EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვეფხისტყაოსანი: ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან »
კატეგორია: პოეზიაავტორი: admin
თარიღი: 2020-03-12 16:10:20
მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ზის და ხელმწიფე ზენია,
მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;
ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია,
ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.
დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,
ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა,
შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა,
მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა.
იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,
კვლა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები.
მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,
მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”
მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა;
შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა;
მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,
ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.
არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი;
მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი;
გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი.
სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.
ხვალისად მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია;
ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია.
მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;
ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.
“აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად”.
სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.
ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად.
პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.
არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა,
ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა,
გასცემს და უქებს ყოველი უხვობა-იეფობასა,
ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა.
მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,
სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;
რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, -
თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.
კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,
ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,
კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.
ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული,
ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული.
ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი, ბრძენი, არ მახმული,
მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.
რას ვაგრძელებდე? გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი.
თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.
ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,
მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.
ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად,
ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,
შესთვალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად,
მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.
“უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;
წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,
ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.
როსტევან ჰკადრა: “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა?
რაცა გიჯობდეს, იქმოდით, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,
ავთანდილ თანა წამოგყვეს, წადით ლაშქრითა დიდითა,
თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა”.
ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.
მან უთხრა: “აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,
ახლად შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?”
ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები.
“არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!
«ცოლი უყვარსო, გამწირა», იყო ამისად მსახავად;
მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?
კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!”
ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა;
უბრძანა: “ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;
რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”.
ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევასა.
შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია,
კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.
კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.
არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.
ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,
ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი,
მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი,
ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნიმცა ესხნეს წდობილნი.
მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,
ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა;
არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,
მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.
მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,
იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,
ვარდსა სწებენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან.
მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.
ნესტან-დარეჯან თქვა: “ნეტამც ყოლა არ შემოგცნებოდი,
მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი.
ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,
ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრე შენ ჩემთვის ჰბნდებოდი”.
თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,
რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!
ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,
აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”
კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;
ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი.
რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.
როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,
ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,
ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების;
ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.
ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით;
იტყვის, თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით;
რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,
შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.
ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;
სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:
“მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე”.
უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!”
გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა
ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,
კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.
სამ თვე ვლეს, - ღმერთსა მათებრივ სხვა რამცა დაებადოსა!
მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,
ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.