- ტ - |
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონიტაბუკი ან ტაკუკი - მომცრო ღვინის ჭურჭელი. ტალანტი (ნიჭი) – 1) სახარების მიხედვით ნიშნავს გონებას, სწავლას, სიმდიდრეს, კეთილშობილებას, თანამდებობას ანუ პატივს ე.ი. ყოველივე იმას, რასაც ღმერთი ადამიანს აძლევს ე.ი. 2) ძვ. ბერძნული წონითი და ფულადი საანგარიშო ერთეული. ტარიგი (კრავი) - ოთხკუთხა ფორმის ნაწილი, რომელიც ამოიღება სეფისკვერის კვეთის დროს. ტარიგი ამოიღება დიდი სეფისკვერიდან, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი. ყველა ლიტურგიისათვის მზადდება მხოლოდ ერთი ტარიგი. იგი მოგვაგონებს იესო ქრისტეს, რომელმაც თავისი სისხლით დაიხსნა ადამიანი სულიერი სიკვდილისაგან. ლიტურგიის დროს, ტარიგი გარდაიქმნება მაცხოვრის სხეულად. ფეშხუმზე დასვენებულ ტარიგს მღვდელი ჯვარედინად გაჭრის ისე, რომ ერთი მეორეს არ დასცილდეს, იმის მოსახსენებლად, რომ იესო ქრისტე დაიკლა ჩვენი ცოდვებისათვის. ტარტაროზი (ძვ. ბერძ. - ქვესკნელის უბნელესი ნაწილი, შავეთი, ცოდვილთა დასასჯელი ადგიილ) - ქრისტიანულ წყაროებში: ჯოჯოხეთი, ეშმაკი. ტაძარი - უფლის სახლი, საყდარი, სადაც სუფევს ღმერთი და ლოცულობს მორწმუნე. ტაძარი შედგება ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი დიდი თუ მცირე შენობისაგან, რომლის ყოველ ნაწილს თავისი დანიშნულება აქვს. დიდი ყურადღება ექცევა მის ფორმას, გაფორმებას, შემკულობასა და მოხატვას. აქ იკრიბება მორწმუნე ერი, სრულდება 7 საიდუმლო და სხვა წესები. ტაძარს აქვს ძირითადად სამი ფორმა: მრგვალი (როტონდა), ჯვარედინი (ჯვარ-გუმბათოვანი), მოგრძო-ნავისებური (ბაზილიკა). ტაძრად მიყვანება ღვთისმშობლისა - თორმეტთაგანი ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, ზეიმობენ 21 ნოემბერს (4 დეკემბერი). მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვან მოვლენას, როცა მშობლებმა მარიამი ტაძარში მიიყვანეს აღსაზრდელად (სამი წლის); ეკლესია ამით აძლევა მაგალთს ყველა მშობელს თუ როგორ უნდა აღზარდოს პირმშო ადრევე ღვთის მოშიშად. ტახტი - სავარძელი საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრისათვის. ტიპიკონი - ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი; ცნობილია ორი სახის წესი: ტიპიკონი სამრევლო და სამონასტრო. საქართველოში მოქმედებდა ორნაირი სამრევლო წესი: იერუსალიმის ანუ ქრისტეს საფლავისა და კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის, ანუ დიდი ეკლესიისა. სამონასტრო წესებიდან აღსანიშნავია სამი: საბა წმიდისა (პალესტინაში), სტულიტეს მონასტრისა (კონსტანტინოპოლი) და ათანასე დიდის ლავრისა (ათონის მთაზე); ტიპიკონი მღვდელთმსახურთა წიგნისა, რომელიც შეიცავს ღვთისმსახურების შესრულების წესებსა და მითითებებს, უძრავ და მოძრავ დღესასწაულთა განლაგების შესახებ, ამას ემატება დისციპლინური წესები მონაზონთათვის და სხვა. ტრაპეზი (ბერძ. - მაგიდა) - ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველში მდგარი ფარჩებით შემოდილი მაგიდა, რომელზეც სრულდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი. ზოგჯერ ტრაპეზი იხმარება მთელი საკურთხევლის მნიშვნელობითაც, რომელსაც ასევე საყდარსაც უწოდებენ. ტრაპეზი ნაკურთხია და მირონცხებული. მასზე აუცილებლად ასვენია ჯვარი, ილიტონში გახვეული ოდიკი, სახარება და სანაწილე. ამათ გარდა, ტრაპეზზე უნდა ესვენოს სამირონე წმ. მირონით. ტრაპეზი დგას ერთ ან ოთც ბოძზე, ან კიდევ კიდობანზე. ერთი ბოძი აღნიშნავს ლერწმით გვემულ მაცხოვარს და იმ ლერწმის კვერთხს, რომლითაც ქრისტემ შემუსრა გველის (ბოროტის) თავი. ოთხი ბოძი აღნიშნავს ოთხ მახარებელს, მოციქულებს. კიდობანი წარმოადგენს ხის, ქვის, ვერცხლის და სხვა მასალისაგან ერთმანეთთან შეერთებულ კედლებს და მოგვაგონებს მოწამეთა საფლავს, რომელზედაც პირველი ტრაპეზები აღიმართებოდა. ტრიკირი - სამსანთელა; გამოიყენება მღვდელმთავრის მსახურების დროს. სიმბოლურად აღნიშნავს სამებას. ტრიპტიქი - სამად მოსაკეცი ხატი (ქართული სინონიმია - სამკარედი). ტროპარი - ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში მოკლე საგალობლები, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ. იგი შეესატყვისება ქართულ ღვთისმსახურებაში ხმარებულ „დასდებელს“. ტერმინი ტროპარი ქართულში მე-18 საუკუნემდე არ გვხვდება. იგი, როგორც ჩანს, გვიან დამკვიდრდა რუსული საღვთისმსახურო წიგნების გავლენით. ტროპარი წმინდანთა სახელობის ლოცვაა (კონდაკთან ერთად), ამა თუ იმ წმინდანის მეოხების თხოვნით, აგრეთვე, კანონის ზოგიერთი მუხლი, სტრიქონი.
|