EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გარდნერის თეორია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2019-12-12 18:44:15
ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰ. გარდნერმა (Gardner, 1943-) განავითარა „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია,“ რომლის მიხედვით არსებობს 8 ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი. ინტელექტის ეს სახეებია: ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური (იხ. თითოეული ტიპის განმარტება ანბანური თანმიმდევრობით). თითოეულ ბავშვს გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი ინტელექტის რამდენიმე სახეობა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი აცნობიერებდეს სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა ხარისხით მიდრეკილებას სხვადასხვა ინტელექტისადმი, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების მრავალმხრივად გამოხატვის და განვითარების შესაძლებლობა მისცეს.
„როგორც ერთი ხე, ბალახი ან ცხოველი განსხვავდება მეორისგან, ყველა თავისებურ მოვლას მოითხოვს და ყველას ერთნაირად ვერ მოიხმარს კაცი, ასევე განსხვავდება ერთიმეორისგან ადამიანის ათასგვარი ნიჭიც. რასაკვირველია, არსებობს იშვიათად ისეთი ბედნიერიც, რომელსაც ყველაფერი ეადვილება, მაგრამ ისეთიც ბევრია, რომელიც ერთი რომელიმე საგნისადმი საკვირველ სიბრმავეს და გაუგებრობას იჩენს. ზოგი არწივია განყენებულ მეცნიერებათა სფეროში, მაშინ როდესაც პრაქტიკული მოღვაწეობის ასპარეზზე იგი ისეთ ნიჭს იჩენს, როგორსაც ვირი – არღნის დაკვრაში; ზოგი ყველაფერში ნიჭიერია, მაგრამ მუსიკა სრულებით არ ემარჯვება, ან მათემატიკა, ან პოეზია ან ლოგიკა და სხვა” (დ. უზნაძე).
სწორედ ამ იდეას ავითარებს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰ. გარდნერი თავის მრავალმხრივი ინტელექტის საკმაოდ პოპულარულ თეორიაში. მან შეიმუშავა მრავალმხრივი ინტელექტის კონცეფცია და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინტელექტი არ არის ერთიანი მონოლითი. გარდნერმა გამოყო ინტელექტის 10 სახეობა და მათი შესაბამისი სწავლის სტილი: 1) ლინგვისტური; 2) ლოგიკურ-მათემატიკური; 3) სივრცითი (ვიზუალური); 4) ფიზიკურ-სხეულებრივი; 5) მუსიკალური (სმენითი); 6) შიდაპიროვნული (ინტრაპერსონალური); 7) პიროვნებათაშორისი (ინტერპერსონალური); 8) ნატურალისტური; 9) სულიერ-გონითი; 10) პრაქტიკული.
ინტელექტის ასეთი მრავალგვარობის გათვალისწინებით უკეთ ხერხდება იმის ახსნა, რა არის ჭკუა, გონებამახვილობა, საზრიანობა, მოხერხებულობა, ნიჭი, ტალანტი და სხვა.
ლინგვისტური ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის მიდრეკილებას წერითი და სალაპარაკო ენისკე, ენების სწავლის და ენით სასურველი მიზნის მიღწევისა და მიზნების განხორციელბის უნარს. ეს ინტელექტი ასევე შეიცავს უნარს, ეფექტურად მოახდინოს ადამიანმა თავის გადმოცემა ენისა და ენობრივი საშუალებებით. გარდნერის აზრით ამგვარი ინტელეტი უფრო მეტად განვითარებული აქვთ მწერლებს, პოეტებს, იურისტებს, მომხსენებლებს.
ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი შეიცავს პრობლემების ლოგიკური ანალიზის, მათემატიკური მოქმედებების ამოხსნის და მეცნიერული კვლევის უარებს. გარდნერის სიტყვებით ეს ინტელექტი მოიცავს კანონზომიერების დადგენის, დედუქციური მსჯელობისა და ლოგიკურად ფიქრის უნარებს. ეს ინტელექტი ყველაზე ხშირად უკავშირდება მეცნიერულ და მათემატიკურ აზროვნებას.
სივრცით–ვიზუალური ინტელექტი. ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ვიზუალური (მხედველობით მოცემული) სამყაროს ზუსტი აღქმისა და ვიზუალური გამოცდილების გამოყენების კარგი უნარი. მათ ყურადღებას მეტწილად იპყრობს საგანთა ფერი, ფორმა, ზედაპირის გამოსახულება, იტაცებთ ხაზვა, ხატვა, ძერწვა. ეხერხებათ ადგილების, გარემოს ან მოვლენების დიაგრამის ან რუკის სახით წარმოდგენა.
მუსიკალური ინტელექტი მოიცავს მუსიკალური ნაწარმოებების შერულების, შექმნისა და შეფასების უნარებს. გარდნერის აზრით, შეიძლება სტრუქტურული პარალელის გავლება მუსიკალურ და ლინგვისტურ ინტელექტებს შორის.
ფიზიკურ-კინესთეტიკური ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის უნარს მოახერხოს პრობლემის გადაჭრა მთელი სხეულის ან მისი ნაწილების გამოყენებით. ეს არის გონებრივი უნარების გამოყენებით სხეულის მოძრაობების კოორდინირების უნარი.
ინტერპერსნალური ინტელექტი არის მიმართული სხვა ადამიანების მიზნების, მოტივაციებისა და სურვილების გაგებისკენ. ეს ინტელექტი ეხმარება ადამიანს ეფექტურად ითანამშრომლოს სხვა ადამიანებთან. მასწავლებლები, ვაჭრობაში ჩართული ადამიანები, რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები არიან დაჯილდოებული ამ ინტელექტით.
ინტრაპერსონალური ინეტლექტი არის უნარი საკუთარის თავის შეცნობის, დაფასებისა და გრძნობების აღქმის. გარდნერის აზრით, ეს ინტელექტი გვაძლევს საშუალებას სწორედ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება.
ნატურალისტული ინტელექტი. ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანს უყვარს ბუნება, მცენარეები და ცხოველები, დაინტერესებულია გარემოსეული ეკოლოგიური პრობლემებით, იტაცებს ბაღის მოვლა, ბიოლოგიური მეცნიერება, გეოგრაფია, და
რაც მთავარია, აქვს კლასიფიცირების ნიჭი.
სულიერ–გონითი ინტელექტი. იტაცებთ ეგზისტენციალური საკითხები, ცდილობენ პასუხი გასცენ ქვეყნად ყოფნის ფუნდამენტურ შეკითხვებს, ცდილობენ შეიმუშავონ ქცევისა და კონკრეტულ სიტუაციაში მოქმედების პრინციპები, დაადგინონ ცხოვრების საზრისი, ეძებენ საყრდენს არა მხოლოდ ცოდნაში, არამედ უპირველესად ღირებულებებში.
პრაქტიკული ინტელექტი. გონიერების ის ნაირსახეობაა, როცა ცოცხალი არსება პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ამა თუ იმ ამოცანას წყვეტს თვითონ მოქმედების პროცესში. პრაქტიკული გონიერება ევოლუციის პროცესში პირველად მაღალგანვითარებულ ცხოველებთან გვხვდება. ადამიანში პრაქტიკული
ინტელექტი, ცხადია, გაცილებით უფრო მაღალ დონეზეა წარმოჩენილი. ვისაც უყვარს ხელსაქმე, შეკეთება, ჩხირკედელაობა, ნივთების ერთმანეთთან დაკავშირება ან ხელსაწყოს აწყობა და მოქმედებების დროს გადაწყვეტს პრობლემებს, იგი პრაქტიკული ინტელექტის მაღალი დონით ხასიათდება. ასეთი ადამიანი თეორიულ მსჯელობას ამჯობინებს აკეთოს და იმოქმედოს.
ინტელექტის ის ნაირსახეობები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ყველა ადამიანს აქვს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ იმით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რომელი ნიჭი რა ზომით არის ჩვენში. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტელექტის ყველა ეს ნაირსახეობა ექვემდებარება ვარჯიშსა და განვითარებას. შეგვიძლია, განვავითაროთ ისინი ჩვენივე ძალისხმევით, ოღონდ თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რას ვფლობთ და რის სრულყოფას ვაპირებთ.
ჰოვარდ გარდნერის თეორია საკლასო ოთახში
უკან დაგვრჩა სასერტიფიკაციო გამოცდების ოთხი წელი. როგორც ამბობენ, წინ ახალი საგამოცდო პერიპეტიები გველის, რომლებიც, ჯერ არ ვიცით, რა კრიტერიუმებზე იქნება აგებული, ამიტომ, მოდი, ამჯერად წარსულზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. რა მოგვცა ამ წლებმა? მოსაზრება უამრავია და ურთიერთგამომრიცხავი, შეფასებებში დადებითს უარყოფითი სჭარბობს. როგორც ამ გამოცდებისა და ტრენინგების აქტიურ მონაწილეს (ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველ წელს ვმონაწილეობდი სხვადასხვა საგანში სხვადასხვა მიზნით), საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. მერწმუნეთ, ამ გამოცდილებაში უარყოფითიც მრავლად მოიპოვება, მაგრამ ნება მომეცით, დღეს მაინც დადებით მხარეებზე გესაუბროთ.
თუ მკითხავთ, რა მიმაჩნია სასერტიფიკაციო გამოცდების დადებით მხარედ, ასე გიპასუხებთ: მასწავლებლების აქტიურმა ნაწილმა უკეთესად გაიცნო (ან ახლაღა აღმოაჩინა) მსოფლიო პედაგოგიური აზროვნების კორიფეები. იმედია, ამ აღმოჩენებს უკვალოდ არ ჩაუვლია და გაკვეთილების ხარისხზე აისახა, სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და აქტიური გახადა. მინდა, ამ წერილში სწორედ ერთ ასეთ „აღმოჩენაზე”, კერძოდ, ჰოვარდ გარდნერსა და მის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე გესაუბროთ.
ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია რამდენიმე მიზეზის გამო მიმაჩნია საინტერესოდ. უწინარესად იმიტომ, რომ ის ფართო ასპარეზს იძლევა შემოქმედებითი უნარის წარმოსაჩენად. თეორია სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდა. შემდეგ ის თავად ავტორმაც განავრცო და მისმა მიმდევრებმაც. ახალი იდეების წარმოშობა მომავალშიც არის მოსალოდნელი. გარდნერის თეორია საინტერესოა მის ირგვლივ წამოჭრილი აზრთა სხვადასხვაობის გამოც. მას გამოუჩნდა უამრავი მომხრე, რომლებიც ამტკიცებენ ამ თეორიის სიცოცხლისუნარიანობასა და გამოსადეგობას, მიიჩნევენ, რომ მასწავლებლებს წარმატებით შეუძლიათ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. ამასთანავე, დღემდე არ წყდება საპირისპირო მოსაზრებებიც. ზოგიერთი სავსებით უარყოფს ამ თეორიას (მათ მიაჩნიათ, რომ მრავალმხრივი ინტელექტი არ არსებობს, რომ ადამიანს ერთი ზოგადი ინტელექტი აქვს), ზოგიერთი კი ირწმუნება, რომ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია პრაქტიკაში ძალზე რთული გამოსაყენებელი და, შესაბამისად, უსარგებლოა.
თავისი წიგნი „გონების ჩარჩოები: მრავალმხრივი ინტელექტის თეორია” ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოვარდ გარდნერმა 1983 წელს გამოაქვეყნა. მას იმთავითვე ფართო გამოხმაურება მოჰყვა. გარდნერის მომხრეებს მიაჩნდათ, რომ მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ექსპერიმენტატორი მასწავლებლის მრავალ კითხვას გასცემდა პასუხს, შეგვაძლებინებდა, გაგვეგო მოსწავლეებისთვის, რომლებიც ვერ ერგებოდნენ „ჩვეულებივი” მოსწავლის ყალიბს. გარდნერმა თვალნათლივ დაგვანახვა, როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან მოსწავლეები თავიანთი ინტელექტუალური მონაცემებით და გვირჩია, ყურადღება იმაზე გაგვემახვილებინა, რა შეუძლიათ მოსწავლეებს, ნაცვლად იმისა, რა არ შეუძლიათ მათ.
გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ამტკიცებს, რომ ინტელექტი არ ნიშნავს ტესტებში მიღებულ მაღალ ქულას – ეს პრობლემა ორგანიზებული განათლების დაარსების დღიდან არსებობს. გარდნერის თეორიამ განათლების მუშაკებს ახლებურად გაააზრებინა IQ-ს მნიშვნელობა და გონებამახვილობის განმარტება. მან შეცვალა მრავალი მასწავლებლის სწავლების სტილი.
თავისი იდეები გარდნერმა განავრცო კიდევ ორი წიგნით: „როგორ აზროვნებენ ბავშვები და როგორ უნდა ასწავლონ სკოლებმა” (1991) და „მრავალმხრივი ინტელექტი: თეორია პრაქტიკაში” (1993).
გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის წარმატებით გამოყენების შემთხვევაში მასწავლებლებს შეუძლიათ, მოსწავლეებს სწავლის მრავალი ახალი გზა აღმოაჩენინონ და თითოეულ მათგანს შეურჩიონ ის მეთოდი, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება და თავისი რეალური შესაძლებლობების გაგებისა და შეფასების საშუალებას მისცემს.
ჰოვარდ გარდნერმა უარყო ინტელექტის ერთი საზომით გაზომვის პრინციპი. თავდაპირველად მან გამოყო ინტელექტის 7 სახეობა:
• ლინგვისტურ-ენობრივი ინტელექტი – საუბრისას თუ წერისას ენის ოსტატურად გამოყენების უნარი, კარგი ლექსიკური მარაგი;
• ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი – მათემატიკური ოპერაციებისა და კომპლექსური ლოგიკური აზროვნების გაძლიერებული უნარები;
• მუსიკალური ინტელექტი – მუსიკის შესანიშნავად გაგებისა და შექმნის უნარი;
• სივრცული ინტელექტი – სამყაროს ვიზუალურად ზუსტი აღქმის, დანახულის გონებაში ან ქაღალდზე ასახვა-შეცვლის უნარი;
• სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი – სხეულის მოქნილად გამოყენების, სისწრაფისა და შეხების შეგრძნების უნარი;
• ინტერპერსონალური ინტელექტი – სხვების ხასიათების, სურვილების, მოტივაციების გაგებისა და ემპათიის უნარი;
• ინტრაპერსონალური ინტელექტი – თვითშემეცნების, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გარკვევის, თვითდისციპლინის უნარი.
მოგვიანებით გარდნერმა თავის ნაშრომში „პირველი შვიდი და მერვე” განსაზღვრა მერვე – ნატურალისტური ინტელექტიც.
გარდნერი წერს: „ნატურალისტური ინტელექტი არის უნარი, აღიქვა და ერთმანეთისგან განასხვაო მცენარეები, მინერალები, ცხოველები, გქონდეს ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობის განსაკუთრებული სიყვარული. ზოგიერთი ბავშვი 3-4 წლის ასაკში გაცილებით უკეთესად განასხვავებს ერთმანეთისგან დინოზავრების სახეობებს, ვიდრე ზრდასრულთა უმეტესობა”. მკვეთრად გამოხატული ნატურალისტური ინტელექტის მქონე პიროვნებად გარდნერს ჩარლზ დარვინი მიაჩნდა.
გარდნერის თეორია საკლასო ოთახში
როცა გარდნერს ჰკითხეს, როგორ მოახერხებდნენ მასწავლებლები მისი თეორიის სასწავლო პროცესში იმპლემენტაციას, მან უპასუხა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგეს. იგი უნდა ცდილობდეს ბავშვის ხასიათის ამოცნობას და იმის გარკვევას, რით განსხვავდება ერთმანეთისგან მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები; რაც მთავარია, ხელს უწყობდეს მოსწავლეებს მათი შესაძლებლობების ზედმიწევნით ეფექტურად გამოყენებაში”.
ჰოვარდ გარდნერმა შესაძლებლობა მისცა განათლების სფეროს მუშაკებს, გამოეთქვათ ახალი ვარაუდები სწავლისა და მოსწავლეების შესახებ. მასწავლებლებმა ამ თეორიის მეშვეობით გადაიაზრეს სწავლებისადმი ძველი მიდგომა, მოახერხეს გაკვეთილებისა და შესასწავლი თემების ახლებურად გააზრება.
პატრიცია ვებერი, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის ერთ-ერთი მიმდევარი, წერს: „განათლების სისტემის მიერ დამკვიდრებული ინტელექტის ვიწრო ხედვა უნდა შეიცვალოს და მობილიზაცია გაუკეთდეს ადამიანის მრავალმხრივ ინტელექტს”.
მასწავლებლების უმრავლესობა კარგი მოსწავლე იყო. ისინი თითქმის ყველა მიმართულებით აკმაყოფილებდნენ კურიკულუმის მოთხოვნებს, ანუ მათი უნარები კარგად იზომებოდა ოფიციალურად დამკვიდრებული შეფასების მეთოდებით. მაგრამ რა ქნან იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს თავიანთ შესაძლებლობათა ტრადიციული გზით დემონსტრირება? გვიფიქრია იმაზე, როგორ ვსჯით მათ?
გადნერის თეორია აფართოებს საზღვრებს, რომლებიც ჩვენს წარმოდგენაში არსებობს სწავლის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი მომენტია. 21-ე საუკუნის მოქალაქეები მხოლოდ ლიტერატურული ან მათემატიკური უნარების დახვეწით ვერ მიაღწევენ წარმატებას; მათ მოეთხოვებათ გარემომცველი სამყაროს რეალური პრობლემების დანახვა და გადაჭრა. მომავალ თაობას უნდა შესწევდეს უნარი, იოლად მოიპოვოს და გამოიყენოს ამისთვის ყოველგვარი ინფორმაცია, იყოს პროდუქტიული. გარდნერის თეორია შესაძლებლობას გვაძლევს, ამ გამოწვევებისთვის დღესვე დავიწყოთ მზადება.
გარდნერის თეორიის კიდევ ერთი მიმდევარი, თომას არმსტრონგი, დიდი ხანია აწყობს ვორქშოპებს და პრეზენტაციებს მასწავლებლების დასახმარებლად, შეიმუშავებს მათთვის საკლასო აქტივობებსა და მეთოდებს. არმსტრონგი ეხმარება მასწავლებლებს, გაამრავალფეროვნონ სწავლის მეთოდები, უფრო მეტი იფიქრონ იმ ბავშვებზე, რომლებსაც წარუმატებლობა სდევთ თან, განსაკუთრებით მათზე, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ სწავლის უნარი ან ჰიპერაქტიურობის გამო ყურადღების მობილიზება უჭირთ.
არმსტრონგს მიაჩნია, რომ, მიუხედავად ყველა სირთულისა (დროის დეფიციტისა, რესურსების ნაკლებობისა და სხვ.), მასწავლებლებს შეუძლიათ გაკვეთილზე რვავე ინტელექტის გამოყენება. ამისთვის ზოგჯერ ყურადღება სახელმძღვანელოდან ისეთ ელემენტებზე გადავიტანოთ, როგორიცაა ვიზუალი, დრამატიზება, სიტყვიერება, სოციალიზაცია და ნატურალიზაცია. არმსტრონგის აზრით, მასწავლებელი უკეთეს შედეგს მიაღწევს, თუ მიმართავს მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე დაფუძნებულ სწავლების სტილს და მოიშველიებს შემდეგ ქმედებებს: დახატავს დაფაზე, მოჰყვება ამბებს, საუბრისას ზომიერად გამოიყენებს სხეულის ენას, მოხერხებულად გამოიყენებს რიტმიკას, მოიყვანს მაგალითებს ბუნებიდან და ა.შ.
არმსტრონგი სთხოვს მასწავლებლებს და მშობლებს, უარი თქვან ტრადიციულ წარმოდგენებზე მოსწავლეების ნიჭიერების შესახებ, არ შემოიფარგლონ აკადემიური უნარების შეფასებით და ყურადღება მიაქციონ ისეთ უნარებს, როგორებიცაა, მაგალითად, თაგადასავლების სიყვარული, გარემომცველი სამყაროს ესთეტიკური აღქმა, თანაგრძნობა, გამბედაობა, ხელგარჯილობა, ემოციური სიმწიფე და სხვ.
როგორც ვთქვით, მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას არც კრიტიკოსები აკლია. ზოგიერთი მათგანი მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ამ თეორიით მიღწეული შედეგები ზუსტად არ იზომება ტესტებით. არმსტრონგი ამ მოსაზრებას აბსურდულად მიიჩნევს, რადგან მრავალმხრივი ინტელექტის თეორია თავისთავად პარადიგმული ცვლილებაა, რომელიც სრულიად ახლებურ მიდგომას მოითხოვს შეფასების პრინციპების, საშინაო დავალებების და, საერთოდ, ყველაფრის მიმართ, რაც აზროვნებასთან არის დაკავშირებული.
დაბოლოს, გარდნერის თეორია მასწავლებლებს – განსხვავებული გზებით სწავლების, მოსწავლეებს კი სწავლის პროცესის კორექტირების, საკუთარი შესაძლებლობების გაგებისა და შეფასების საშუალებას აძლევს.