EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვეფხისტყაოსანი: წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთანა »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2020-03-12 13:21:42
აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი!
დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირალი.
“ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, -
გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!
“ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!
რაზომმცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, მით მათგან საწუნელია;
უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!
“ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?
ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან,
ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან!
გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.
“შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე;
ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე;
აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,
ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.
“შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;
ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.
სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.
ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!
აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.
“აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა,
არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,
კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;
ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!
“ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.
“ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა?!
ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!
“შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა,
ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა.
არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;
ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.
“შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი,
შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!
აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,
სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.
“ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.
“მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,
განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!
მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,
თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!
“მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,
მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;
ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, შენთვის დაკარგულსა!
“წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,
მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა,
გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,
მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!
“რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;
ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.
შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,
ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.
“აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა!
გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,
ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა.
რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა”.
ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,
რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.
თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.
იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მომავალი,
წამ-ერთ მიხდა ფატმანისას, დღე იარა არ-მრავალი.
რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,
ხელ-აღპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა-სრული, არა მთრვალი.
ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი,
დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი,
წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,
ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.
ხათუნმან უთხრა: “ჰე ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;
ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, - ხელი ეგრეცა ხელდების, -
თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.
ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მასთანა ხლებულნი,
უბრძანა: “მკვდარნი აქამდის აწღა ვართ დაცოცხლებულნი,
რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი,
ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!
“მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი;
მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,
თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.
“ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;
მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები;
აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,
ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები.
“სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა”.
მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ლარისა,
უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა,
ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა”.