- ნ - |
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონინათელი კვირა (ბრწყინვალე შვიდეული) – 7 დღე აღდგომიდან კვირაცხოვლობამდე. ნათლია, მიმრქმელი - მოწმე; თავმდები მოსანათლის რწმენაზე, რომელიც ვალდებულია ნათლულის ქრისტიანულ აღზრდაზე. ნათლიმამა - ნათლულის მამა. ნათლიდედა - ნათლულის დედა. ნათლისღება - ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია 6(19) იანვარს; ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარეში მონათლა ძე ღვთისა იესო ქრისტე. წყლიდან ამოსულ იესოს სულიწმიდა მტრედის სახით დაადგა თავზე: „და გარდამოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი და გაისმა ზეცით ხმა: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3, 22); ამ დროს ღმერთის სამი პირი განცხადდა წმ. სამებით, ამიტომ ნათლისღებას ღვთის განცხადებასაც უწოდებენ. ნათლობა - ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, რითაც მორწმუნე პირველად ეზიარება ქრისტიანობას, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან, განერიდება ეშმას და ავ სულს, ნათლობით იწყება სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა. ესაა წყლით განბანვა და ხელახლა დაბადება. ნათლობა ხდება სულიწმიდის მადლით, მისი ძალით ხდება „განახლება ცოდვილი ადამიანის“, რომელიც წმ. ემბაზიდან პირველქმნილი შეცოდებისაგან განწმენდილ-გამართლებული გამოდის. საფუძვლად უდევს მაცხოვრის სიტყვები: „უკეთუ ვინმე არ იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3, 5). ნელსაცხებელი - სურნელოვანი ზეთი. ნეოფიტი - რაიმე რელიგიის ახალი მიმდევარი, ახლად რჯულ-მიღებული. ნეტარება (ცხონება) – (მათე 5, 1-12) წმ. წერილში სიტყვა ნეტარება გამოითქმის არა მარტო უფალი ღმერთის მიმართ, არამედ ანგელოზების, ღვთისმშობლის და სხვათა მიმართაც. საერთოდ, ნეტარნი არიან ისინი, ვინც იცავენ ღვთის მცნებებს და ღვთის მოშიშნი არიან. ქრისტიანისათვის სრულყოფილი ნეტარება დადგება მაშინ, როდესაც საბოლოოდ იქნება მოპოვებული გამარჯვება ჯოჯოხეთზე, ყოველგვარ ბოროტებაზე და სიკვდილზე. ნიკეის საეკლესიო კრებები - 1) პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. მოწვეულ იქნა ნიკეაში 325 წელს კონსტანტინე I დიდის საგანგებო ბრძანებით. კრების ძირითადი მიზანი იყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება და ამასთან, უმთავრესი დოგმატურ-კანონიკური და იერარქიული ადმინისტრაციული საკითხების განხილვა. კრებამ დაგმო არიანელობა, შეიმუშავა სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტი, დაამტკიცა ამა თუ იმ ეკლესიის მთავარ წარმომადგენელთა იერარქიული ნორმები; 2) მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება 787 წ. შედგა ნიკეაში. კრების მიზანი იყო ხატთაყვანისმცემლობის აღდგენა.
|