EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში (გვ.9) »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2019-02-10 19:55:59
ორშაბათი, 1961 წლის 24 ივნისი.
დაახლოებით შუადღისკენ, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათი ვიხეტიალეთ უდაბნოში, დონ ხუანმა დასასვენებლად ჩრდილქვეშ შეარჩია ადგილი. როგორც კი ჩამოვსხედით, ლაპარაკი დაიწყო. თქვა, რომ მე უკვე ბევრი რამ გავიგე ნადირობის შესახებ, მაგრამ ჯერ ვერ შევიცვალე იმდენად, რამდენადაც მას სურდა.
— არ არის საკმარისი იმის ცოდნა, თუ როგორ გააკეთო და განალაგო ხაფანგები, — თქვა მან. — მონადირემ მონადირესავით უნდა იცხოვროს იმისთვის, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი აიღოს. საუბედუროდ, ცლილებები რთულია და ძალიან იშვიათად და ნელა ხდება. ზოგჯერ წლები მიდის იმაზე, რომ ადამიანი ცვლილების საჭიროების აუცილებლობაში დარწმუნდეს. მე ამისთვის წლები დამჭირდა, მაგრამ შესაძლოა, არ მქონდა ნადირობისადმი მიდრეკილება. ვფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე რთული იყო, რომ მართლა მომენდომებინა შეცვლა.
მე დავარწმუნე, რომ მესმოდა მისი. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც ჩემთვის ნადირობის სწავლება დაიწყო, მეც დავიწყე ჩემი მოქმედებების გადახედვა. შესაძლოა, ყველაზე დრამატული აღმოჩენა ის იყო, რომ დონ ხუანის ცხოვრების წესი მომწონდა. მომწონდა დონ ხუანი, როგორც პიროვნება. იყო რაღაც სოლიდური მის ქცევაში. მისი მოქმედებები არანაირ ეჭვს არ ტოვებდა მის ოსტატობასთან მიმართებაში და ამავე დროს იგი არასოდეს იყენებდა საკუთარ უპირატესობას იმისთვის, რომ ჩემგან რაღაც მოეთხოვა. მისი ინტერესი ჩემი ცხოვრების წესის შეცვლისადმი, როგორც მე ვგრძნობდი, იღვრებოდა უმეტესწილად უპიროვნო შთაგონებებში ან უფრო მეტად ჩემი წარუმატებლობების ავტორიტეტულ კომენტარებში. მან მაიძულა, რომ ძალიან ნათლად გამეცნობიერებინა ჩემი წარუმატებლობები, და მაინც, ვერანაირად ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო მისი ცხოვრების წესს, რაიმე შეეცვალა ჩემში. გულწრფელად მჯეროდა, რომ იმ ფაქტის შუქზე, რაც მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრებისთვის გამეკეთებინა, მისი ცხოვრების წესი მხოლოდ სევდას და სირთულეებს მომიტანდა. აქედან იყო მთელი ჩემი პასიურობა. თუმცაღა, ვისწავლე მისი ოსტატობის პატივისცემა, რომელიც ყოველთვის სილამაზისა და სიზუსტის ტერმინებით გამოიხატებოდა.
— მე გადავწყვიტე შევცვალო ჩემი ტაქტიკა, — თქვა მან.
განმარტება ვთხოვე. მისი განცხადება ბუნდოვანი იყო, და დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ ეს რაღაცნაირად მე მეხებოდა.
— კარგი მონადირე თავის გზებს იმდენად ხშირად ცვლის, როგორც ჭირდება, — მიპასუხა მან. — შენ ეს თავადაც იცი.
— რა ჩაიფიქრე დონ ხუან?
— მონადირემ არა მხოლოდ თავისი მსხვერპლის ჩვევები უნდა იცოდეს, ასევე უნდა იცოდეს, რომ დედამიწაზე არიან ძალები, რომლებიც მართავენ ადამიანებსაც, ცხოველებსაც და ყოველივე ცოცხალს.
იგი გაჩუმდა. მე დაველოდე, მაგრამ როგორც ჩანდა დაასრულა ფრაზა.
— რა ძალებია, რომლებზეც საუბრობ? — ვკითხე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
— ძალები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს და სიკვდილს მართავენ.
დონ ხუანი გაჩუმდა, და როგორც ჩანდა მისთვის რთული იყო გადაწყვეტა, თუ რა ეთქვა. ხელებს ისრესდა, თავს აქნევდა და ლოყებს ბერავდა. ორჯერ მომცა ნიშანი, რომ გავჩუმებულიყავი, როცა თავისი იდუმალი განცხადების ახსნა ვთხოვე.
— შენ ვერ შეძლებ ადვილად გაჩერებას, — თქვა მან, როგორც იქნა. — ვიცი, რომ ჯიუტი ხარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაც უფრო ჯიუტი ხარ, მით უკეთესი იქნება, როცა ბოლოსდაბოლოს შეძლებ საკუთარი თავის შეცვლას.
— ვცდილობ, როგორც შემიძლია, — ვთქვი მე.
— არა, არ გეთანხმები. შენ არ ცდილობ ისე, როგორც შეგიძლია. ეს იმიტომ თქვი, რომ უბრალოდ კარგად ჟღერს შენთვის. სინამდვილეში ყველაფერზე ასე ამბობდი, რასაც აკეთებდი. რამე ინდა იღონო, რომ ეს გამოასწორო.
ჩვეულებისამებრ ვიგრძენი ვალდებულება, რომ თავი დამეცვა. დონ ხუანი როგორც ყოველთვის ჩემს ყველაზე სუსტ ადგილებს უმიზნებდა. გამახსენდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა მისი კრიტიკისგან თავის დაცვას ვაპირებდი, ყოველთვის იმით მთავრდებოდა, რომ სულელად ვგრძნობდი თავს. ამიტომ შუაში გავწვყიტე ჩემი გრძელი განმარტებითი მონოლოგი.
დონ ხუანმა ცნობისმოყვარეობით ამხედ-დამხედა და ჩაიცინა. ძალიან კეთილი ტონით მითხრა, რომ ხშირად უთქვამს იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველანი სულელები ვართ, და არც მე ვარ გამონაკლისი.
— შენ ყოველთის ვალდებულად გრძნობ თავს, რომ ახსნა შენი მოქმედებები, თითქოს ერთადერთი ადამიანი იყო დედამიწაზე, რომელიც არასწორად იქცევა, — თქვა მან. — ეს საკუთარი მნიშვნელოვნების ძველი გრძნობაა. შენ ისმეტისმეტად ბევრი გაქვს. ასევე ბევრი გაქვს პირადი ისტორია. მეორე მხრივ, არ იღებ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას. არ იყენებ შენს სიკვდილს, როგორც მრჩეველს და, რაც მთავარია, შენ მეტისმეტად მისაწვდომი ხარ. სხვა სიტყვებით, შენი ცხოვრება ისეთივე დომხალია, როგორიც მანამდე იყო, სანამ გაგიცნობდი.
მე კვლავაც ვიგრძენი შელახული თავმოყვარეობის გულწრფელი გრძნობა და მინდოდა შევკამათებოდი, რომ ასე არაა. მანიშნა, რომ დავმშვიდებულიყავი.
— უნდა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ამ მოჯადოებულ სამყაროში იმყოფები. ჩვენ მოჯადოებულ სამყაროში ვართ, იცი?
დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე.
— ჩვენ ერთი და იგივეზე არ ვსაუბრობთ, — თქვა დონ ხუანმა. — შენთვის სამყარო მოჯადოებულია, რადგან თუ არ ხარ მისგან დაღლილი, მასთან თანხმობაში იმყოფები. ჩემთვის სამყარო მოჯადოებულია იმიტომ, რომ იგი საოცარია, საშიშია, ჯადოსნურია და აღუწერელია. მე მინდოდა, რომ დამერწმუნებინა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობაში, პასუხისმგებლობის აქ, ამ საოცარ სამყაროში, ამ საოცარ უდაბნოში, ამ საოცარ დროში ყოფნის გამო. მინდოდა დამერწმუნებინე, რომ უნდა ისწავლო სათვალავში ჩასაგდები ქმედებების გაკეთება, რადგანაც აქ მხოლოდ მოკლე დროით იქნები. ფაქტიურად მეტისმეტად მოკლე დროით იმისთვის, რომ ამ სამყაროს ყველა საოცრება ნახო.
მე ვამტკიცებდი, რომ სამყაროსგან დაღლა, მასთან უთანხმოება ზოგადსაკაცობრიო მდგომარეობაა.
— მაშინ შეცვალე იგი, — მიპასუხა მშრალად. — თუ ამ გამოწვევას არ უპასუხებ, იგივეა, რომ უკვე მკვდარი ხარ.
მან მითხრა, რომ დამესახელებინა ჩემი ცხოვრების თემა ან მომენტი, რომელიც ჩემს ყველა აზრს იპყრობდა. მე ვუთხარი: «ხელოვნება». ყოველთვის მინდოდა არტისტი ვყოფილიყავი და მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდი ამას. ჯერ კიდევ შემომრჩა მტკივნეული მოგონება ამ წარუმატებლობაზე.
— შენ არასოდეს აგიღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ამ აღუწერელ სამყაროში იმყოფები, — თქვა მან განაჩენის ტონით. — ამიტომაც არასოდეს ყოფილხარ არტისტი და შესაძლოა ვერასოდეს გახდე მონადირე.
— კი, მაგრამ ეს ყველაზე მეტია, რაც მე შემიძლია, დონ ხუან.
— არა, შენ არ იცი ყველაზე მეტი, რაც შეგიძლია.
— ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.
— კვლავ ცდები. შეგიძლია უკეთ გააკეთო. არის ერთი მარტივი რამ, რომელიც შენში არასწორია. შენ ფიქრობ, რომ ბევრი დრო გაქვს.
იგი შეჩერდა და შემომხედა, თითქოს ჩემს რეაქციას ელოდებოდა.
— შენ ფიქრობ, რომ ბევრი დრო გაქვს, — გაიმეორა მან.
— ბევრი დრო რისთვის, დონ ხუან?
— შენ ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება მარადიულად გაგრძელდება.
— არა, ასე არ ვფიქრობ.
— მაშინ, თუ არ ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება მარადიულად გაგრძელდება, რას ელოდები? რატომ ყოყმანობ იმაში, რომ შეიცვალო?
— და არ მოგსვლია ოდესმე აზრად, დონ ხუან, რომ შეიძლება არ მინდოდეს შეცვლა?
— კი, მომსვლია აზრად. მეც არ მინდოდა შეცვლა, ისევე როგორც შენ. მაგრამ მე არ მომწონდა ჩემი ცხოვრება. მისგან ისევე დავიღალე, როგორც შენ. ახლა ის უკვე აღარ მყოფნის.
დარწმუნებით ვამტკიცებდი, რომ მისი დაჟინება იმაზე, რომ ჩემი ცხოვრების წესი შეეცვალა, შემაშინებელი და საკამათო იყო. ვთქვი, რომ მართლაც ვეთანხმებოდი მას გარკვეულ დონეზე, მაგრამ თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი ყოველთვის სიტუაციის პატრონია, მთელ ამ სიტუაციას აუტანელს ხდის ჩემთვის.
— სულელო, შენ არ გაქვს დრო ამ თამაშისთვის, — თქვა მან მკაცრი ტონით. — რასაც ახლა აკეთებ, შესაძლოა შენი ბოლო მოქმედება გახდეს დედამიწაზე. სრულიად შესაძლებელია, რომ იგი შენი ბოლო ბრძოლა იყოს. არ არსებობს ძალა, რომელიც გარანტიას მოგცემდა, რომ კიდევ ერთ წუთს იცოცხლებ.
— მე ვიცი ეს, — ვთქვი შეკავებული ბრაზით.
— არა, შენ არ იცი ეს, — თქვა მან. — რომ იცოდე, მონადირე იქნებოდი.
მე ვამტიცებდი, რომ ვაცნობიერებდი სიკვდილის არსებობას, მაგრამ ამაზე უსარგებლოა ლაპარაკი ან ფიქრი, რადგანაც ვერაფერს გავაკეთებ, რომ თავიდან ავიცილო იგი. დონ ხუანს გაეცინა და თქვა, რომ იმ კომედიანტს ვგავდი, რომელიც მექანიკურად მისდევდა მისთვის დაწერილ როლს.
— ეს რომ შენი უკანასკნელი ბრძოლა იყოს დედამიწაზე, გეტყოდი, რომ იდიოტი ხარ, — თქვა მან მშვიდად. — დედამიწაზე შენს ბოლო ქმედებას სულელურ აზრებში ხარჯავ.
წუთით გავჩუმდით. ჩემი აზრები ქაოტურად დარბოდნენ. რა თქმა უნდა, ის მართალი იყო.
— შენ დრო არ გაქვს ჩემო მეგობარო, დრო არ გაქვს. ჩვენ არცერთს არ გვაქვს დრო, — თქვა მან.
— გეთანხმები, დონ ხუან, მაგრამ...
— უბრალოდ კი არ დამეთანხმო, — შემაწყვეტინა მან. — იმის ნაცვლდ, რომ ასე იოლად დამეთანხმო, ამის შესაბამისად უნდა იმოქმედო. მიიღე გამოწვევა, შეიცვალე.
— სულ ესაა?
— სწორია. ცვლილება, რომელზეც მე ვსაუბრობ, არასოდეს ხდება თანდათანობით. იგი უეცრად ხდება. შენ კი, არ ამზადებ თავს ასეთი უეცარი, ცვლილების მომტანიმოქმედებისთვის.
ვთვლიდი, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეებს ამბობდა და ავუხსენი, რომ ცვლილებისთვის თუ მოვემზადებოდი, ცხადია, თანდათანობით შევიცვლებოდი.
— შენ საერთოდ არ შეცვლილხარ, — თქვა მან. — აი, რატომ გჯერა, რომ ცოტ-ცოტათი იცვლები. და შესაძლოა, თავად გაოცდე ოდესმე, როცა უეცრად შეიცვლები, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ვიცი, რომ ეს ასეა, ამიტომ არ ვკარგავ დაინტერესებას იმაში, რისი თქმაც მინდოდა. — წამიერი პაუზის შემდეგ დონ ხუანმა თავისი აზრი განაგრძო.
— შესაძლოა სხვაგვარად უნდა მეთქვა, — თქვა მან. — ჩემი რეკომენდაციის მიზანია, შეამჩნიო, რომ ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი ჩვენი ცხოვრების მარადიულობაში. ახლახან ვთქვი, რომ ცვლილება მოულოდნელად და უეცრად ხდება. და სწორედ ასევე მოდის სიკვდილიც. როგორ ფიქრობ, რა შეგვიძლია ამას მოვუხერხოთ?
გადავწყვიტე, რომ რიტორიკულ კითხვას სვამდა, მაგრამ წარბებით ნიშანი მომცა და პასუხისკენ მიბიძგა.
— ვიცხოვროთ ისე ბედნიერად, როგორც კი შეგვიძლია, — ვთქვი მე.
— მართალია, მაგრამ იცნობ ვინმეს, ვინც ბედნიერად ცხოვრობს?
ჩემი პირველი განზრახვა იყო მეთქვა «დიახ». მეჩვენებოდა, რომ მაგალითის სახით შემეძლო მომეყვანა ადამიანთა მთელი რიგი, რომლებსაც ვიცნობდი. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამართლების ცარიელი მცდელობა იქნებოდა.
— არა, — ვუთხარი მე, — მე მართლა არ ვიცი.
— მე ვიცი, — თქვა დონ ხუანმა. — არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან ფრთხილნი არიან თავისი ქმედებების ბუნებასთან მიმართებაში. მათი ბედნიერება მდგომარეობს იმაში, რომ იმოქმედონ იმის სრული ცოდნით, რომ დრო არ აქვთ, ამიტომ მათ ქმედებებს განსაკუთრებული ძალა აქვს. მათ ქმედებებში გრძნობაა...
როგორც მომეჩვენა, დონ ხუანმა საჭირო სიტყვა დაკარგა. საფეთქლები დაიზილა და გაიღიმა. შემდეგ უეცრად წამოდგა, თითქოს ჩვენი საუბარი დასრულებული ყოფილიყოს. მე შევაჩერე, რომ დაემთავრებინა სათქმელი. იგი ჩამოჯდა.
— მოქმედებები ძალაა, — თქვა მან. — განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი მოქმედებს, იცის რა, რომ ეს ქმედებები მისი უკანასკნელი ბრძოლაა. განსაკუთრებული ყოვლისმომცველი ბედნიერებაა, როცა მოქმედებ იმის სრული გაცნობიერებით, რომ ეს მოქმედება შესაძლოა შენი ყველაზე ბოლო მოქმედება იყოს დედამიწაზე. გირჩევ, რომ გადახედო შენს ცხოვრებას და ამ ჭრილში განიხილო შენი ქმედებები.
მე არ დავეთანხმე. ჩემთვის ბედნიერება იმაში მდგომარეობდა, რომ არსებობს ჩემი ქმედებების უწყვეტი თანმიმდევრობა და მე შემიძლია მათი გაკეთება სურვილისამებრ, ვაკეთო ის, რასაც მოცემულ მომენტში ვაკეთებ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ეს მომწონს. ვუთხარი, რომ ჩემი არდათანხმება უბრალოდ ბანალურობა არ იყო და იგი იქიდან გამომდინარეობდა, რომ ამ სამყაროსაც და მეც გარკვეული ხანგრძლივობა გვაქვს.
როგორც ჩანს დონ ხუანი გაამხიარულა ჩემმა მცდელობამ, ჩემი ფიქრებისთვის მნიშვნელობა მიმეცა. იგი იცინოდა, თავს აქნევდა, თმას იქექავდა და ბოლოს, როცა «გარკვეულ ხანგრძლივობაზე» ვსაუბრობდი, თავისი ქუდი მიწაზე დააგდო და ზედ დადგა.
მე იმით დავასრულე, რომ მის კლოუნადაზე გამეცინა.
— შენ არ გაქვს დრო, ჩემო მეგობარო, — თქვა მან. — ამაშია ადამიანური არსებების უბედურება. არცერთ ჩვენგანს არ აქვს საკმარისი დრო. და შენს ხანგრძლივობას არ აქვს აზრი ამ საშინელ ჯადოსნურ სამყაროში.
— შენი ხანგრძლივობა მხოლოდ მშიშარას გხდის, — თქვა მან. — შენს ქმედებებს ვერ ექნება ის სული, ის ძალა, მოქმედებების ის ყოვლისმომცველი ძალა, რომელსაც ის ადამიანი ასრულებს, ვინც იცის, რომ მას თავისი უკანასკნელი ბრძოლა აქვს დედამიწაზე. სხვა სიტყვებით, შენი საქმიანობა არ გხდის ბედნიერს ან ძლევამოსილს.
ვაღიარე, რომ მეშინოდა სიკვდილზე ფიქრის, და დავადანაშაულე იგი იმაში, რომ ჩემში დიდ მღელვარებას იწვევდა თავისი გამუდმებული საუბრით სიკვდილზე.
— მაგრამ ყველანი მოვკვდებით, — თქვა მან.
მან შორეული ბორცვებისკენ მიმითითა.
— იქ არის რაღაც, რაც უეჭველად მელოდება, და მეც უეჭველად შევუერთდები მას, მაგრამ იქნებ შენ სხვანაირი ხარ, და სიკვდილი საერთოდ არ გელოდება?
მას გაეცინა სასოწარკვეთილების ჩემს ჟესტზე.
— მე არ მინდა ამაზე ფიქრი, დონ ხუან.
— რატომ?
— ეს უაზრობაა. თუ ის მელოდება, რატომ უნდა ვიღელვო ამაზე?
— მე არ მითქვამს, რომ უნდა იღელვო.
— აბა, რა უნდა ვაკეთო?
— გამოიყენე იგი, მოახდინე ყურადღების ფოკუსირება შენსა და შენს სიკვდილს შორის კავშირზე. სინანულის, სევდის, დარდის გარეშე. მოახდინე ყურადღების ფოკუსირება იმ ფაქტზე, რომ დრო არ გაქვს, და დაე, შენი ქმედებები შესაბამისი იყოს. დაე, ყოველი შენი ქმედება შენი უკანასკნელი ბრძოლა იყოს დედამიწაზე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება კანონიერი ძალა შენს ქმედებებს. ამ შემთხვევაში, რამდენიც არ უნდა იცოცხლო, შენი ქმედებები არ იქნება მშიშარა ადამიანის ქმედებები.
— ნუთუ ასეთი საშინელებაა მშიშარა ადამიანად ყოფნა?
— არა. ეს ასე არაა, თუ უკვდავი ხარ. მაგრამ თუ სიკვდილს აპირებ, მაშინ დრო არ გაქვს იმისთვის, რომ მშიშარა იყო უბრალოდ იმიტომ, რომ შენი შიში გაიძულებს ისეთ რამეს მოეჭიდო, რაც მხოლოდ შენს ფიქრებში არებობს. ეს გაძინებს მაშინ, როცა გარშემო ყველაფერს სძინავს. მაგრამ შემდეგ საშინელი და ჯადოსნური სამყარო გააღებს შენთვის ხახას, ისევე როგორც ყოველი ჩვენგანისთვის. და მაშინ მიხვდები, რომ შენი გამოცდილი გზები სულაც არაა გამოცდილი. მშიშარად ყოფნა საშუალებას არ გვაძლევს, რომ განვიხილოთ და გამოვიყენოთ ჩვენი ბედი, როგორც ადამიანების ბედი.
— მაგრამ არაბუნებრივია საკუთარ სიკვდილზე გამუმებული ფიქრით ცხოვრება, დონ ხუან.
— ჩვენი სიკვდილი გველოდება, და სწორედ ეს მოქმედება, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენი უკანასკნელი ბრძოლა იყოს დედამიწაზე, — მიპასუხა მან უემოციო ხმით. — მე მას ბრძოლას ვუწოდებ იმიტომ, რომ ეს შერკინებაა, ორთაბრძოლაა. ადამიანთა უმეტესობა მოქმედებიდან მოქმედებამდე ყოველგვარი ბრძოლის და ყოველგვარი აზრის გარეშე გადადის. მონადირე, პირიქით, ზომავს ყოველ ქმედებას. და რადგანაც თავისი სიკვდილის ღრმა ცოდნა გააჩნია, აწონ-დაწონის შემდეგ აკეთებს ქმედებებს, თითქოს მისი ყოველი ქმედება უკანასკნელი ბრძოლა იყოს. მხოლოდ სულელი ვერ შეამჩნევს მონადირის უპირატესობას ყველა დანარჩენ ადამიანთან შედარებით. მონადირე თავის უკანასკნელ ბრძოლას საკადრის პატივს სცემს, და ეს ბუნებრივია, რადგანაც მისი უკანასკნელი ქმედება დედამიწაზე მისი საუკეთესო ქმედება უნდა იყოს. ეს სასიამოვნოა. ეს მას შიშისგან ათავისუფლებს.
—მართალი ხარ, — დავეთანხმე მე. — უბრალოდ ამის გაგება რთულია.
— მრავალი წელი დაგჭირდება იმისთვის, რომ დაარწმუნო საკუთარი თავი, შემდეგ კიდევ მრავალი წელი იმისთვის, რომ შესაბამისად იმოქმედო. მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ საკმარისი დრო დაგრჩა.
— მეშინია, როცა ასე ლპარაკობ, — ვუთხარი მე.
დონ ხუანმა სერიოზული გამომეტყველებით შემომხედა.
—მე უკვე გითხარი, რომ ეს სამყარო მოჯადოებულია, — თქვა მან. — ძალები, რომლებიც ადამიანებს მართავენ, წინასწარგანუსაზღვრელნი, საშინელნი, და ამავე დროს შესანიშნავნი არიან. აქ ბევრი რამაა საინტერესო და სანახავი.
მან ლაპარაკი შეწყვიტა და კვლავ შემომხედა. როგორც ჩანს, რაღაცის თქმას აპირებდა ჩემთვის, მაგრამ გადაიფიქრა და და გამიღიმა.
— ნუთუ არის რაიმე, რაც ჩვენ გვმართავს? — ვკითხე მე.
— რა თქმა უნდა, არიან ძალები, რომლებიც გვმართავენ.
— შეგიძლია აღმიწერო?
— არა, არ შემიძლია, მხოლოდ ის შემიძლია, რომ ძალები, სულები, ქარები ან რაიმე ამდაგვარი ვუწოდო მათ.
მინდოდა გამეგრძელებინა მისი დაკითხვა, მაგრამ სანამ რაიმეს კითხვას მოვახერხებდი, იგი წამოდგა. გაოგნებული ვუყურებდი. ერთი მოძრაობით წამოდგა, მისი სხეული უბრალოდ გაინძრა, ის კი უკვე ფეხზე იყო.
ჯერ კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რა საოცარი მოხერხებულობაა საჭირო იმისთვის, რომ ასეთი სიჩქარით იმოძრაო, როცა მან ბრძანების მშრალი ტონით მითხრა, რომ მომეძებნა კურდღელი, მომეკლა და მზის ჩასვლამდე შემეწვა. ცას შეხედა და მითხრა, რომ საკმარისი დრო მქონდა.
მე ავტომატურად შევუდექი საქმეს, ისე, როგორც უკვე მრავალჯერ გამიკეთებია. დონ ხუანი ჩემ გვერდით დადიოდა და ჩემს მოძრაობებს თვალყურს ადევნებდა. მე ძალიან მშვიდი ვიყავი, ფრთხილად ვმოძრაობდი, და არანაირი სირთულე არ აღმოჩნდა ჩემთვის კურდღლის დაჭერა.
— ახლა მოკალი ის, — თქვა მშრალად დონ ხუანმა.
მე ხაფანგისკენ გავიწიე, რომ კურდღელი ამეყვანა. ყურებში მოვკიდე ხელი და გარეთ გამოვათრიე, და ამ დროს საშინელმა გრძნობამ შემიპყრო. პირველად, მას შემდეგ, რაც დონ ხუანი ნადირობას მასწავლიდა, დავფიქრდი იმაზე, რომ მას არასოდეს უსწავლებია ჩემთვის, თუ როგორ მომეკლა ნადავლი. იმ ხნის განმავლობაში, რაც უდაბნოში დავდიოდით, თავად მან მხოლოდ ერთი კურდღელი, ორი გნოლი და ერთი ჩხრიალა გველი მოკლა.
მე უკან დავაგდე კურდღელი და დონ ხუანს შევხედე.
— არ შემიძლია მისი მოკვლა, — ვუთხარი მე.
— რატომ?
— ეს არასოდეს გამიკეთებია.
— კი, მაგრამ შენ ასობით ფრინველი და სხვა ცხოველი მოგიკლავს.
— იარაღით, და არა შიშველი ხელებით.
— და რა მნიშვნელობა აქვს? კურდღლის დრო ამოწურულია.
დონ ხუანის ტონმა შოკში ჩამაგდო. იგი ისეთი ავტორიტეტული იყო, ისეთი მცოდნე, — არანაირ ეჭვს არ ტოვებდა იმასთან დაკავშირებით, რომ კურდღლის დრო მართლაც ამოიწურა.
— მოკალი! — მიბრძანა მან სასტიკი მზერით.
— არ შემიძლია.
მან დამიყვირა, რომ კურდღელი უნდა მომკვდარიყო. თქვა, რომ მისი ხეტიალი მშვენიერ უდაბნოში დასასრულს მიუახლოვდა, ჩემს ჯიუტობას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ძალამ, ანუ სულმა, რომელიც კურდღლებს მართავს, სწორედ ეს მოიყვანა ჩემს ხაფანგთან სწორედ მზის ჩასვლის წინ.
გრძნობათა მთელმა რიგმა მომიცვა, თითქოს ყველა ეს გრძნობა მე მელოდებოდა. უკიდურესი სიცხადით ვიგრძენი კურდღლის ტრაგედია, რომელიც იძულებული იყო ჩემს ხაფანგში მოხვედრილიყო. რაღაც წამებში ჩემმა გონებამ ჩემი საკუთარი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში გადაინაცვლა. ბევრჯერ თავად ვყოფილვარ კურდღელი.
შევხედე მას, და მანაც შემომხედა. კურდღელი გალიის უკანა კედელს მიაწვა. თითქმის გადმოტრიალდა, ძალიან მშვიდი და უძრავი იყო. ჩვენ უცნაური მზერები გავცვალეთ და ამ მზერაში, რომელიც მე აღვიქვი, როგორც ჩუმი სასოწარკვეთილება, დავინახე სრული იდენტიფიკაცია ჩემს საკუთარ განგებასთან.
— ჯანდაბა, — ვთქვი ხმამაღლა. — მე არასოდეს არ მინდა მოკვლა. ეს კურდღელი თავისუფალი იქნება.
ძლიერმა ემოციამ მაიძულა, რომ ავკანკალებულიყავი. ჩემი ხელები თრთოდნენ, როცა ვცდილობდი კურდღელი ყურებით დამეჭირა. იგი სწრაფად მოძრაობდა და ამიტომ ავაცილე. კიდევ ვცადე და კიდევ ამიცდა ხელი. სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. გულისრევა ვიგრძენი და სწრაფად ვკარი ხელი გალიას, რათა დამენგრია იგი და კურდღელი გამომეშვა. მოულოდნელად გალია მაგარი აღმოჩნდა და არ გატყდა ისე, როგორც ველოდი. ჩემი სასოწარკვეთილება მოუთმენლობის აუტანელ გრძნობამდე გაიზარდა. მთელი ძალის გამოყენებით დავკარი გალიის კიდეს მარჯვენა ფეხი. ჯოხები მაღალი ხმით დაიმტვრა. კურდღელი გარეთ გამოვათრიე. ამ დროს შვება ვიგრძენი, რომელიც შემდეგ მომენტში ნამსხვრევებად დაიფშვნა. კურდღელი დუნედ იდო ჩემს ხელზე. იგი მკვდარი იყო.
არ ვიცოდი, რა მექნა. ვდილობდი გამეაზრებინა, რატომ მოკვდა. დონ ხუანისკენ შევბრუნდი. იგი მიყურებდა. საზარელმა გრძნობამ დამიარა მთელ სხეულში. რაღაც ქვებთან ჩამოვჯექი. საშინლად მტკიოდა თავი. დო ხუანმა თავზე ხელი დამადო და ყურში ჩამჩურჩულა, რომ სანამ მწუხრი დამთავრდებოდა, უნდა გამეტყავებინა და შემეწვა კურდღელი.
გული მერეოდა. იგი ძალიან მოთმინებით მელაპარაკებოდა, თითქოს ბავშვს ელაპარაკებაო. მითხრა, რომ იმ ძალებმა, რომლებიც ადამიანებს და ცხოველებს ხელმძღვანელობენ, სწორედ ეს კურდღელი მომიყვანეს, სწორედ ისევე, როგორც მე მიმიყვანენ ჩემს საკუთარ სიკვდილთან. თქვა, რომ კურდღლის სიკვდილი საჩუქარი იყო ჩემდამი, ისევე, როგორც ჩემი სიკვდილი იქნება საჩუქარი ვინმესადმი ან რამესადმი.
თავბრუ მეხვეოდა. ამ დღის მარტივმა მოვლენებმა სრულიად გამანადგურა. ვცდილობდი მეფიქრა, რომ ეს უბრალოდ კურდღელია. და მაინც, ვერანაირად ვერ ვიშორებდი იმ გაიგივებას, რომელიც მასთან მაკავშირებდა.
დონ ხუანმა თქვა, რომ ცოტა მაინც უნდა შემეჭამა მისი ხორცი, თუნდაც ერთი ნაჭერი, იმისთვის, რომ ჩემი მონაპოვარისთვის ფასი მიმეცა.
— არ შემიძლია ამის გაკეთება, — გავაპროტესტე პასიურად.
— ჩვენ ნაგავი ვართ ამ ძალების ხელში, — მომახალა მან. — ამიტომ, შეწყვიტე საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნება და გამოიყენე საჩუქარი საჭიროებისამებრ.
კურდღელი ავიყვანე. ის თბილი იყო. დონ ხუანი დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა:
— შენი ხაფანგი მისი უკანასკნელი ბრძოლა იყო დედამიწაზე. გეუბნებოდი, რომ მეტი დრო აღარ ჰქონდა დარჩენილი ამ მშვენიერ უდაბნოში სახტუნაოდ.
magma.ge