის, რაც განზრახული ჰქონდა: ესწავლებინა ჩემთვის «სამყაროს გაჩერება».
 
ჩემი ცხოვრების ამ მონუმენტალურმა მოვლენამ მაიძულა, რომ დეტალურად გადამეხედა მთელი ჩემი ათწლიანი სამუშაოსთვის. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ პირველადი დასკვნა ფსიქოტროპული მცენარეების როლის შესახებ მცდარი იყო. ისინი არ იყვნენ მაგის მიერ სამყაროს აღწერის არსებითი მხარეები, მაგრამ უნდა დამხმარებოდნენ იმ აღწერის ნაწილთა შედუღაბებაში, რომელთაც სხვაგვარად ვერ გავიგებდი. ჩემი დაჟინებულობა იმაში, რომ შემენარჩუნებინა რეალობის ჩემი სტანდარტული ვერსია, თითქმის ბრმას და ყრუს მხდიდა დონ ხუანის მიზნების მიმართ. ამიტომ, ჩემში მგრძნობელობის არარსებობა იწვევდა მათი გამოყენების აუცილებლობას. გადავხედე რა ჩემს ჩანაწერებს, მივხვდი, რომ ახალი აღწერილობის საფუძველი დონ ხუანმა თავიდანვე მომცა, იმით, რასაც უწოდებდა «ტექნიკას სამყაროს გაჩერებისთვის». ჩემს წინა ნაშრომებში მე გამოვტოვე ჩანაწერების ეს ნაწილი, რადგანაც ისინი არ ეხებოდნენ ფსიქოტროპული მცენარეების გამოყენებას. ახლა კანონიერ საფუძველზე დაყრდნობით აღვადგინე ისინი დონ ხუანის სწავლების მთელ მოცულობაში, და ისინი ამ წიგნის პირველ ჩვიდმეტ თავს შეადგენენ. პირველი სამი თავი წარმოადგენს ჩანაწერებს, რომლებიც მოიცავს სწორედ იმ მოვლენებს, რაც ჩემს მიერ «სამყაროს გაჩერებას» ეხება.
 
შეჯამების სახით, შემიძლია ვთქვა, რომ იმ დროს, როცა მოსწავლეობას ვიწყებდი, სხვა რეალობა იყო. სხვა სიტყვებით, იყო მაგების მიერ სამყაროს აღწერილობა, რომელსაც მე არ ვიცნობდი. დონ ხუანმა, როგორც მაგმა და მასწავლებელმა, მასწავლა ეს აღწერა. ათწლიანი მოსწავლეობა, რომელიც მე გავიარე, მდგომარეობდა ამ უცნობი რეალობის დადგენაში. და ამ ყველაფერს უფრო და უფრო მეტი ნაწილი ემატებოდა სწავლებაში ჩემს პროგრესთან ერთად.
 
მოსწავლეობის დასრულება ნიშნავდა, რომ მე ვისწავლე სამყაროს ახალი აღწერა დამაჯერებელი და მკაფიო გზით, და რომ სამყაროს აღქმის ახალი უნარი გამიჩნდა, რომელიც ემთხვეოდა მის ახალ აღწერილობას. სხვა სიტყვებით, მე მივაღწიე წევრობას.
 
დონ ხუანი ამტკიცებდა, რომ „ხედვის“ უნარის მისაღწევად „სამყაროს გაჩერებაა“ საჭირო. „სამყაროს გაჩერება“ მართლაც საჭირო მომენტი იყო ცნობიერების გარკვეული მდგომარეობების მისაღწევად, რომლებშიც ყოველდღიური ცხოვრების რეალობა იცვლება, რადგანაც ინტერპრეტაციათა ნაკადი, რომელიც ჩვეულებრივ განუწყვეტლად მიედინება, შეჩერებულ იქნა გარკვეულ ვითარებათა გამო, რომლებიც ამ ნაკადისთვის უცხო იყო. ჩემს შემთხვევაში, ვითარებათა ეს რიგი, რომელიც უცხო იყო ჩემი ნორმალური ინტერპრეტაციათა ნაკადისთვის, იყო მაგების მიერ სამყაროს აღწერილობა. დონ ხუანისთვის აუცილებელი პირობა სამყაროს გაჩერებისთვის ის იყო, რომ უნდა ყოფილიყო აბსოლუტური დარწმუნებულობა. სხვა სიტყვებით, უნდა ვისწავლოთ ახალი აღწერა სრული გაგებით, იმისთვის, რომ იგი ძველს ზემოდან დავადოთ და ამგვარად დავამსხვრიოთ დოგმატური დარწმუნებულობა, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ, რომ ჩვენი აღქმების ან სამყაროს ჩვენი რეალობის სარწმუნოობა ეჭვქვეშ ვერ დადგება. „სამყაროს გაჩერების“ შემდეგი ნაბიჯი „ხედვა“ იყო. ამის ქვეშ დონ ხუანი იმას გულისხმობდა, რასაც მე დავარქმევდი «რეაგირებას სამყაროს შესახებ პერცეპტუალურ წარმოდგენებზე, რომლებიც იმ აღწერილობის მიღმა იმყოფებიან, რომელსაც ვისწავლეთ, რომ რეალობა ვუწოდოთ».
 
დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ნაბიჯი შესაძლოა გაგებულ იქნას მხოლოდ იმ აღწერილობის ტერმინებით, რომელსაც ისინი განეკუთვნებიან. და რადგანაც ეს იყო აღწერილობა, რომელსაც დონ ხუანი თავიდანვე მაძლევდა, უნდა მივცე საშუალება მის სწავლებას, რომ ერთადერთი წყარო იყოს მასში შესასვლელად. ამგვარად, საშუალებას ვაძლევ დონ ხუანის სიტყვებს, რომ თავად ილაპარაკონ თავის თავზე.
 
1  2  3  4  5  6  7  8  9