- ი - |
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონიიადგარი - ძველ ქართულ მწერლობაში ჰიმნებისა და საგალობლების კრებული. იაჰვე (ებრ. იეჰოვა) - ძვ. აღთქმით ღვთის გამომხატველი სიტყვა - „მე ვარ რომელი ვარ“. იბაკო - მცირე ფორმის საგალობლების სახეობა. იგალობება კვირა დღეებში, ცისკრად, 118-ე ფსალმუნის შემდეგ, სრულდება ფეხზე დგომით ე.ი. საზეიმოდ; იბაკო მოთავსებულია კანონის მესამე გალობის შემდეგ. იერარქი (ბერძ. - ჰიეროს - წმინდა, არქე - საწყისი, საფუძველი ძალაუფლება) - ქრისტიანული სამღვდელოების უმაღლესი რანგი (პატრიარქი, მიტროპოლიტი, არქიეპისკოპოსი, ეპისკოპოსი. არქიელი). იერარქია საეკლესიო (ბერძ. - სასულიერო ძალაუფლება) - ეკლესიის მსახურთა ხარისხობრივი კიბე ქვემოდან მაღლა. უწინარეს ყოვლისა არჩევენ „თეთრ“ და „შავ“ სამღვდელოებას. „თეთრს“ ეკუთვნის სასულიერო პირი, რომელსაც ჰყავს ოჯახი. „შავს“ - საბერო დასი. ორივეს საწყისი საფეხური დიაკვნობაა, შემდეგ მღვდლობა („თეთრისათვის“) და მღველ-მონაზვნობა („შავისათვის“), შემდგომ მოდის შესაბამისად დეკანოზი და იღუმენი. „თეთრი“ სამღვდელოებიდან ინიშნება პროტოპრესვიტერი (პატრიარქის ან მღვდელმთავრის ღვთისმსახურების მომწესრიგებელი). იღუმენთა შორის უმაღლესი წოდებაა არქიმანდრიტი. არქიმანდრიტებიდან ირჩევენ ეპისკოპოსს. ეპისკოპოსთა შორის არის სამი წოდება: ეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. ეპისკოპოსთა ხარისხიდან ირჩევენ პატრიარქს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში დგას კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც წმ. სინოდი ირჩევს. მღვდელმთავრები განაგებენ ეპარქიებს, უმაღლესი ორგანოა საეკლესიო კრება. პატრიარქის მოადგილე ქორეპისკოპოსი განაგებს მშენებლობას, არის საგარეო საქმეთა განყოფილება და სხვა. იერეი - მღვდელი. იეროკირიქსი - ღვთის სიტყვის მქადაგებელი, საეკლესიო კათედრიდან. იერომნიმონი - დავიწყებული სამღვდელო საქმის მომგონებელი. იერუსალიმს დიდებით შესვლა უფლისა - იხ. ბზობა. იკოსი - კონდაკთან საკითხავი გრძელი მუხლი (VI ლოცვა). დაუჯდომელის გრძელ მუხლებსაც იკოსს უწოდებენ. იპოსტასი (ბერძ. - პიროვნება, პირი) - სამების თითოეული პირი, ჰიპოსტასი. ირმოლოგიონი - ღვთისმსახურების წიგნი, რომელშიც მოცემულია მოძრავი და უძრავი დღესასწაულების საგალობლები. ირმოსი (ბერძ. - დაკავშირება) - ქართ. ძლისპირი - ყოველ კანონში პირველი მუხლის სახელწოდება, ის აკავშირებს ერთიმეორესთან მომდევნო ტროპარებს. ისიხაზმი - XIV საუკუნის ბერძენი ბერების მიერ ათონის მთაზე ჩამოყალიბებული მისტიკური სწავლა-მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მარადიული შეუქმნელი ღვთიური ნათელის (რომელიც ღვთის ფერისცვალების დროს მოევლინა თაბორზე) ხილვის მიღწევა შესაძლებელია განსაკუთრებული ასკეტური მოღვაწეობით. იღუმენი - მართლმადიდებლური მონასტრის წინამძღვარი.
|