EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გერმანე - პირველი ნაწილი (უშანგი სიხარულიძის წიგნიდან ჩვენი საქმე) »
კატეგორია: ელ. წიგნებიავტორი: admin
თარიღი: 2021-03-14 15:42:15
იდგა 1953 წელი. სტალინი ახალი გარდაცვლილია. საბჭოთა კავშირი დიდ ბელადს ჯერ კიდევ გლოვობს. სტალინის გარდაცვალება! ასე ამცნეს ხალხს ბელადის სიკვდილის შესახებ სხვადასხვა ენაზე. იმპერიაში სამართლიანობის სახელით ჩუმი ტერორი გამეფებულა და როგორც თავის დროზე ჰიტლერმა წარმოთქვა - ტერორი მხოლოდ სიმართლის გზითაა გამართლებული, სიმართლე, რომელსაც სამშობლო ჰქვია, თუმცა სახელმწიფოს მოთავეები, როგორც უნდათ ისე იყენებდნენ და ცვლიდნენ ამ სიტყვების შინაარსს, მათემატიკური თეორემის მიხედვით - ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებაო.
დამნაშავეებს, რომლებსაც მსჯავრი ამ დროს გამოუტანეს და დახვრეტას გადარჩნენ, გაციმბირება და უმკაცრესი რეჟმის კოლონია არგუნეს სასჯელად.
მატარებელი მიგორავს წყნარად, უშფოთველად... ცაზე აქა-იქ ღრუბლის ნაფლეთები დაბორიალობენ ზანტად, უდრტვინველად. ადამიანები გისოსებიანი ფანჯრებიდან სევდიანი თვალებით გასცქერიან უკან დარჩენილ ქვეყანას. ზოგი მატარებლის საწოლზე მიწოლილა ფერმკრთალი სახით, თვალებმოხუჭული, სხვას უსიცოცხლო გამომეტყველება, არაფრისმთქმელი ნაკვთები აუსახავს იმავ ადგილას, კანვოის ერთ ადგილას მოუყრია თავი და ერთმანეთს ხანდახან თუ გადაულაპარაკებენ. წინ შორი გზა უდევთ, ციმბირში მიჰყავთ პატიმრები, ქურდები, ავაზაკები, მკვლელები, ჯიბგირები, რაღაც გაუგებრობის გამო შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, როგორც თვითონ ამბობდნენ.
ამ ტრაფარეტულ სიწყნარეში კანვოის ფეხის ხმა გაისმა, რომელიც ვაგონის მეექვსე საკნის კართან შეწყდა, გასაღებების ასხმა გაჩხაკუნდა, საკეტში შესრიალდა და გაღებულ კარში საშუალო ტანის, თავგადაპარსული, ეშმაკური გამომეტყველების პიროვნებამ შემოიჭყიტა .
- შენი ახალი საცხოვრებელი დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე, - მიუთითა პატიმარს და ხელი კრა, რომ შესულიყო...
- შე ბოზო, წესიერად, - გაეპასუხა პატიმარი.
- დროზე, სანამ კონდახი არ მოგხვედრია, შევიდაა! - უთხრა ფორმიანმა და კარი გამოკეტა.
შესულმა აქეთ-იქით მიმოიხედა, შეათვალიერა იქ მყოფი საზოგადოება და ერთ-ერთ მათგანს მიმართა:
- იცი, მე ვინ ვარ?
- დიახ, გამიგია თქვენზე... ირაკლი გქვიათ...
- ხოდა, მაგ კოიკიდან გადმოსკუპდი ეხლა და სხვა ადგილი ნახე... დროულად! რას მეზანტები აქ... ხო ეგრე...
მანაც ადგილი გაუთავისუფლა და ქვემოთ მარცხენა მხარეს მიწვა. მოპირდაპირე მხარეს მაღალი, გამხდარი ახალგაზრდა კაცი იჯდა თავისთვის და გათამაშებულ სცენას წყნარად ადევნებდა თვალს. ზემოთ მარჯვენა საწოლზე ვიღაცა კედლის მხარეს გადაბრუნებულიყო, ეძინა ალბათ...
ეს ირაკლი, როგორც ერთმა პატიმარმა დაასახელა ცოტა ხანი მიწვა კოიკაზე, მაგრამ ვერ მოისვენა, ქვემოთ ჩამოხტა და მაღალ, გამხდარს მიუჯდა გვერდით.
- აქ რას აკეთებ? - ეკითხება მაღალს.
- ვზივარ.
- ხოდა, რატო ზიხარ ბიჭო? ქურდი გეკითხება და ნორმალურ პასუხს რატომ არ ბაზრობ?
- ხულიგნობა შემტენეს...
- და არაფერ შუაში ხარ რა თქმა უნდა... მკიდია ოფში შოტში... რამე თუ გიდევს ჯიბეში?
- რა უნდა მედოს აბა?
- ტრუხა ბაზარს დაანებებ თავს თუ მეტყვი რამდენი გიდევს ჯიბეში მაყუთი?
- რა გითხრა, მაქვს ცოტა...
- ხოდა ამოიღე დროზე!
- მაღალმა ჯიბე მოიჩხრიკა, ცოტა ხანი რაღაც ეძება და ამოღებული თანხა გაუწოდა.
- მაგიდაზე დადე ბიჭო და შენ რას მიწექი მანდ გახედა ჩასუქებულს, რომლის ლოგინიც დაიკავა ირაკლიმ.
- მეე? მე რა?
- რა შენ რა? რაზე დაგაკავეს?!
- თანხის გაფლანგვა დამაბრალეს, მაგრამ?!
- მაგრამ კაი კაცი ხარ ხო შე ბოზო? დავაი მაყუთი მოჯვი ეხლა თორემ...
ირაკლი ჯერ კიდევ ლაპარაკის პროცესში იყო, როდესაც ზედა მარჯვენა საწოლზე მწოლიარე ნელა გადმოტრიალდა კედლიდან, როგორც ჩანს მას არ ეძინა, საშუალოზე ცოტა მაღალი, მკაცრი იერსახის, არწივისებური მზერის, დახვეწილი სახის, მკაცრი გამოხედვის კაცმა ჩასისხლიანებული თვალები ირაკლისკენ მიმართა.
- ირაკლი მეც მაქვს ფული გაესიტყვა ცივი, დამაჯერებელი ხმით.
- ფაშისტის ხმა მესმის... ჩამოეთესლე მერე მაგ კოიკიდან და ფული მაგიდაზე დამიდევი... თუ მაგ სიმაღლეზე რომ ამძვრალხარ სადმე გაფრენას ფიქრობ?! დროზე ბიჭო.
ზემოთ მყოფი აკანკალდა, უფრო სიბრაზისგან ვიდრე შიშით, ეხლავეო ჩამოსძახა, ზემოდან გადმოხტა და ირაკლის წინ აესვეტა.
ირაკლის როგორც ჩანს კიდევ უნდოდა ეთქვა რამე, მაგრამ ახალმა ნაცნობმა აღარ აცალა, კისერზე ორივე ხელი მოხვია და მისი სახე თავზე დაიხეთქა.
ირაკლის სახიდან სისხლმა იფეთქა, თუმცა როგორც ჩანს მისი ახალი „მეგობარი“ სისხლის სუნზე სულ გახელდა, ძირს კართან მიაგდო და სახეში ბარაქიანი მუშტით ლაწა-ლუწი აუტეხა. კანვოის ესმოდა ხმა, კართან მოქუჩდნენ და ატეხილ ვითარებას საქმეში ჩაურევლად ყურადღებით უსმენდნენ.
მაღალი და მსუქანა კუთხეში მიკუნჭულიყვნენ და შიშჩამდგარი თვალებით გაჰყურებდნენ სანახაობას...
გერმანე, ასე ერქვა კაცს, რომელიც სისხლის სუნდაკრული მხეცივით შეუბრალებლად, ემოციებისგან დაცლილი, საუკუნეების წყვდიადში ჩაფლული, სამყაროს უდრტვინველი, არაფრისმთქმელი სახით, წყნარად მშვიდად აქრობდა ვაი ბლატნოის ცხოვრებას. მხოლოდ მატარებლის ხმა, მძიმე დარტყმები, კვნესა და ირაკლის წამოკივლება არღვევდა ღვთაებრივ იდილიას.
გერმანე სულ რაღაც 28 წლის საშუალო სიმაღლის, ფიზიკურად და სულიერად ძლიერი მამაკაცი იყო. ეს მისი მეორე არესტი იყო, ამჯერად მკვლელობაზე. პირველად 16 წლის ასაკში ჯარში დეზერტირობა დააბრალეს, მაშინ, როცა თვითონ ხელმძღვანელობამ დაითხოვა საკვების უქონლობის გამო. სახლში დიდი ხანი არ დასცლია ყოფნა, ის უკან ვზვოდში დაიბარეს და დეზერტირობის გამო დააპატიმრეს. ამ დროს უმკაცრესი პირობები იყო და მთავრობის მოხელენი დეზერტირებსაც შესაბამისად ექცეოდნენ. ამ დროს ქვეყანაში ისედაც გაჭირვება იყო და პატიმრებისთვის ვინ იზრუნებდა სათანადოდ?! ზონა, რომელსაც მთლად ზონასაც ვერ დავარქმევდით, რომლის ტერიტორიაც შემოღობილი იყო მავთულხლართებით სვანეთთან ახლოს, შიგნით ჩადგმული ქოხებით, რომლის ღრიჭოებში ზამთრის სუსხი ძვალსა და რბილში ატანდა, გაუსაძლის ვითარებას ქმნიდა ადამიანებისთვის, თუმცა მთავარი პრობლემა ეს არ იყო, არამედ ერთი ლუკმა საჭმლის გამო პატიმრები ერთმანეთს ხოცავდნენ და ამ ვითარებაში მხოლოდ უკიდურესად ძლიერს და ამტანს შეეძლო გადარჩენილიყო. ვისაც პატრონი ჰყავდა ის საჭმელს აწვდიდა და ფულს უხდიდა ციხის მოხელეებს, რომ ჩუმად მაინც ეჭმიათ და სისოცხლე შენარჩუნებული დაბრუნებოდათ პატრონებს მათი შვილები. 2 წელი აქ მოიხადა, არადამსახურებული სასჯელი, რამაც კიდევ უფრო გამოაწრთო ნებისყოფა, თუმცა ასეთი ადგილებიდან ნერვებდაუზიანებელი მაინც ვერ დაბრუნდება ადამიანი, ყოველი დეტალი აისახება ადამიანის ქვეცნობიერებაზე და აი ახლა ციმბირისკენ...
ჩხუბმა, კვნესამ, ოხვრამ, დარტმების ხმამ კანვოის ყურადღება მიიქცია ამასობაში და სასწრაფოდ შემოვარდნენ მატარებლის საკანში. მათ ასეთი ვითარება წარმოუდგათ: გერმანეს მთელი თავი სისხლში აქვს მოსვრილი, საიდანაც სისხლის წვეთები მცირე კონტურს უკეთებს ამაყ სახეს, მუშტებიც ალისფერ წითლადაა შეღებილი, ხოლო ირაკლი ძირს გდია და მთელი სახე წითლად აქვს მოთხვრილი. ეცნენ გერმანეს, მხრები დაუჭირეს და ეკითხებიან:
- რა ხდება აქ?! ესე იგი ჩხუბობთ არა პატიმარო? აქაც ვერ ისვენებთ ხომ!...
- როგორ გეკადრებათ, - გაეპასუხა გერმანე, განა ეს ჩხუბია?! ჩვენ გურულებს ამფერი თამაში გვაქვს და გზაში, რომ არ გავბეზრებულიყავით გადავწყვიტე პაწა დრო მოგვეკლა...
- ესე იგი დრო მოგეკლათ ხომ პატიმარო! წამობრძანდით, ეხლა ჯერ დაიბანთ, ხოლო შემდეგ განვიხილავთ თქვენს საქმეს.
დაკავებული ვაგონის ოთახიდან გამოიყვანეს და საპირფარეშოსკენ წაიყვანეს სხვისი სისხლი წყლით, რომ ჩამოებანა.
პატიმრები სხვა საკნებიდან ამ ყველაფერს ყურადღებით უსმენდნენ, მაგრამ როგორც კი ის მათ წინაშე ჩაატარეს იხუვლა ხალხმა და მთელი ძალით აყვირდნენ:
- გურულო შენს მარჯვენას შემოვევლე!... ეი გურულო, მასე გააგრძელე გურულო!... გურულო... ისმოდა ყველა მხრიდან ხმები.
ირაკლი არავის არ უყვარდა, ვისთანაც შეხება ჰქონდა ყველა გამწარებული ჰყავდა.
როცა პატიმრებმა სისხლი ჩამოიბანეს და უკან დააბრუნეს ორივენი კვლავ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. გარკვეული პერიოდი სიჩუმე იყო, მხოლოდ ერთმანეთს შეჰყურებდნენ. ირაკლი ზიზღით, ხოლო გერმანე ირონიული ღიმილით.
- გურულო წამოიწყო მან, იცი მაინც სად მივდივართ?
- ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს შენთვის?
- ჩემთვის არა მაგრამ შენ კი გერჩივნა გცოდნოდა, თუ იცი რატომ?...
- შენს ადგილას ენას მოვკეტავდი ერთი მიზეზის გამო.
- რა მიზეზის?
- სიმყუდროვეს მირღვევ მე, კი ვერ ვიტან, როცა შენნაირი სირები სიმყუდროვეს არღვევენ და ურღვევენ ყველას!
- გურულო, როცა ადგილზე ჩავალთ მარტო არ ვიქნები, მანდ გაგისწორდები და გეტყვი ერთს: შენს ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი...
- შენ მგონი სათანადოდ ვერ აფასებ ვითარებას. თვლი, რომ ქურდი ხარ, მაგრამ ქურდები ღირსეულად ცხოვრობენ და აფასებენ იმ ადამიანებს, რომლებიც დაფასებას იმსახურებენ. მე ბოზებზე არ ვსაუბრობ იმიტომ, რომ ბოზი ხარ და ამ კამერაში შენი ადგილი არაა.
- გურულო, როცა ჩავალთ ადგილზე ნაჯახით თავს მოგაჭრი!
- ირაკლი ნაჯახს და სხვა ინსტრუმენტებს შენზე უკეთ ვხმარობ, რა თქმა უნდა შენ შეგიძლია სცადო, მაგრამ რაც ამას მოჰყვება იმას ალბათ შეესწრები, თუ საერთოდ ცოცხალი ჩააღწიე იქ, სადაც ფიქრობ რომ ჩახვალ... მან ირონიული ღიმილით სახეში ჩახედა, ფეხზე წამოდგა და კისერში წვდა...
- ეხლა შენ ნახავ კიდე როგორი თამაშობანი ვიცით გურულებმა ჩემო ტკბილო ირაკლი...
- აქედან გამიყვანეთ! - დაიღრიალა ირაკლიმ. კანვოი სადა ხარ?
გაისმა ფეხების ბრაგუნი და კანვოი ,,ნომერში შემოვარდა".
- რა ხდება? თქვენ კიდე ჩხუბობთ?
- როგორ გეკადრებათ, - გაეპასუხა გერმანე. უბრალოდ ტკბილად ვსაუბრობდით საჭირბოროტო თემებზე, მაინც ხომ უნდა მოვკლათ დრო რაღაცით, არა?
- აქედან გადამიყვანეთ! - მოითხოვა ირაკლიმ. ეს კაცი მგონი გიჟია, ხოდა...
- გამოიყვანეთ! - თქვა ფეძიამ კანვოიდან ერთ-ერთმა.
პატიმრებმა ციმბირამდე გზა მოწყენილობაში და საკუთარ დარდში ჩანთქმულებმა გაატარეს.