EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ლომისობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული »
კატეგორია: რელიგიაავტორი: Nisa
თარიღი: 2022-06-19 13:08:05
ლომისობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქართველებისთვის. მის შესახებ საქართველოში უმრავლესობამ მხოლოდ ის იცის, რომ უამრავი ცხვარი იკვლება და სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს აღინიშნება.
ლომისობის დღესასწაულის დაარსებას კი ასეთი ლეგენდა აქვს:
თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველო დასუსტდა, სულთანმა ჯალალ-ედ-დინმა ჩვენი ქვეყანა ააოხრა. არაგვის ხეობიდან 7000 არაგველი ტყვედ წაიყვანა. გადმოცემის მიხედვით, მათ მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატიც წაიღეს. ხატმა მტრის ქვეყანა გააუბედურა – აღარც მოსავალი მოდიოდა და აღარც საქონელი და ადამიანები იყო კარგ დღეში, რის გამოც სულთანმა მკითხავები დაიბარა. მათი თქმით, უბედურების მთავარი მიზეზი გურჯისტანის ხატი იყო. სულთანმა მისი საკირეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ ხატი საკირიდან უვნებელი ამოფრინდა და იქვე მყოფი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანდა. ხარი და ხატი მანამდე არ წავიდნენ, სანამ სულთანმა ყველა ტყვე არ გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ ტყვეთა შორის არ იმყოფებოდა კოჭლი დედაკაცი, რომელიც ერთ-ერთ ხორასნელს მოახლედ ჰყავდა წაყვანილი. საბოლოოდ ის ქალიც მოძებნეს და ხარი ხატის თანხლებით და 7000 არაგველით საქართველოსკენ გამოემართა.
გადმოცემის მიხედვით, ხარი ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მივიდა და იქ უსულოდ დაეცა. ხატიც იქვე დაფრინდა. მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაება და ტაძარი ააშენა. ხარს ლომა ერქვა, ამიტომ სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი ეწოდა. 7000 არაგველი მშობლიურ ხეობაში გაიფანტა და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები ააშენა.
ამის შემდგომ, უკვე 8 საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს ტაძარში მლოცველები ადიან და ასე ილოცებიან:
„ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს.”
რაც შეეხება რკინის ჯაჭვს, რომელიც ეკლესიაშია, ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოიტანა დადიანის ქალმა. მეორე ვერსიით, წმინდა გიორგიმ სასწაულებრივად იხსნა ერთი ქართველი ტყვე და მანაც ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, მადლობის ნიშნად ლომისის მთაზე ამოიტანა.
ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან აღთქმის დადება უნდა, ან წმინდანს რაიმეს ევედრება, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის ლოცვით შემოუვლის:
“ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია,“ – ეს არის სიმღერა, რომელსაც ჯაჭვს უმღეროდნენ.