EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ოსმალეთის იმპერია »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-05-07 01:50:01
ოსმალეთის იმპერია (ოსმ. "دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّهί", Devlet-i Âliye-i Osmâniyye; თურქ. Osmanlı İmparatorluğu), ასევე ისტორიულად მოიხსენიებოდა, როგორც თურქეთის იმპერია ან თურქეთი — სუნიტურ-ისლამური სახელმწიფო, დაარსდა ოღუზი თურქების მიერ ოსმან I-ის მეთაურობით ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში 1299 წელს. მურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა.
XVI-XVII საუკუნეებში, მისი ძლიერების მწვერვალზე სულთან სულეიმან კანონმდებლის მმართველობისას, ოსმალეთის იმპერია იყო მძლავრი მრავალეთნიკური და მრავალენოვანი იმპერია, რომელიც აკონტროლებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთი აზიის, კავკასიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სომალის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილს. XVII საუკუნის დასაწყისში იმპერია მოიცავდა 32 პროვინციასა და უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო დანარჩენებმა საუკუნეთა მსვლელობისას სხვადასხვა სახის ავტონომია მიიღეს.
კონსტანტინოპოლის ფლობითა და ხმელთაშუა ზღვისპირა ტერიტორიების კონტროლით, ოსმალეთის იმპერია ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური და აღმოსავლური სამყაროების ურთიერთობის ცენტრში. ევროპულ სახელმწიფოებთან ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებების შედეგად იმპერია მნიშვნელოვნად დასუსტდა და პირველი მსოფლიო ომის შედეგად საბოლოოდ დაიშალა. მის ტერიტორიაზე კი თურქეთის რესპუბლიკის გარდა წარმოიშვა ბალკანეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობა.
რამდენიმეჯერ ოსმალეთის არმია ცენტრალურ ევროპაშიც შეიჭრა, ვენის ალყით 1529 წელს და ხელმეორედ 1683 წელს ჰაბსბურგის სამფლობელოების დაპყრობის მცდელობაში. მათი განდევნა მხოლოდ ევროპის კოალიციის ძალებით მოხერხდა. ეს ერთადერთი არა-ევროპული ძალა იყო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის აღმავლობას XV—XX საუკუნეებში, რის გამოც იგი საბოლოოდ ევროპის ძალთა დაბალანსების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა.
იმპერიის დაშლა პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი შედეგი იყო, როდესაც მოკავშირეთა ძალებმა დაამარცხეს აქსისის ძალები ევროპაში, ხოლო ოსმალეთის ძალები ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე. ომის დასასრულს ოსმალეთის მთავრობა დაიშალა და იმპერია გამარჯვებულმა ძალებმა გაიყვეს. მომდევნო წლებში ოსმალეთის იმპერიის ნაწილებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთის რესპუბლიკა იყო. ამ ახალმა რესპუბლიკამ ოსმანთა დინასტია თურქეთის 150 პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1974 წელს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დართო ნება ოჯახის შთამომავლებს თურქეთის მოქალაქეობა დაებრუნებიათ, რომელიც ოჯახის მეთაურმა, ერთუგრულ ოსმან V-მ 2004 წელს დაასრულა.
სიტყვა „ოსმალეთი“ მომდინარეობს იმპერიისა და მისი მმართველი ოსმანების (ოსმალების) დინასტიის დამფუძნებლის, ოსმან I-ის სახელიდან, რომელიც არაბული წარმოშობის სახელის სპარსული ფორმიდან, უტმანიდან ( عثمان) წარმოსდგება. ოსმალურ ენაში იმპერიას უწოდებდნენ دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّه-ს (Devlet-i ʿAliyye-yi ʿOsmâniyye) ან ოსმანლი დევლეთი-ს („ოსმალეთის სახელმწიფო”) თანამედროვე თურქულში სახელმწიფოს მოიხსენიებენ, როგორც ოსმანლი იმპარატორლუღუ (Osmanlı İmparatorluğu; „ოსმალეთის იმპერია”) ან ოსმანლი დევლეთი (Osmanlı Devleti; „ოსმალეთის სახელმწიფო”).
დასავლეთში გამოიყენებოდა როგორც „ოსმალეთის იმპერია”, ისე „თურქეთი”, თუმცა „თურქეთი” ფორმალურთან ერთად არაფორმალურ სიტუაციებშიც გამოიყენებოდა და შესაბამისად, უფრო ფართო გამოყენება ჰქონდა. ეს საკითხი საბოლოოდ 1920-1923 წლებში გადაიჭრა, როცა ანკარაში ახლადჩამოყალიბებულმა მთავრობამ თურქეთი სახელმწიფოს ერთადერთ ოფიციალურ სახელწოდებად დაამტკიცა.
დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებედნენ. სახელი წარმოიშვა ბერძნული ფრაზიდან (ისტიმ ბოლინ), ეგურ დიალექტზე (ისტამ ბოლინ), რაც ნიშნავს „ქალაქში“, „ქალაქისკენ“, ან „ქალაქის ცენტრში“, თუმცა ოფიციალურად სახელი „ქუსტანტანია“ გამოიყენებოდა, რაც არაბულად „კონსტანტინეს ქალაქს“ ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს ეწოდა.
თურქთა მომთაბარე ტომი, ისტორიაში ცნობილი ოსმალო თურქთა სახელწოდებით, აღმოსავლეთიდან მოვიდა და შეცვალა სელჯუკი თურქები, რომელნიც თავის მხრივ პირველად XI საუკუნეში გამოჩნდნენ მცირე აზიაში. ეს ტომი საქართველოში შემოჭრას იწყებს XV საუკუნიდან.
საქართველოს მაშინ კიდევ ვერ მოესწრო წელში გამართულიყო მონღოლების გამანადგურებელ შემოსევათა შემდეგ და დასუსტებული იყო შინაგანი პოლიტიკური არეულობის გამო. ამიტომ ხანგრძლივი და სისხლის მღვრელი ომების შედეგად ოსმალო თურქებმა შეძლეს თავიანთი ჭარბი ძალებით XVI საუკუნის
მეორე ნახევარში ხელში ჩაეგდოთ სამხრეთი საქართველო და იქ დაპყრობილი ქვეყნის მმართველობის მკაცრი რეჟიმი დაამყარეს.
საქართველოს ამ ნაწილის ხელში ჩაგდების მომენტიდან თურქები შეუდგნენ ქართველთა მთელი ეროვნული ყოფის მეთოდურად აღმოფხვრას მოსახლეობის გათურქებისა და ქრისტიანული კულტურის მოწინავე ქვეყანაში ისლამის რელიგიის ძალდატანებით დანერგვის გზით. თურქები ნახევრად ველურ მომთაბარეთა მორალით ხელმძღვანელობდნენ და თავიანთ განზრახვათა განსახორციელებლად არავითარ საშუალებას არ ერიდებოდნენ.
იმ ძალადობას, რასაც თურქები დაპყრობილ მხარეში ჩადიოდნენ, აღნიშნავს XVIII საუკუნის ცნობილი მეცნიერი ვახუშტი ბაგრატიონიც, როცა ამბობს, რომ დაპყრობილი მხარის წარჩინებულ ქართველთა წოდება თურქულ ენაზე გადავიდა, "დამჭირნეობისათვის ოსმალთა" (იხ. ვახუშტი, "აღწერა სამეფოსა საქართველოისა", გვ. 131).
მაგრამ თურქი ხელისუფალნი პირდაპირი რეპრესიების გარდა, რასაც ქართველი მოსახლეობა სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა, მიმართავდნენ არაპირდაპირი ზემოქმედების ზომებსაც იმისათვის, რომ დაპყრობილი მოსახლეობა იძულებული გაეხადათ ხელი აეღო თავის საუკუნეობრივ ეროვნულ ტრადიციებზე. ეს იყო ეკონომიკური ზეგავლენა, რაც გამოიხატებოდა აუტანელი გადასახადების შეწერით, რომლებითაც სპეციალურად დაბეგრეს არამუსლიმანი მოსახლეობა. იმავე "დავთარში" არის მასალები, რომლებიც ახასიათებენ ხალხის ჩაგვრის ამ ხერხს. "დავთრის" მიხედვით, მრავალ სხვა გადასახადს გარდა, არამუსლიმანი, ამ შემთხვევაში ქართველი მოსახლეობა, იხდის კომლობრივ გადასახადს, ეგრეთ წოდებულ "ისფენჯს" 25 ახჩის ოდენობით, რაც იმ დროის მიხედვით მძიმე ტვირთს წარმოადგენდა განსაკუთრებით იმ მოსახლეობისათვის, რომელიც თავდადებულად იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად და გაღატაკებული იყო მომთაბარეთა ურდოების ხანგრძლივი თავდასხმებით. ამავე დროს კი, მუსლიმანი გაცილებით ნაკლებს იხდიდა: ეგრეთ წოდებულ "ბენაქს" და "მუჯერეთს", 18 ან 12 ახჩს. "დავთარში" 127, 262, 274, 358, 365 და სხვა გვერდებზე მუსლიმის ყოველ სახელთან არის სპეციალური აღნიშვნა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პირი მუსლიმანია და ამიტომ შეღავათიან გადასახადს იხდის.
ასევე მკაცრი იყო თურქეთის პოლიტიკა თურქების მიერ დაპყრობილ მეორე სექტორში - ჭანეთში (ლაზთა ქვეყანაში). დამპყრობი თურქების დაჟინებით მისწრაფებას - ჩაეხშოთ ლაზებში საუკუნეობით განმტკიცებული ეროვნული თვითმყოფობის ყოველგვარი გამოვლინება - ლაზები უპირისპირებდნენ მტკიცე ეროვნულ თვითშეგნებას და, მიუხედავად სრული იზოლაციისა და მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტისა, დღემდე შეინარჩუნეს მშობლიური ლაზური ენა. ლაზებისადმი თურქების მხრივ ზიზღით აღსავსე და ეროვნულად შეურაცხმყოფ დამოკიდებულებას მოწმობს თურქული ანდაზა: "ლაზლარინ თერმონი-მისლიმან იემეზ ონი", ე.ი. "ლაზური ფელამუში მუსლიმანს არ ეჭმევაო" (ნიკო მარი, თურქეთის ლაზისტანში მოგზაურობიდან, გვ. 627).
ვფიქრობ, აქ უადგილო არ იქნება ცოტა რამ ვთქვათ ლაზთა ტერიტორიული გავრცელების შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ლაზთა ქართველური ტომის ქვეყანა ვრცელდებოდა შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებით სამსუნის ვილაიეთამდე ჩათვლით. ამის შესახებ ინგლისელი კონსულის ჯიფორდ პალგრევის ანგარიში, რომელიც მოყვანილია აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას და აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სტატიაში (იხ. გაზეთი "კომუნისტი", 1945 წლის 14 დეკემბერი) სხვა ფაქტითაც დასტურდება. საქმე ის არის, რომ მსოფლიო სპეციალურ ლიტერატურაში შავი ზღვის სანაპიროს ყველა თურქული დიალექტი, მათ შორის სამსუნის ვილაიეთის დიალექტებიც, უსაფუძვლოდ როდია ცნობილი "ლაზურ-თურქულის" სახელწოდებით (გერმანულად - Lazisch - Türkisch, იხ. მაგალითად, პოლონელი პროფესორის, ტადეუშ კოვალსკის სამიმოხილვო სტატია Enzuklopädie des Islam-ის IV ტომში, გვ. 996 და სხვ.). ცხადია, რომ ანატოლიის ამ ნაწილში გაბატონებული ლაზური ენობრივი სუბსტრატი ფრიად ქმედითი ფაქტორი იყო, რაც სპეციფიკურ ლაზურ ელფერს აძლევდა ლაზთა ამ ტერიტორიაზე ძალდატანებით გავრცელებულ თურქულ ენას.
ეს გარემოება მოწმობს არა მარტო ლაზთა ტერიტორიულ გავრცელებას აღნიშნულ ფარგლებამდე, არამედ ლაზებისა და საერთოდ ქართველთა ტომების კულტურულ უპირატესობასაც დამპყრობ თურქებთან შედარებით.
თურქების მიერ უსამართლოდ მიტაცებული სამცხის მხარე საქართველოსათვის იყო არა "განაპირა მხარე, არა პერიფერია, არამედ ცენტრი" ქართული კულტურისა. ამ კულტურის შემოქმედნი, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია ხალხური და ფილოსოფიური შემოქმედების შედევრები, სამხრეთ საქართველოდან წარმოსდგებოდნენ. აქვე იქმნებოდა ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების ცნობილი შესანიშნავი ძეგლები, რომლებიც მოსულ დამპყრობთა მიერ მოსპობის, დანგრევისა და აბუჩად აგდების საგანი გახდა. აკადემიკოსი ნიკო მარი, რომელიც ამ მხარეებში 1904 წელს მოგზაურობდა, ყველგან ხედავდა მატერიალური კულტურის ქართული ძეგლების "ულმობლად გაძარცულ კედლებს"; ეკლესიები გადაკეთებული იყო მეჩეთებად. "მუეძინის ძახილი ბერთის საყდართან, - ამბობს აკადემიკოსი ნიკო მარი, - ახლა მე იმდენად სევდის მომგვრელი არ მეჩვენება, რამდენადაც დაბისა და ჯმერქის ეკლესიების, სამონასტრო ტაძრების ახლანდელი უბადრუკი მდგომარეობა" ("მოგზაურობის დღიური", გვ. 182). ისტორიის უკუღმართობაზე, თურქთა ძალადობაზე აკადემიკოსი ნიკო მარი "მოგზაურობის დღიურში" ამბობს: "სევდის მომგვრელი იყო ოდესღაც ცოცხალი ქრისტიანობის ბურჯზე ისლამის გამარჯვებული ხმის მოსმენა... იმათი ღვიძლი შვილები, ვინც ქრისტიანობის ეს ძეგლები ააგო, მიისწრაფოდნენ მაღლა ტაძარში, რათა თავიანთი ლოცვა აღევლინათ ისეთ ფორმებში, რაც უცხოა ბერთის მშენებელთათვის. სევდის მომგვრელი იყო ამის დანახვა, სევდის მომგვრელი იყო ამის მოსმენა".