- ც - |
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონიცელიბატი - ქრისტიან სასულიერო პირთა დაუქორწინებლობა. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდლობის აუცილებელი პირობაა. ცვილი - ეკლესიის სწავლებით, როგორც ყველაზე სუფთა ნივთიერება - ნიშნავს მორწმუნეთა გულწრფელობას და სიწმინდეს. როგორც ნივთიერება, რომელზეც შეიძლება საგნების აღბეჭდვა, ნიშნავს ჯვრის ბეჭედს ნათლობისას და მირონცხებისას; როგორც რბილი და დრეკადი ნივთიერება აღნიშნავს მორწმუნის მორჩილებას და ცოდვების მონანიებისათვის მზადყოფნას, როგორც ნივთიერება, რომელიც უნდა დაიწვას, ნიშნავს მორწმუნის არსის განწმენდას ღვთიური ცეცხლით, როგორც მრავალი სახის ყვავილისაგან შეკრებილი, აღნიშნავს ყველა ქვეყნის ქრისტიანთა შესაწირს; როგორც კეთილსურნელოვანი ყვავილისაგან შეკრებილი ნიშნავს სულიწმიდის მადლს და, ბოლოს, ნივთიერება, რომელიც იწვის და იძლევა სინათლეს ნიშნავს ჩვენი სიყვარულისა და მშვიდობის სიძლიერეს. ამ თვისებათა გამო ცვილი საუკეთესო შესაწირია ღვთისადმი, მისგან III საუკუნიდან კეთდება სანთლები. ცვილის და ზეთის ქურდობა ისჯებოდა ეკლესიიდან განკვეთით. ცისკარი (განთიადი) - ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება წირვამდე დილის 6-დან 9-მდე, ან წინა საღამოს, მწუხრის შემდეგ. ცოდვა - ღვთის ნებისადმი დაუმორჩილებლობა, დანაშაული ღვთის ზნეობრივი კანონის მიმართ. ღვთისაგან მოცემული კანონის დარღვევა ორგვარია: აკეთო პირდაპირ კანონის საწინააღმდეგო ან არ შეასრულო კანონით მოცემული წესები. ცოდვა მომაკვდინებელი - ცოდვა, რომელიც ადამიანს საუკუნო სიკვდილს და წარწყმედას უქადის: 1) ამპარტავნება; 2) ანგარება; 3) სიძვა; 4) შური; 5) გემოთმოყვარება; 6) მრისხანება; 7) სიზარმაცე. ცხონება - სულის საუკუნო ნეტარება საიქიოში.
|