EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვეფხისტყაოსანი: წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2020-03-12 13:18:46
პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?
მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,
აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.
“შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,
აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები:
ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები,
ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!
“სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე:
ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე,
რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!
“ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია,
იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,
მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია,
უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!
“შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,
ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;
გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე,
ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე.
“მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:
მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა.
ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,
არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.
“გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია,
მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;
ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,
თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.