• Evpatori.ge
  • მთავარი

 

- გ -






საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ
მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ
ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

გადმოცემა წმიდა - მაცხოვრისა და მოციქულების მიერ ზეპირად გადმოცემული სწავლება, რომლებიც მოგვიანებით იქნა ჩაწერილი. ის შეიცავს: 1) უძველესი ადგილობრივი ეკლესიების სარწმუნოების სიმბოლოს; 2) „მოციქულთა წესებს“, რომელიც მიიღო კანონიკურად მართლმადიდებელმა ეკლესიამ; 3) მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებებს, რომელთა ავტორიტეტი აღიარებულ იქნა VI მსოფლიო კრებაზე; 4) წმიდა მამათა მიერ ჩამოყალიბებულ ხიმბოლოებს; 5) მსოფლიო და ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებებს; 6) პირველ ლიტურგიებს, რომელთა წარმოშობა ეკუთვნით მოციქულებს; 7) პირველ წმინდანთა მარტვილობას, რომელიც შედგენილია თვითმხილველთა მიერ; და სხვა.

განბანვა - ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მირონის მოწმენდა წყლით. პირველ საუკუნეებში სრულდებოდა მირონცხების შემდეგ მე-8 დღეს. თანამედროვე პრაქტიკაში სრულდება იმავე დღეს.

განდეგილობა - ბერ-მონაზვნური ცხოვრების განსაკუთრებული წესი, განმარტოებით დაყუდება აღმატებული მარხვისა და ლოცვისათვის.

„განიცადე“ - გალობა, რომელიც სრულდება ღვთისმსახურთა ზიარების დროს და წარმოადგენს ჟამის წირვის ბოლო ნაწილს, სახელწოდება მოდის ფსალმუნისაგან: „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“.

განკვეთა - ერესის გამო ეკლესიიდან გაძევება.

განკითხვის დღე - ქვეყნის აღსასრული, ღვთის საშინელი სამსჯავრო, რომელზეც გადაწყდება ცოდვილთა და მართალთა საბოლოო ბედი. პირველნი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყრებიან, მეორენი კი - ნეტართა სასუფეველში მოხვდებიან.

„განმანათლებელი“ - ცისკრის ლოცვაზე მე-9 ძლიპირის გალობის შემდეგ წასაკითხი სამმუხლიანი ლოცვა.

განტევება - კურთხევით პატიება შეცოდებისა.

„განძლიერდასა“ - საგალობლის (კანონის) მე-3 გალობა, სახელწოდება აღებულია ბიბლიური ანას გალობის დასაწყისის მიხედვით: „განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიერ“ (1 მეფეთა 2, 1).

გაპატიოსნება - მიცვალებულისათვის ყველა საჭირო წესის აღსრულება, პატივის დადება, დასაკრძალავად მომზადება, შემოსვა, წესის აგება.

გარდამავალი დღესასწაულები - 13 საეკლესიო დღესასწაული, გამოითვლება არა რიცხვით, არამედ სხვა დიდი დღესასწაულების მიხედვით. მაგ. შიო მღვიმელის (ყველიერის ხუშთაბათი), გამოცხადება ივერიის ღვთისმშობლის ხატისა (ბრწყინვალე სამშაბათს) და სხვა.

გარდაცვალება - სულის გამოსვლა სხეულიდან, რომლის შედეგად სხეული მიწისაგან შექმნილი „მიწად მიიქცევა“, ხოლო სული განაგრძობს არსებობას და წარსდგება ღვთის წინაშე.

გარდამოხსნა (მოხსნა, ჩამოღება) – 1) ქრისტეს ჩამოღება ჯვრიდან. 2) ქსოვილი, რომელზეც გამოსახულია მაცხოვრის ცხედარი. 3) მსახურება, რომელიც აღესრულება დიდ პარასკევს.

გერი - ასე ეწოდება მიბაძვით გალობებს, სტიქრონებს, რომელთაც უმთავრესად საკუთარი მელოდია აქვთ.

გვერდნი („გუერდი“) - ჰიმნოგრაფიული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პლაგალურ ე.ი. დამატებით ხმას, ძირითადი ხმებისაგან განსხვავებით.

გვირგვინი - ქორწინების საიდუმლოში გვირგვინის თავზე დადგმა ნიშნავს მეუღლეების მიერ ვნებებზე გამარჯვებას და მათ მიერ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად განვლილი ცხოვრებისათვის მინიჭებულ ჯილდოს (იხ. ქორწინება).

გინგილა - დიაკონის შესამოსელის ნაწილი. მხარზე გადასაკიდი გრძელი ვიწრო ბაფთი. სიმბოლურად ნიშნავს ანგელოზთა არანივთიერ ფრთას.

„გიხაროდენი“ - ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი. სახელწოდება მოდის გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ მარიამ ღვთისმშობლისადმი ხარების დროს წარმოთქმული მიმართვის დასაწყისი სიტყვებიდან: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა“ (ლუკა 1, 28).

გულანი - საეკლესიო წიგნების კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი, ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები და სხვა. გულანი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას არ აქვს.

 

 

 


Copyright © Evpatori.Ge