EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში (გვ.7) »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2019-02-10 19:34:51
ხუთშაბათი, 1961 წლის 29 ივნისი.
დონ ხუანს კვლავაც, ისევე როგორც თითქმის მთელი კვირის განმავლობაში, მოხიბლული ვყავდი ყოველგვარი განსაკუთრებული დეტალებით ნადირის მოქცევის წესების შესახებ. თავიდან მიხსნიდა, შემდეგ კი შეიმუშავა მონადირის ტაქტიკათა მთელი რიგი, დაფუძნებული იმაზე, რასაც უწოდებდა «გნოლის მოსახვევებს». მე იმდენად ღრმად შევედი მის ახსნა-განმარტებებში, რომ მთელი დღე გავიდა, მე კი ვერ შევნიშნე, როგორ გადიოდა დრო. ლანჩის ჭამაც დამავიწყდა. დონ ხუანმა ხუმრობით შენიშნა, რომ ეს სრულიად უჩვეულოა ჩემთვის — ჭამის გამოტოვება.
დღის ბოლოსთვის მან ხუთი გნოლი დაიჭირა ფრიად ეშმაკური ხაფანგით, რომლის აწყობაც მასწავლა.
— ორი გვეყოფა, — თქვა მან და სამი გაუშვა.
შემდეგ გნოლების შეწვა მასწავლა. როცა ჭამას მოვრჩით, ძალიან ზანტად წავედით კლდიანი მხარის მიმართულებით. გორაკის ფერდობთან ჩამოვსხედით, და ხუმრობით ვთქვი, რომ მთელი ეს საქმე ჩემთვის რომ დაევალებინა, ხუთივე გნოლს შევწვავდი, და ჩემი მწვადი მისაზე ნაკლები არ იქნებოდა.
— ეჭვიც არ მეპარება, — თქვა მან. — მაგრამ ეს ყველაფერი რომ გაგეკეთებინა, შესაძლოა საღ-სალამათებს ვერ დაგვეტოვებინა ეს ადგილი.
— რას გულისხმობ? — ვკითხე მე. — რა შეგვიშლიდა ხელს?
— ბუჩქები, გნოლები, ყველაფერი ჩაერეოდა.
— ვერასოდეს ვხვდები, რა დროს ლაპარაკობ სერიოზულად, — ვუთხარი მე.
მან გაღიზიანებული მოუთმენლობის ნიშანი მომცა და ტუჩებით ჰაერი შეისრუტა.
— შენ მცდარი წარმოდგენა გაქვს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სერიოზულად ლაპარაკი, — თქვა მან. — მე ბევრს ვიცინი, იმიტომ, რომ მიყვარს სიცილი. და მაინც, რასაც ვამბობ, სასიკვდილოდ სერიოზულია, მაშინაც კი, თუ ეს არ გესმის. რატომ ფიქრობ, რომ სამყარო მხოლოდ ისეთია, როგორადაც შენ თვლი? ვინ მოგცა ამის თქმის უფლება?
— მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ სამყარო სხვანაირია, — მივუგე მე.
ბნელდებოდა. ვფიქრობდი, რომ უკვე სახლშ დაბრუნების დრო იყო, მაგრამ ის, როგორც ჩანს, არ ჩქარობდა. ცივი ქარი იყო. უეცრად მითხრა, რომ უნდა ავმდგარიყავით, გორაკის თავზე უნდა ავსულიყავით და დავმდგარიყავით იმ ადგილას, სადაც ბუჩქები არ იზრდებოდა.
— ნუ გეშინია, — თქვა მან. — მე შენი მეგობარი ვარ, და ვიზრუნებ იმაზე, რომ ცუდი არაფერი დაგემართოს.
— რას გულისხმობ? — ვკითხე აღელვებულმა.
დონ ხუანს ჰქონდა საოცრად არასასიამოვნო თვისება — გადავეყვანე მშვიდი მდგომარეობიდან შეშინებულში.
— სამყარო ძალზე უჩვეულოა დღის ამ მონაკვეთში, — თქვა მან. — აი, რას ვგულისხმობ. რაც არ უნდა დაინახო, არ შეგეშინდეს.
— რას დავინახავ?
— ჯერ არ ვიცი, თქვა მან, და თან შორს, სამხრეთის მხარეს იყურებოდა.
როგორც ჩანს არ ღელავდა. მეც იგივე მიმართულებით ვიყურებოდი. უეცრად მარცხენა ხელით ბნელი ბუჩქნარისკენ მიმითითა.
— ეს იქაა, — თქვა მან, თითქოს რაღაცას ელოდა და ეს რაღაც უეცრად გამოჩნდა.
— რა არის იქ? — ვკითხე მე.
— აი, ის იქაა, — გაიმეორა მან. — შეხედე! შეხედე!
მე ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ბუჩქებს.
— ახლა ის აქაა, — თქვა მან ნაჩქარევად. — ის აქაა.
ქარის მოულოდნელმა დაქროლვამ სახეში დამარტყა ამ მომენტში და თვალები ამეწვა. იმ მხარეს ვიყურებოდი, საითაც მიმითითა. იქ აბსოლუტურად არაფერი არ იყო, ყველაფერი ჩვეულებრივი იყო.
— მე ვერაფერს ვხედავ, — ვუთხარი მე.
— შენ ახლახან შეიგრძენი ეს, — თქვა მან. — ზუსტად ახლა. ის თვალებში მოგხვდა და ხედვაში ხელი შეგიშალა.
— რაზე მეუბნები?
— მე განზრახ ამოგიყვანე გორაკის თავზე, — თქვა მან. — ჩვენ აქ ძალიან შესამჩნევები ვართ, და რაღაც გვიახლოვდება.
— რა? ქარი?
— უბრალოდ ქარი არა, — თქვა მან მკვეთრად. — შესაძლოა შენ ქარად მოგეჩვენოს, იმიტომ, რომ ქარის გარდა არაფერი იცი.
თვალები დავძაბე და უდაბნოს ბუჩქებს ვუმზერდი. დონ ხუანი ჩუმად იდგა ჩემ გვერდით, შემდეგ კი უახლოეს ჩაპარალში წავიდა და ბუჩქებზე დიდი ტოტების მომტვრევა დაიწყო. მან რვა ტოტი მოაგროვა და ერთ გროვად შეკრა. მიმითითა, რომ იგივე გამეკეთებინა და ბოდიში მომეხადა მცენარეებისთვის იმის გამო, რომ ვასახიჩრებდი მათ.
როცა ტოტების ორი ასეთი გროვა მოვაგროვეთ, მითხრა, რომ იღლიებში ამომეჩრა ისინი, გორაკის მწვერვალზე ამერბინა და ზურგზე დავწოლილიყავი ორ დიდ ქვას შორის. უდიდესი სისწრაფით ჩემი ტოტები ისე განალაგა, რომ მათ მთელი ჩემი სხეული დაფარეს. შემდეგ თვითონაც ასე დაიფარა ტოტებით და ფოთლები და მიჩურჩულა, რომ თვალყური უნდა მედევნებინა, როგორ შეწყვეტდა ე.წ. ქარი ქროლვას მას შემდეგ, რაც შეუმჩნეველნი გავხდით.
ჩემდა გასაკვირად, ამ მომენტში ქარი მართლა ჩადგა, როგორც დონ ხუანმა იწინასწარმეტყველა. ეს ისე თანდათანობით მოხდა, რომ გამოვტოვებდი ცვლილებას, გაცნობიერებულად რომ არ დავლოდებოდი მას. რაღაც დროის განმავლობაში ქარი ჩემი სახის ზემოთ, ფოთლებში ზუზუნებდა, შემდეგ კი თანდათანობით ყველაფერი ჩაწყნარდა.
დონ ხუანს გადავუჩურჩულე, რომ ქარი ჩადგა, და მან საპასუხოდ გადმომიჩურჩულა, რომ არანაირი მკვეთრი მოძრაობა არ უნდა გავაკეთო, რადგანაც ის, რასაც ქარს ვუწოდებდი, სულაც არაა ქარი, არამედ ისაა, რასაც თავისი საკუთარი ნება გააჩნია და მართლაც შეუძლია ჩვენი შემჩნევა.
ნევროზულობისგან გამეცინა. დონ ხუანმა მოგუდული ხმით ყურადღება გამამახვილებინა ჩვენ გარშემო სიჩუმეზე და მიჩურჩულა, რომ ადგომას აპირებდა და მისთვის უნდა მიმებაძა, და ტოტები ჩემგან მარცხნივ უნდა დამელაგებინა. ერთდროულად ავდექით. დონ ხუანი რაღაც დროის განმავლობაში შორს იყურებოდა, სამხრეთის მიმართულებით, შემდეგ კი მკვეთრად შემობრუნდა, სახით დასავლეთისკენ.
— მაძებარი, მართლა მაძებარი, — ჩაიბურტყუნა მან და ხელი სამხრეთ-დასავლეთისკენ გაიშვირა. — შეხედე, შეხედე!
მე მთელი ინტენსივობით ვიყურებოდი, რაც კი შემეძლო. მინდოდა დამენახა, რასაც მეუბნებოდა, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვხედავდი. ან უფრო ვერ ვხედავდი ვერაფერ ისეთს, რაც ადრე არ მინახავს. იქ მხოლოდ ბუჩქები იყო, რომლებსაც მსუბუქი ქარი აშრიალებდა.
— ის აქაა, — თქვა დონ ხუანმა. ამ მომენტში პირდაპირ სახეში ვიგრძენი ქარის დარტყმა. მომეჩვენა, რომ ქარმა მართლა იმის მერე დაიწყო ქროლვა, რაც წამოვდექით. ვერ ვიჯერებდი ამას. ამ ყველაფერს რაღაც ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონოდა.
დონ ხუანმა მსუბუქად ჩაიცინა და მითხრა, რომ არ დამეღალა ჩემი ტვინი, რაიმე გონივრული მიზეზის ძიებაში.
— მოდი, კიდევ შევაგროვოთ ტოტები, — თქვა მან. — ვერ ვიტან ამის კეთებას პატარა მცენარეებზე, მაგრამ უნდა შეგაჩეროთ.
მან ასწია ტოტები, რომლებიც მანამდე გამოვიყენეთ და ქვა და მიწა დააყარა მათ. შემდეგ იგივე მოძრაობები გაიმეორა, რაც მანამდე გავაკეთეთ და ყოველმა ჩვენგანმა რვა ახალი ტოტი მოტეხა. ამასობაში ქარი უწყვეტად ქროდა. ვგრძნობდი, როგორ მიჩეჩავდა თმას. დონ ხუანმა მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც ტოტებს დამაფარებდა, ოდნავაც კი არ უნდა ამომეღო ხმა და არ უნდა გავნძრეულიყავი. მან ძალიან სწრაფად განალაგა ტოტები ჩემს სხეულზე, შემდეგ კი დაწვა და თვითონაც ასევე გადაიფარა.
ასეთ მდგომარეობაში ოცი წუთის განმავლობაში ვიყავით და ამ დროის განმავლობაში უცნაური მოვლენა მოხდა. ქარი კვლავაც შეიცვალა მკვეთრი და უწყვეტი ქროლვიდან ძლივს შესამჩნევ ვიბრაციამდე.
სუნთქვა შევიკავე და დონ ხუანის სიგნალს ველოდი. რაღაც მომენტში მან მსუბუქად მოიხსნა ტოტები. მეც იგივე გავაკეთე და წამოვდექით. გორაკის მწვერვალი სრულიად მშვიდი იყო. მხოლოდ ძლივს შესამჩნევი ფოთლების მოძრაობა თუ შეიმჩნეოდა. დონ ხუანის თვალები დაჟინებით უცქერდნენ ბუჩქებს სამხრეთის მიმართულებით.
— ისევ იქაა! წამოიძახა ხმამაღლა.
მე უნებურად შევხტი და კინაღამ წონასწორობა დავკარგე, მან კი ხმამაღლა მიბრძანა, რომ შემეხედა.
— რა უნდა დავინახო? — ვკითხე სასოწარკვეთილმა.
მან თქვა, რომ ეს ქარი, ან რაც არ უნდა ყოფილიყო, ღრუბელს ან ქარბორბალას ჰგავდა, რომელიც ბუჩქებს ზემოთ რაღაც მანძილზე იმყოფება და იმ გორაკის მწვერვალისკენ მოიწევდა, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით. მოშორებით ბუჩქების მოძრაობა შევნიშნე.
— აი, მოდის, — მითხრა დონ ხუანმა. — შეხედე, როგორ გვეძებს.
ზუსტად ამ დროს ძლიერმა ქარმა კვლავ სახეში დამიბერა, როგორც მანამდე. მაგრამ ამჯერად ჩემი რეაქცია სხვა იყო. შეშინებული ვიყავი, და ვერ ვხედავდი იმას, რასაც დონ ხუანი მეუბნებოდა, მაგრამ ვხედავდი ფრიად იდუმალ ტალღას, რომელიც ბუჩქებს აქანავებდა. არ მინდოდა, ჩემს შიშს დავმორჩილებოდი და განზრახ ვიგონებდი ყოველგვარ შესაფერის ახსნას. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ამ რაიონში გამუდმებული ჰაერის ნაკადები იყო, და დონ ხუანმა, იცნობდა რა სრულყოფილად მთელ ამ მიდამოებს, არა მხოლოდ იცოდა მათ შესახებ, არამედ გონებრივადაც შეეძლო გაეთვალა მათი გამოჩენა. ყველაფერი, რაც დარჩენოდა, ის იყო, რომ დაწოლილიყო, ეთვალა და დალოდებოდა, სანამ ქარი ჩადგებოდა. და როგორც კი ადგებოდა, კვლავ ელოდა მის გამოჩენას.
დონ ხუანის ხმამ ჩემს გონებრივ მსჯელობას მომწყვიტა. მითხრა, რომ წასვლის დრო იყო. მე შევეწინააღმდეგე. დარჩენა მინდოდა, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ქარი ჩადგებოდა.
— მე არაფერი დამინახავს, დონ ხუან, — ვუთხარი მე.
— და მაინც, რაღაც უჩვეულო შეამჩნიე.
— იქნებ კიდევ ერთხელ მითხრა, რა უნდა შემემჩნია?
— მე უკვე გითხარი, — თქვა მან. — რაღაც, რაც ტოტებში იმალება და ქარბუქს ჰგავს, ღრუბელს, ბურუსს, სახეს, რომელიც გამუდმებით ტრიალებს.
დონ ხუანმა თავისი ხელებით გააკეთა ჟესტი, რათა ეჩვენებინა ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოძრაობა.
— იგი გარკვეული მიმართულებით მოძრაობს, — განაგრძო მან. — იგი ან გადატრიალდება, ან ბრუნავს. მონადირემ ყველაფერი უნდა იცოდეს იმისთვის, რომ სწორად იმოძრაოს.
მინდოდა დამეცინა, მაგრამ, როგორც ჩანდა, ისე შეუპოვრად იცავდა თავის აზრს, რომ ვერ გავბედე. წამით შემომხედა, და თვალები მოვარიდე.
— გჯეროდეს, რომ სამყარო შენ გარშემო მხოლოდ ისეთია, როგორც შენ ფიქრობ, სიბრიყვეა, — თქვა მან. — სამყარო — ეს იდუმალი ადგილია, განსაკუთრებით მწუხრის ჟამს.
მან ნიკაპის მოძრაობით მიმანიშნა ქარის მხარეს.
— ამას შეუძლია გამოგვყვეს, — თქვა მან. — შეუძლია დაგვღალოს, და ისიც კი შეუძლია, რომ მოგვკლას.
— ამ ქარს?
— დღის ამ მონაკვეთში, მწუხრისას, არ არის ქარი. ამ დროს მხოლოდ ძალაა.
ჩვენ გორაკის მწვერვალზე მთელი საათის განმავლობაში ვიჯექით. მთელი ეს დრო ქარი ძლიერ და განუწყვეტლივ უბერავდა.
პარასკევი, 1961 წლის 30 ივნისი.
დღის მეორე ნახევარში, ჭამის შემდეგ, მე და დონ ხუანი ეზოში გამოვედით, მისი სახლის კარის წინ. მე ჩემს «ლაქაზე» დავჯექი და ჩემს ჩანაწერებზე დავიწყე მუშაობა. იგი ზურგზე წამოწვა და ხელები მუცელზე დაიწყო. მთელი დღე სახლშ ვიყავით «ქარის» გამო. დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ქარი განზრახ შევაწუხეთ და ასეთი სისულელე ჯობია აღარ გავაკეთოთ. ძილიც კი ტოტებგადაფარებულს მომიწია.
ქარის უეცარმა დაქროლვამ დონ ხუანი აიძულა, რომ ერთი უჩვეულოდ სწრაფი ნახტომით წამომხტარიყო.
— ჯანდაბა, — თქვა მან. — ქარი შენ გეძებს.
— ამაზე ვერ წამომაგებ, დონ ხუან, — ვუთხარი სიცილით, — მართლა ვერ მომატყუებ.
ეს სიჯიუტე არ იყო. უბრალოდ შეუძლებლად ვთვლიდი იმის დაჯერებას, რომ ქარს თავისი საკუთარი ნება გააჩნია და მეძებს, ან მართლა გვამჩნევდა და გორაკის თავზე გვესხმოდა თავს. ვუთხარი, რომ «თავისი ნების მქონე ქარის» იდეა საკმაოდ პრიმიტიული სამყაროს იდეა იყო.
— მაშ, რა არის ქარი? — მკითხა გამომწვევი ტონით.
მოთმინებით ავუხსენი, რომ ცხელი და ცივი ჰაერის მასები სხვადასხვა წნევას ქმნიან და წნევა აიძულებს ჰაერის მასებს, რომ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად იმოძრაონ. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა მეტეოროლოგიის საფუძვლების ასახსნელად.
—შენ თვლი, რომ ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება ქარის შესახებ, მხოლოდ ცხელი და ცივი ჰაერის მასებია? — მკითხა გაკვირვებული ტონით.
— ვშიშობ, რომ ასეა, — ვუთხარი მე, და თან ჩუმად ვტკბებოდი ჩემი ტრიუმფით.
დონ ხუანი გაოგნებული ჩანდა. მაგრამ შემდეგ შემომხედა და ხმამაღლა დაიწყო ხარხარი.
— შენი შეხედულებები ყოველთვის საბოლოო შეხედულებებია, — თქვა მან სარკაზმის ელფერით. — ისინი ყოველთვის შენი ბოლო სიტყვებია, ასე არაა? მაგრამ მონადირისთვის შენი სიტყვები სრული სისულელეა. არანაირი განსხვავება არაა წნევა ორი იქნება, სამი თუ ათი. შენ რომ ველურ ბუნებაში გეცხოვრა, გეცოდინებოდა, რომ მწუხრის ჟამს ქარი ძალად იქცევა. მონადირე, რომელიც ღირს თავის ნებად, იცის ეს და შესაბამისად მოქმედებს.
— როგორ მოქმედებს?
— იგი იყენებს მწუხრს და ქარში დამალულ ძალას.
— როგორ?
— თუ მას ეს აწყობს, მონადირე ემალება ძალას და უძრავად ელოდება, სანამ მწუხრი არ ჩაივლის. და ძალა თავისი ძალით იფარავს მას.
დონ ხუანმა ნიშანი მაჩვენა, თითქოს რაღაცას შემოგარსავდა თავისი ხელებით.
— ეს დაცვა ჰგავს...
მან პაუზა გააკეთა და შესაფერის სიტყვას ეძებდა, მე ვივარაუდე —«ჭუპრი».
— სწორია, — თქვა მან. — ძალის დაცვა ისე შემოგგარსავს, თითქოს ჭუპრში იყო. მონადირეს შეუძლია გაშლილ ადგილას დარჩეს და ვერანაირი პუმა, ან კოიოტი, ან ვერანაირი ხმა ვერ შეაწუხებს მას. მთის ლომი შეიძლება მონადირეს პირდაპირ ცხვირთან მიუახლოვდეს და დაყნოსოს, და თუ მონადირე უძრავად დარჩება, მთის ლომი წავა. შემიძლია ამის გარანტია მოგცე.
თუკი მეორე მხრივ, მონადირეს სურს, რომ შეამჩნიონ, ყველაფერი, რაც უნდა გააკეტოს, ისაა, რომ დადგეს გორაკის მწვერვალზე მწუხრის ჟამს. ძალა თან გაჰყვება მას და მთელი ღამე განაგრძობს მის ძებნას. ამიტომ, თუ მონადირეს სურს, რომ მთელი ღამე იმოგზაუროს ან ფხიზლად დარჩეს, მისაწვდომი უნდა გახდეს ქარისთვის.
ამაში მდგომარეობს დიადი მონადირეების საიდუმლო. იყო მისაწვდომი ან მიუწვდომელი გზის საჭირო მოსახვევში.
მე მსუბუქი დაბნეულობა ვიგრძენი და გამეორება ვთხოვე. დონ ხუანმა ძალიან მოთმინებით ამიხსნა, რომ მან გამოიყენა მწუხრის დრო და ქარი იმისთვის, რომ მიენიშნებინა გადასვლების დიდ მნიშვნელობაზე — დამალვის საჭიროებიდან მისაწვდომობის საჭიროებაზე.
შენ უნდა ისწავლო, რომ გაცნობიერებულად გახდე მისაწვდომი ან მიუწვდომელი, — თქვა მან. — ახლა ისე ცხოვრობ, რომ გამუდმებით მისაწვდომი ხარ.
მე გავაპროტესტე. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო იდუმალი ხდებოდა. მან თქვა, რომ მე ვერ გავიგე ის, რასაც მეუბნებოდა, და რომ მიუწვდომლად ყოფნა არ ნიშნავს დამალვას ან იდუმალებას, არამდე ნიშნავს იმას, რომ მიუღწეველი ხარ.
— მოდი, ამას სხვანაირად ვიტყვი, — განაგრძო მან მოთმინებით. — არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმალები თუ არა, თუკი ყველამ იცის, რომ იმალები.
შენი პრობლემები, ზუსტად ახლა, სწორედ აქედან გამომდინარეობს. როცა იმალები, ყველამ იცის, რომ იმალები, ხოლო როცა არ იმალები, მისაწვდომი ხარ და ნებისმიერს შეუძლია რაიმე გაგიყაროს.
რაღაც საფრთხე ვიგრძენი და თავის დაცვა მოვინდომე.
— ნუ ღელავ, — თქვა მშრალად დონ ხუანმა, — ამაში არაა საჭიროება. ჩვენ — სულელები ვართ, ყველანი ჩვენ, და შენ არ შეგიძლია სხვა იყო. ერთხელ, ჩემს ცხოვრებაში მეც ისევე, როგორც შენ, მისაწვდომი გავხადე თავი და ამას ისევ და ისევ ვაკეთებდი, სანამ ჩემში არაფერი დარჩა, გარდა ტირილისა. და ამ ყველაფერს სწორედ ისევე ვაკეთებდი, როგორც შენ.
დონ ხუანმა წამით ხელები მომხვია, შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა.
—თუმცა მე შენზე ახალგაზრდა ვიყავი, — განაგრძო მან. მაგრამ ერთხელაც ყელში ამომივიდა და შევიცვალე. ასე ვთქვათ, რომ ერთხელ, როცა მონადირე ვხდებოდი, ვისწავლე იმის საიდუმლო, თუ როგორ ვყოფილიყავი მისაწვდომი ან მიუწვდომელი.
ვუთხარი, რომ რასაც მეუბნებოდა, ყველაფერი ჩემს მიღმა გადიოდა. მართლა ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა «მისაწვდომად ყოფნაში». მან გამოიყანა ესპანური იდიომატური გამოთქმა «პონერსე ალ ალკანს» და «პონერსე ენ ელ მედიო დელ სამინო», «დააყენო საკუთარი თავი მისაწვდომობის ფარგლებში» და «დააყენო საკუთარი თავი გზატკეცილის შუაში». გახვიდე გზატკეცილის შუა ნაწილიდან, სადაც მანქანები დადიან. შენ სულ იქ ხარ, ამიტომ, აზრი არ აქვს დამალვას. შენ მთლიანად იქ ხარ, ამიტომ, მხოლოდ წარმოიდგენ, რომ დაიმალე. გზის შუაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყოველი გამვლელი აკვირდება, როგორ მიდიხარ და მოდიხარ.
მისი მეტაფორა საინტერესო იყო, მაგრამ მაინც ბუნდოვანი.
—შენ სულ გამოცანებით მელაპარაკები, — ვუთხარი მე.
წამით გამჭოლად შემომხედა, შემდეგ კი მელოდიის კნავილი დაიწყო. ზურგი გავმართე და მზადყოფნაში ვიყავი. უკვე ვიცოდი, რომ როცა დონ ხუანი მექსიკურ მელოდიას კნაოდა, რაღაცით ჩემ გაყრუებას აპირებდა.
— ეი, — თქვა მან და თან გაღიმებული მიყურებდა, — როგორაა შენი ქერა მეგობარი გოგო? ის გოგო, რომელიც ოდესღაც მართლაც მოგწონდა?
როგორც ჩანს, ისე შევხედე, როგორც ჩიხში მომწყვდეულმა იდიოტმა. მან სიამოვნებით გადაიხარხარა. არ ვიცოდი, რა მეთქვა.
— შენ მომიყევი მის შესახებ, — მითხრა გამამხნევებლად.
მაგრამ მე არ მახსოვდა, რომ ოდესმე ვინმეს შესახებ მომეყოლა მისთვის, მითუმეტეს ქერას შესახებ.
— არასოდეს მსგავსი რამ არ მითქვამს შენთვის, — ვუთხარი მე.
— რა თქმა უნდა მითხარი, — თქვა მან, თითქოს კამათზე უარს ამბობსო.
შეწინააღმდეგება მინდოდა, მაგრამ შემაჩერა და მითხრა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან გაიგო მის შესახებ, და რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ ის მომენტია, რომ მე ის მომეწონა.
მტრული განწყობა ვიგრძენი მის მიმართ იმის გამო, რომ ჩემს სულში შემოძრომას ლამობდა.
— ნუ ჯიუტობ, — თქვა დონ ხუანმა მშრალად. — დრო მოვიდა, რომ გაწყვიტო შენი მნიშვნელოვნობის გრძნობა.
— ოდესღაც შენ გყავდა ქალი, ძალიან ძვირფასი ქალი, და ერთხელაც დაკარგე იგი.
ვცდილობდი გამეხსენებინა, როდის ვუთხარი მას ეს ყველაფერი, და მივედი დასკვნამდე, რომ ასეთი შესაძლებლობა არასოდეს არ ყოფილა. და მაინც, შემეძლო. ყოველთვის, როცა ჩემთან ერთად მანქანით მოდიოდა, განუწყვეტლივ ვსაუბრობდით ხოლმე. ყველაფერი არ მახსოვს, რაზეც ველაპარაკებოდი, რადგანაც არ შემეძლო თან მანქანა მეტარებინა და თან ჩამეწერა. რაღაცნაირად უფრო მშვიდად ვიგრძენი თავი, როცა ასეთ დასკვნამდე მივედი. ვუთხარი, რომ მართალი იყო. მართლაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქერა გოგო ჩემს ცხოვრებაში.
— რატომ არაა შენთან ერთად? — მკითხა მან.
—წავიდა.
— რატომ?
— ბევრი მიზეზი იყო.
— არც ისე ბევრი. მხოლოდ ერთი. შენ ზედმეტად მისაწვდომი გახდი.
ძალიან მინდოდა გამეგო, რას გულისხმობდა. მან კვლავაც სუსტ ადგილას ჩამავლო. როგორც ჩანდა, ხვდებოდა თავისი სიტყვების ეფექტს, ტუჩები ბანტივით მოპრუწა და გამცემი ღიმილი დამალა.
— ყველამ იცოდა თქვენ შესახებ, — თქვა მან ურყევი დარწმუნებულობით.
— ნუთუ ეს არასწორი იყო?
— ეს სასიკვდილოდ არასწორი იყო. იგი მშვენიერი ადამიანი იყო.
მე გულწრფელი განცდა მქონდა, რომ მისი ეს გამოცნობები უსიამოვნო იყო ჩემთვის, რომ იგი ყოველთვის ისეთი დარწმუნებულობით აკეთებს თავის განცხადებებს, თითქოს თავად ყოფილიყოს იქ და თავად ენახოს ყველაფერი.
— მაგრამ ეს სიმართლეა, — თქვა მან განმაიარაღებელი უმანკოებით. — მე «დავინახე» ეს ყველაფერი. ის შესანიშნავი პიროვნება იყო.
ვიცოდი, რომ მასთან კამათი უაზრობა იყო, მაგრამ ვბრაზობდი იმის გამო, რომ ჩემი ცხოვრების მტკივნეულ ადგილს შეეხო, და ვთქვი, რომ გოგო, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, სულაც არ იყო ისეთი შესანიშნავი ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, და რომ, ჩემი აზრით, ის სუსტი უფრო იყო.
— ისევე, როგორც შენ, — თქვა მან მშვიდად. — მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ შენ ყველგან ეძებდი მას. ეს მას განსაკუთრებულ პიროვნებად აქცევს შენს სამყაროში. ხოლო განსაკუთრებული პიროვნებებისთვის მხოლოდ მშვენიერი სიტყვები უნდა გვქონდეს.
გაღიზიანებული ვიყავი. უზარმაზარმა სევდამ მომიცვა.
— რას მიშვრები, დონ ხუან? — ვკითხე მე. — შენ ყოველთვის წარმატებას აღწევ, როცა ცდილობ, რომ დამანაღვლიანო, რატომ?
— შენ ახლა ინდულგირებას აკეთებ და სენტიმენტალიზმში გადადიხარ, — დამადანაშაულა მან.
— და მაინც, რაშია საქმე, დონ ხუან?
— იყო მიუწვდომელი, აი რაში, — განაცხადა მან. — შენში ამ პიროვნების შესახებ მოგონება მხოლოდ იმისთვის გამოვიწვიე, რათა დამენახვებინა შენთვის ის, რაც ქარის მეშვეობით ვერ დაგანახე.
— შენ ის იმიტომ დაკარგე, რომ მისაწვდომი იყავი. შენ ყოველთვის მისაწვდომი იყავი მისთვის და შენი ცხოვრება ერთი გაწერილი განრიგი იყო.
— არა, — ვუთხარი მე. — არ ხარ მართალი. ჩემი ცხოვრება არასოდეს არ ყოფილა განრიგით გაწერილი.
—იყო გაწერილი და ახლაც გაწერილია, — თქვა მან დოგმატურად. — ეს არაა ჩვეულებრივი განრიგი, ამიტომ გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ასე არაა, და რომ ეს განრიგი არაა, მაგრამ გარწმუნებ, ეს ასეა.
ჰიპოქონდრიისკენ წასვლა და სევდიან ფიქრებში ჩაძირვა მინდოდა. მაგრამ რაღაცნაირად მისი თვალები მაღელვებდნენ. მეჩვენებოდა, რომ გამუდმებით მიბიძგებდნენ.
— მონადირის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მიუწვდომელი იყო, — თქვა მან. — ქერას შემთხვევაში ეს ის იქნებოდა, რომ შენ მონადირე უნდა გამხდარიყავი და ფრთხილად შეხვედროდი მას, არა ისე, როგორც აკეთებდი ამას. შენ დღიდან დღემდე რჩებოდი მასთან, სანამ გრძნობათაგან მხოლოდ მოწყენილობა არ დარჩა, ასე არაა?
მე არ ვპასუხობდი. ვგრძნობდი, რომ პასუხი არ იყო საჭირო. ის მართალი იყო.
— იყო მიუწვდომელი ნიშნავს, რომ შენს გარემომცველ სამყაროს ფრთხილად ეხები. არ ჭამ ხუთ გნოლს, არამედ მხოლოდ ერთს. არ ასახიჩრებ მცენარეებს მხოლოდ იმისთვის, რომ საცეცხლური გააკეთო. გახსნილი არ ხარ ქარის ძალის მიმართ, თუ ეს გამართლებული არაა. შენ არ იყენებ ადამიანებს და არ ძალადობ მათზე, სანამ არარაობად არ შეიკუმშებიან, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც გიყვარს.
— მე არასოდეს არავინ არ გამომიყენებია, — ვთქვი გულწრფელად.
მაგრამ დონ ხუანი ამტკიცებდა, რომ ვაკეთებდი ამას, ამიტომ, ახლა შემიძლია ჯიუტად ვამტკიცო, რომ დავიღალე ადამიანებისგან და მომბეზრდნენ ისინი.
— იყო მიუწვდომელი ესაა, როცა განზრახ არიდებ თავს იმას, რომ დაქანცო საკუთარი თავი და სხვები, — განაგრძო მან. — ეს ნიშნავს, რომ შენ არ ხარ მშიერი და არც სასოწარკვეთილებაში ხარ, როგორც ის გლახაკი, რომელიც გრძნობს, რომ უკვე ვეღარასოდეს შეჭამს და ამიტომ მთელ საჭმელს ნთქავს, რაც კი შეუძლია, ხუთ გნოლს ერთად.
დონ ხუანი აშკარად წელსქვემოთ მირტყამდა. მე გამეცინა, და როგორც ჩანს ამან სიამოვნება მიანიჭა. ოდნავ შეეხო ჩემს ზურგს.
— მონადირემ იცის, რომ ისევ და ისევ გამოიჭერს ნადავლს თავის მახეში, ამიტომ არ ღელავს. მღელვარება ნიშნავს მისაწვდომად ყოფნას, ანგარიშმიუცემლად მისაწვდომად. როგორც კი მღელვარება გეწყება, სასოწარკვეთილი ეჭიდები რაღაცას. და როგორც კი რაღაცას ჩაეჭიდე, შენ უკვე ვალდებული ხარ, რომ დაიღალო ან ჩაძირო ის, რასაც ან ვისაც ეჭიდები.
ვუთხარი, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად შეუძლებელია მიუწვდომლად ყოფნა. ვამტკიცებდი, რომ ფუნქციონირებისთვის ყველასთვის მისაწვდომი უნდა ვყოფილიყავი, ვისაც ჩემთან ჰქონდა საქმე.