EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ტემპერამენტის ტიპები »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2019-12-12 14:06:06
ტემპერამენტი ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც წარმოადგენს პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის ძირითადი ოთხი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ტემპერამენტის ტიპებია: სანგვილიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური, მელანქოლიკური.
ტემპერამენტთა კლასიფიკაცია გარკვეულ თვისებათა განყენებას ეყრდნობა, რის შედეგადაც ადამიანთა ტემპერამენტების უსაზღვრო მრავალსახიანობა ოთხ ძირითად ტიპად არის დაჯგუფებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი აუცილებლად რომელიმე ერთ ტიპს ეკუთვნის. უფრო ხშირად ადამიანები წარმოადგენენ ნარევ ტიპს ერთერთისკენ მეტნაკლები გადახრით. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ძირითადად სანგვინიკური ტიპის იყოს, მაგრამ ზოგიერთი ქოლერიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდეს.
ისტორია
ადამიანის ეს ფსიქიკური თვისება — ტემპერამენტი, პირველად აღწერა და მისი პირველი ცნება, ისევე როგორც ტემპერამენტთა კლასიფიკაცია მოგვცა ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ ჰიპოკრატემ (ძვ. წ 460 — ძვ. წ. 370), რომელიც მედიცინის მამამთავრად არის მიჩნეული. ჰიპოკრატე თვლიდა რომ ორგანიზმში არის ოთხი სითხე — სისხლი, რომელიც ათბობს ორგანიზმს; ნაღველი, რომელიც სიმშრალეს იცავს ორგანიზმში; შავი ნაღველი, რომელიც სინოტივეს და სითხეს ინახავს ორგანიზმში და ლორწო, რომელიც აცივებს ორგანიზმს (სიცივეს ინახავს). ხოლო ტემპერამენტის თავისებურებას განსაზღვრავს ის, თუ რომელი სითხე ჭარბობს ადამიანის ორგანიზმში.
ტემპერამენტის ტიპები - სანგვინიკური ტემპერამენტი
სიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან „სანგუის“ (ლათ. Sanguis), რაც სისხლს ნიშნავს. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.
ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. იგი ტიპური ექსტროვერტია. სანგვინიკი მოძრავი ადამიანია. მას ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსური, უშუალო მოქმედება ახასიათებს. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.
ქოლერიკული ტემპერამენტი
„ქოლე“ (ბერძ. χολή) ნიშნავს ნაღველს. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ქოლერიკულ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხ სითხეთა შორის ნაღველის სიჭარბე.
ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის.
ფლეგმატიკური ტემპერამენტი
„ფლეგმა“ (ბერძ. φλέγμα) ნიშნავს ლორწოს. ჰიპოკრატეს აზრით ლორწოს სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავდა ამ ტემპერამენტს.
ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის.
მელანქოლიკური ტემპერამენტი
„მელან ქოლე“ (ბერძ. μελας — შავი; χολη — ნაღველი) მეოთხე სითხეა, ჰიპოკრატეს აზრით, რომლის სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში მელანქოლიკურ ტემპერამენტს განსაზღვრავდა.
ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.