EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვეფხისტყაოსანი: ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა »

კატეგორია: პოეზია

ავტორი: admin

თარიღი: 2020-03-12 10:55:11

ვეფხისტყაოსანი: ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა

შოთა-რუსთაველი-ვეფხისტყაოსანი

“მოვიდა კაცი: «სასიძო მოვაო», მოსლვა გვახარა,
მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;
მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,
მიბრძანა, ახლოს მიმისვა, «მოდიო», თავი დახარა.
 
“მიბრძანა: «ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.
გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია;
კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,
უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია».
 
“მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;
სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;
შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;
მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
 
“მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია,
გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;
მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,
შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისად ყმანია».
 
“მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.
 
“მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა;
შინა წამოვე მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა;
მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:
«ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა».
 
“ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად, დავჰმორჩილდი;
ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: «ცრემლსა რასა ჰმილდი?»
მითხრა: «შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?
გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!»
 
“შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე;
მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე,
წავდეგ, მიბრძანა: «რასა სდგა? დღე გიჩანს წინ საომარე!
ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!»
 
“მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი.
უკუვჰყივლე: «აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!»
შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.
 
“ასსა ვუბრძანე მონასა: «საომრად დაემზადენით!»
შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.
კარავსა შევე, სასიძო ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით,
უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით.
 
“კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე,
ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.
წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე;
ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
 
“ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი;
წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.
ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,
მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!
 
“კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
«აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა».
არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,
ჩემი რა ცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.
 
“ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე. რა გათენდა ღამე დილად,
ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად;
ებრძანა, თუ: «ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,
ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?
 
«ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?
თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?
მე, ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე,
დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!»
 
“მე შევუთვალე: «მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა,
მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!
 
«იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! -
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხდომია:
ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
სამართლით ტახტი უჩემოდ არავის მისახდომია!
 
«ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!
 
«შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!
ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე.
ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,
სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!»“