EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში – უილიამ ბუგერო »
კატეგორია: სურათებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2023-03-05 21:55:56
სურათზე გამოსახულია ალიგიერის პოემის მიხედვით, ჯოჯოხეთის მერვე სარტყელი, სადაც ყალბი ფულის მჭრელები და ფალსიფიკატორები ბინადრობენ. ჯოჯოხეთში მყოფი დანტე და ვერგილიუსი ერთობ გამძაფრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს ორ დაწყევლილ სულს: ერეტიკოსი და ალქიმიკოსი თავს ესხმის და ყელს საშინელი ძალით გლეჯს ჯანი სკიკის, რომელიც თავის მხრივ თაღლითურად ცდილობდა მისი მემკვიდრეობის მიღებას.
“დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში” - წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე შესრულებულ შედევრ და უკვდავ სურათს. აღნიშნულ სურათზე მუშაობა მხატვარმა 1850 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა. ტილოს სიმაღლე 281 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე – 225 სანტიმეტრი. საინტერესოა ის გარემოება,რომ უილიამის ორ მცდელობას 1848 და 1849 წლებში, მის ნამუშევრებს მინიჭებოდა “რომაული პრემია”, სრული კრახი ხვდა წილად, რამაც მას გადააწყვიტინა ერთგვარი რევანში აეღო “მარადიული ქალაქისათვის”. სწორედ რომში ყოფნის პერიოდში დახატა ბუგერომ პარიზის სალონში წარსადგენად საჭირო სურათი, რომელიც დიდი იტალიელი პოეტის დანტე ალიგიერის განუმეორებელი პოემის – “ღვთაებრივი კომედიის” საფუძვლებზეა შექმნილი. ნიშანდობლივია ისიც, რომ უილიამმა ამ ლეგენდარულ სურათში მთელი თავისი ოსტატობა, ძალისხმევა და ამბიცია ჩააქსოვა. უპირველესი მოტივი,რამაც ბუგეროს “დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში” დახატვა გადააწყვეტინა, გახლდათ ის, რომ ალიგიერის პოემა იმთავითვე მიიჩნეოდა რომანტიკოსთა უსაყვარლეს ნაწარმოებად. გარდა ამისა, გარკვეული როლი ითამაშა იმანაც, რომ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი კუმირისა და სახელოვანი ფრანგი მხატვრის – ფერდინან ვიქტორ ეჟენ დელაკრუას ამავე სიუჟეტის მქონე ტილოს ხილვამ. შედეგად, ადოლფმა დანტეს პოემიდან ერთ-ერთი სტროფის მიხედვით (“ჯოჯოხეთი”,სიმღერა – XXX), სადაც ჯოჯოხეთში მყოფი დანტე ალიგიერი და ვერგილიუსია ასახული, 1850 წელს შექმნა უკვდავი სურათი, რომელმაც თავად მისი კუმირის – დელაკრუას ანალოგიურ სიუჟეტზე დაფუძნებული ტილოც კი ბევრად დაჩრდილა.
პარიზის სალონში წარმოდგენილმა ბუგეროს მძაფრი სიუჟეტის მქონე სურათმა მისდა გასაოცრად არა მხოლოდ დიდი კრიტიკა, არამედ დიდი სიძულვილიც კი დაიმსახურა. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ტილოს უმაღლესი შეფასება მისცეს. მათ შორის იყო დიდი ფრანგი პოეტი და კრიტიკოსი – პიერ ჟული თეოფილ გოტიე.
დღესდღეობით, ადოლფ უილიამ ბუგეროს შედევრი ტილო – “დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში” დაცულია პარიზში მდებარე – “ორსეის მუზეუმში”.