EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბრინჯი უძველესი კულტურა »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2013-02-05 13:30:58
ბრინჯი უძველესი კულტურა
მაღაზიებში იყიდება სხვადასხვა ფერის ბრინჯი. რომელი მათგანია ბავშვისთვის საუკეთესო? საერთოდ, რა ასაკიდან შეიძლება ბრინჯის შეტანა ბავშვის მენიუში?
ბრინჯი უძველესი კულტურაა. მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები, მინერალები და ნახშირწყლები სავსებით აკმაყოფილებს ამ ინგრედიენტებზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. ნახშირწყლებისა და მინერალების შემცველობით ბრინჯი საკვები პროდუქტების ლიდერია.
მისი კიდევ ერთი ღირსება ის არის, რომ იგი იდეალური ბუნებრივი აბსორბენტია - ღრუბელივით ისრუტავს მავნე ნივთიერებებს, რომლებსაც ორგანიზმი სხვადასხვა საკვებთან იღებს. ამავე დროს, ბრინჯი სხვა მარცვლეულზე დაბალკალორიულია, ამიტომ ფართოდ იყენებენ წონის დასაკლები დიეტების დროს. ბრინჯი - საზოგადოდ, მარცვლეული - არ შეიცავს ჩ ვიტამინს, სამაგიეროდ, მასში უხვადაა B ჯგუფის ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, თუმცა ისინი უმთავრესად ბრინჯის კანშია თავმოყრილი, რომელსაც დამუშავებისას აცლიან. ეგრეთ წოდებულ ყავისფერ ბრინჯს კანი ნაწილობრივ აქვს შემოცლილი, ამიტომ მასში მინერალური ნივთიერებების, B ჯგუფის ვიტამინებისა და რთული ნახშირწყლების 80% რჩება. ჩვენში უფრო თეთრი ბრინჯია გავრცელებული. იგი ნაზია, ადვილად ასათვისებელი, შენარჩუნებული აქვს აბსორბციული თვისებები და კვებითი ღირებულება, თუმცა B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით - B1, მასში ძალიან ცოტაა. თეთრი ბრინჯი ფართოდ გამოიყენება ხორციანი და თევზის კერძების გარნირად. ველური შავი ბრინჯი შეიცავს ვიტამინების მთელ სპექტრს, მინერალურ ნივთიერებებსა და აბსორბენტებს.
ფაფა ბავშვებისთვის
ბრინჯის მთავარი ღირსება ის არის, რომ არ შეიცავს ცილა გლუტეინს, რომელიც ცელიაკიით დაავადებული ბავშვებისთვის უკუნაჩვენებია, ამიტომ ასეთი ბავშვების მენიუში პურსა და ხორბლის ფქვილისგან მომზადებულ პროდუქტებს ბრინჯით ცვლიან. პირველი ბრინჯის ფაფა უნდა მოიხარშოს დაფქული ბრინჯისგან. შეგიძლიათ, თვითონვე დაფქვათ. ფაფა თხელი უნდა იყოს, თავდაპირველად - 5%-იანი (100 გ სითხეზე 5 გ (1 ჩაის კოვზი) ბრინჯის ფქვილი), 2 კვირის შემდეგ - 10%-იანი. ზოგიერთი მშობელი მზა ფაფებს ამჯობინებს, რომლებიც ვიტამინებით არის გამდიდრებული. უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის ბრინჯისგან მრავალფეროვანი კერძების მომზადება შეგიძლიათ.
ფანტია ბრინჯი
საჭიროა:
1 ჩაის ჭიქა ბრინჯი;
1,5 ჩაის ჭიქა წყალი ან ბულიონი;
1 სადილის კოვზი რაფინირებული ზეითუნის ზეთი;
მარილი, ზაფრანა.
აიღეთ სქელძირიანი თუჯის ქვაბი, ბრინჯი გარეცხეთ, ქვაბში ჩაასხით ზეთი და გააცხელეთ, შემდეგ ჩაყარეთ ბრინჯი, ხის კოვზით კარგად ამოურიეთ და წყალი ან ბულიონი დაასხით, დაამატეთ მარილიც. შედგით ცეცხლზე, დაამატეთ ზაფრანა, რომელიც ბრინჯს ოქროსფერ შეფერილობას და პიკანტურ არომატს მისცემს, ერთხელ კიდევ ამოურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ქვაბს თავზე დაახურეთ. როგორც კი წყალი ამოშრება, ქვაბი ქურიდან გადმოდგით და თბილად შეახვიეთ. დიდხანს ხარშვა არ არის საჭირო, თორემ ბრინჯის ფაფას მიიღებთ. ბრინჯის ფაფა საუკეთესოა ჩვილებისთვის, რომლებსაც კუჭ-ნაწლავი მოუწესრიგებელი აქვთ და ხშირად გადიან კუჭში თხელი, ლორწოს შემცველი განავლით, აწუხებთ მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება. 10 თვიდან ასეთ ბავშვებს შეგიძლიათ მოუმზადოთ ბრინჯის ფაფა გოგრით.
დაგჭირდებათ:
150 გ მზა ბრინჯის ფაფა;
50 გ თეთრი გოგრა;
5 გ ნაღების კარაქი;
დარიჩინი - გემოვნებით.
დაჭერით გოგრა პატარა ნაჭრებად, ჩააწყვეთ ქვაბში და წყლით დაფარეთ. ჩაუმატეთ კარაქი, ხარშეთ თავდახურულ ქვაბში. მზა გოგრა დააბლენდერეთ და შეურიეთ ბრინჯის ფაფას. დაუმატეთ დარიჩინი. 11 თვიდან უკვე შეიძლება, ბავშვს ტკბილი ფლავითაც გაუმასპინძლდეთ.
დაგჭირდებათ:
150 გ მზა ბრინჯის ფაფა;
20 გ გარგარის ჩირი;
20 გ უკურკო შავი ქლიავის ჩირი;
10 გ ნაღების კარაქი.
გამდინარე ცივ წყალში გარეცხილი ჩირი საათ-ნახევრის განმავლობაში დაალბეთ ადუღებულ წყალში. კარგად რომ დარბილდება, დაჭერით წვრილად ან დააბლენდერეთ და შეურიეთ მზა ცხელ ბრინჯის ფაფას, გააჩერეთ თავდახურული 1-2 წუთით, დაუმატეთ კარაქი.
როგორ შევარჩიოთ ბრინჯი?
ხარისხიანი ბრინჯის მარცვლები მთელია, ჭიანაჭამს აქვს შავი წერტილები; საღი ბრინჯი მაგიდაზე არ ტოვებს ფქვილისებრ ნარჩენს. ყველა დედას სურს, შვილი ჯანმრთელი ჰყავდეს, ამისთვის კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვებაა.