- მ - |
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონიმადლი (1 ტიმოთე 1, 2) - ღვთის მიერ მინიჭებული წყალობა ადამიანისათვის, მიუხედავად მათი მოღვაწეობისა,მადლი ეძლევა ყველა ადამიანს, რათა ისინი განიწმინდონ ამ ქვეყნის ცოდვებისაგან, რათა უჩვენოს მათ ხსნის გზა, სასუფევლისკენ მიმავალი. მანტია - მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელთმთავართა საზეიმო სამოსელი. მარადისობა - განასხვავებენ ორი სახის მარადისობის გაგებას: 1) მასში იგულისხმება დრო, რომელიც უსასრულოდ გრძელდება, მოვლენათა უსასრულო ჯამს, რომელიც შედგება წარსულის, აწმყოსა და მომავლისაგან; 2) მარადისობაში გულისხმობენ დროის არ არსებობას, რომელიც არ უშვებს თავის თავში არავითარ ცვლილებებს. მართალთა ლიტურგია - ლიტურგიის მთავარი ნაწილი, რომლის დროსაც პური და ღვინო გადაიქცევა მაცხოვრის სისხლად და ხორცად, მასზე დასწრების უფლება არა აქვთ კათაკმეველებს და ეპიტიმია დადებულ მორწმუნეებს, მას ესწრებიან მართლები. მართალნი - მრევლის ის ნაწილი, რომელიც შეურყვნელად იცავს ღვთის მცნებებს. მართლმადიდებლობა - პირველი ერთიანი ეკლესიის მემკვიდრე, მადლმოსილებით, სწავლა-მოძღვრებით, შესაბამისი ტრადიციებით. მართლმადიდებლობა ეყრდნობა საღმრთო წერილს (ბიბლიას), მოციქულთა 7 მსოფლიო საეკლესიო კრების და ადგილობრივი კრებების დადგენილებებს (IV-VIII სს.) ეკლესიის მამათა თხზულებებს, 7 საიდუმლოებას და სხვა. მართლმადიდებლურ დოგმატურ სწავლებას მოკლედ გამოხატავს „სარწმუნოების სიმბოლო“, რომელიც მიიღო ნიკეის (325 წ.) მსოფლიო და კონსტანტინოპოლის (381 წ.) კრებებმა. ეს სიმბოლო გამოხატავს აბოსოლუტურ, უცილობელ, მარადიულ, შეუცვლელ და მიუწვდომელ ჭეშმარიტებას. მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით კათოლიციზმმა შეიტანა ცვლილებები ეკლესიის სწავლებაში. კერძოდ: მამა ღმერთთან ერთად ძე ღმერთისაგან სული წმიდის გადმოსვლა, რომის პაპის ღვთის მოადგილეობა და უცოდველობა, გასაწმენდელის არსებობა, მადლის გაცემა ინდულგენციებით და სხვა. მართლმადიდებლები იყენებენ იულიუსის კალენდარს, კათოლიკები - გრიგორიანულს. მართლმადიდებელი ეკლესია - იესო ქრისტეს მიერ სულიწმიდის გარდამოსვლით დაფუძნებული მოციქულთა ეკლესია, რომლის გამომხატველი სახე ჩამოყალიბდა ბიზანტიის იმპერიაში IV-IX სს-ში. ამჟამად მსოფლიოში არსებობს 15 ევტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: 1) კონსტანტინოპოლის; 2) ალექსანდრიის; 3) ანტიოქიის; 4) იერუსალიმის; 5) რუსეთის; 6) საქართველოს; 7) სერბეთის; 8) რუმინეთის; 9) კვიპროსის; 10) ელადის; 11) ბულგარეთის; 12) ალბანეთის; 13) პოლონეთის; 14) ჩეხოსლოვაკიის; 15) ამერიკის, რომლებიც ქმნიან ერთ მსოფლიო ეკლესიას. მარიამობა - წმ. მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. აღინიშნება 15(28) აგვისტოს. მარტვილობა (წამება) - ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ჟანრი: ასახავს ქრისტიანობისათვის თავდადებული წმინდანების ცხოვრებას და მათ მოწამეობრივ აღსასრულს. მარხვა - განსაზღვრული დროით გარკვეული სახის საკვების (ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების) მიღების აკრძალვა. მარხვის დაცვა სავალდებულოა ყოველი მორწმუნისათვის; ამ დროს ლოცვითა და თავშეკავებით ადამიანის სხეული იწმინდება, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად. მართლმადიდებლობაში დაწესებულია 4 მრავალდღიანი მარხვა: დიდი (7 კვირა), პეტრე-პავლეს (1-დან 5 კვირამდე, დამოკიდებულია აღდგომის დღეზე), ღვთისმშობლის მიძინების (2 კვირა), საშობაო (6 კვირა) მარხვა. აგრეთვე, ერთდღიანი მარხვები, ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს, ასევე ზოგიერთ სხვა დღესაც (მაგ.: ჯვართამაღლების დღეს). სულ დაახლოებით, 200 დღეა. ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი მარხვა. მარხვანი - საღვთისმსახურო წიგნი, რომელიც შეიცავს საეკლესიო წელიწადის მოძრავი პერიოდის - დიდმარხვისათვის დაწესებულ საგალობლებს. მებრძოლი და მოზეიმე ეკლესია - მართლმადიდებელ მებრძოლ ეკლესიას წარმოადგენს ამჟამად გზაზე მავალ მორწმუნეთა ერთობლიობა, რომლებიც ებრძვიან მიწიერ ვნებებს, ცოდვებსა და დემონებს. ხოლო მოზეიმე ეკლესია წარმოადგენს - ზეციურ ეკლესიას, რომელმაც დაამარცხა ჯოჯოხეთი, სიკვდილი და იმყოფება მარადიულ ნეტარებაში. მებრძოლი და მოზეიმე ეკლესიის მღვდელმთავარია იესო ქრისტე. მედავითნე - წირვა-ლოცვის დროს ფსალმუნთა მკითხველი; წიგნის მკითხველი. მეორედ მოსვლა - ქვეყნიერების დასასრულს იესო ქრისტეს გამოჩენა მხოფლიოს წინაშე. თავის მეორედ მოსვლაზე იესო ქრისტე არა ერთხელ ეუბნებოდა თავის მოწაფეებს; იესოს ცადამაღლებისას ანგელოზებმა მოციქულებს აუწყეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ“ (საქმე 1, 2). მეორედ მოსვლისას იესო ქრისტე მოვა მთელი თავისი დიდებით, ანგელოზთა და წმინდანთა გარემოცვაში. ეს თარიღი არა მარტო ადამიანთა, არამედ თვით ანგელოზთათვისაც უცნობია. მეორედ მოსვლა მოხდება უეცრად, ყველასათვის მოულოდნელად, თუმცა წმინდა წერილში მინიშნებულია რამოდენიმე ნიშანი (დიდი არეულობა მსოფლიოში, ბუნებრივი კატაკლიზმები, სახარების მსოფლიოში ქადაგების შემდეგ სარწმუნოებისაგან განდგომა, უსჯულოების გამრავლება, ანტიქრისტეს გამოჩენა და სხვა), რომლებიც წინ უსწრებს მას. მესვეტეობა - განდეგილობის ერთ-ერთი სახეობა. მესვეტეები დადებული აღთქმის მიხედვით ეყუდებოდნენ ხანგრძლივი დროით სვეტზე. მესვეტეობა წარმოიშვა მე-3 საუკუნის ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ცნობილნი არიან: სვიმონ მესვეტე, ნეტარი დანიელი, ნეტარი იოანე და სხვა. მესია („მხსნელი“) - ძე ღვთისა, რომელიც მოავლინა ღმერთმა ადამიანის მხსნელად, ბოროტების აღმოსაფხვრელად და მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად. „მესმასა“ - საეკლესიო საგალობლების (კანონის) მე-4 გალობა, რომლიც სახელწოდება აღებულია ბიბლიური ამბაკუმის გალობის დასაწყისი სიტყვიდან: „მესმა უფალო, სასმენელი შენი და შემეშინდა“ (ამბაკუმი 3, 1). მეტანია (ბერძ. - აზრის შეცვლა, სინანული) - საკუთარი უღირსების შეგრძნებით ღვთის წინაშე თაყვანისცემა ან სინანულით შევრდომა (ორივე მუხლით დაჩოქება და შუბლით მიწაზე შეხება). მეტაფრასი - 1) შესწორებული და შევსებული საეკლესიო ლიტერატურული ნაწარმოები, უპირატესად აგიოგრაფიული ჟანრისა. 2) ასეთი ნაწარმოების ავტორი. მეუდაბნოე - უდაბნოში (ქვაბებში, სენაკში, უდაბურ მხარეში) დაყუდებული ბერი, მლოცველი, განდეგილი. მეუფე - მღვდელმთავარი. მდუღარება - ცხელი წყალი, რომელიც მართალთა ლიტურგიის დროს წმინდა ძღვნის კურთხევის შემდეგ ისხმება ბარძიმში და უერთდება ქრისტეს სისხლს. სიმბოლურად აღნიშნავს სულიწმიდას. მირონი - 1) მცენარეული სურნელოვანი ზეთი, იხმარება ქრისტიანულ ეკლესიაში ნათლობის შემდეგ მირონცხების დროს, ტაძრისა და ტრაპეზის კურთხევისას, აგრეთვე მეფის კურთხევისას. გადმოცემის თანახმად, საქართველოში წმინდა მირონი გადმოდიოდა მცხეთაში იმ ხიდან, რომელიც იესო ქრისტეს მიწაში დაფლულ კვართზე იყო ამოსული. შემდგომში ამ ადგილზე სვეტიცხოვლის ტაძარი აიგო. ამჟამად მირონს ამზადებენ 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმეველი, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვა). მირონი მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში, ეს არის ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ნიშანი. მირონის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ოთხშაბათს და 3 დღეს გრძელდება. მირონს აკურთხებს პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვის დროს. საქართველოში მირონს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში; 2) ხატებიდან და წმინდანთა უხრწნელი ნაწილებიდან მომდინარე, სასწაულებრივი ძალის მქონე სურნელოვანი ნივთიერება. მირონცხება - ქრისტიანული სარწმუნოების ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, ნათლობის შემდეგ სრულდება. მირონის ცხებისას ადამიანზე გადმოდის სულიწმიდა და ხდება მისი გაეკლესიურება, შემოდის ეკლესიის წიაღში. მირქმა (მიკონება) იესო ქრისტესი - საეკლესიო დღესასწაული, მოსახსენიებლად შობიდან მე-40 დღეს იესო ქრისტეს ტაძრად მიყვანებისა, როგორც ამას სჯული ითვალისწინებდა, რომლის დროსაც ეკლესიაში მართალმა სვიმეონმა ხელში აიყვანა იესო და თქვა: „აწ განუტევე მონაჲ შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“ (ლუკა 1, 29-30). მირქმას აღნიშნავენ 2(15) თებერვალს. მიტრა (ბერძ. თავსაკრავი) - მღვდელმთავართა თავსაბურავი ღვთისმსახურების ჟამს. სიმბოლურად აღნიშნავს ეკლესიის გვირგვინს. მიტროპოლიტი - ოლქის (ეპარქიის) ან პროვინციის მთავარი ქალაქის (მეტროპოლიის) მღვდელმთავარი. მიტროპოლიტის ხარისხი მიიღეს I მსოფლიო კრებაზე 325 წ. და ანტიოქიის კრებაზე 341 წ. საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში მიტროპოლიტის ხარისხით დაჯილდოებული მღვდელმთავარი იერარქიულად ეპისკოპოსზე და მთავარეპისკოპოსზე მაღლა დგას. მიძინება ღვთისმშობლისა - ერთი თორმეტთაგანი საუფლო დღესასწაული. ღვთისმშობელი მარიამი იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს სამი დღით ადრე აცნობა, რომ ის გარდაიცვლებოდა (მიიძინებდა). ამ დროისათვის, ღვთის ნებით იერუსალიმში შეიკრიბა ყველა მოციქული, თომას გარდა. ოთახი, სადაც ღვთისმშობელი ესვენა, უჩვეულო ნათელმა გააბრწყინა და მისი სული უფალმა თან წაიყვანა. აღინიშნება 15(28) აგვისტოს. „მიწყალე“ – 50-ე ფსალმუნი, რომელიც იკითხება ღვთისმსახურების სხვადასხვა შემთხვევაში და წარმოადგენს მონანიებას ადამისა და ადამის მოდგმის შეცოდებათა გამო. მკრეხელობა - ეკლესიის სიწმინდეთა შეურაცხყოფა, ეკლესიის განძარცვა, ღვთისმგმობი და შეურაცხმყოფელი სიტყვა. მნათე - სტიქაროსანი, რომელსაც ევალება ზეთის ჩასხმა კანდელში და ანთება, ნახშირის გაღვივება საცეცხლურებში, ზარების რეკვა და სხვადასხვა დამხმარე საქმიანობა საკურთხეველში. მოთმინება - სათნოება, რომლის მეშვეობითაც მორწმუნემ უნდა გადაიტანოს ყოველგვარი გასაჭირი და უბედურება, რომელიც გარდაუვალია თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში „ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ“ (რომ. 15, 5). მომაკვდინებელი ცოდვა - იხ. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და მათი წამალი - შვიდი სათნოება. მონაზვნობა - იხ. ბერმონაზვნობა. მონანიება - საიდუმლოება, რომლის დროსაც მორწმუნე თავისი მოძღვრის წინაშე ცოდვებს აღიარებს. ამ დროს ის ცოდვების მიტევებას იღებს თვით იესო ქრისტესაგან, რაც ხორციელდება მოძღვრის შუამავლობით. მონასტერი - ბერ-მონაზონთა საცხოვრებელი, საკრებულო. არსებობს დედათა და მამათა მონასტერი. მონოფიზიტები - მწვალებლური მიმდინარეობა, რომელიც აღიარებს ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას - ღვთაებრივს. წარმოიშვა V საუკუნეში კონსტანტინეპოლში და ალექსანდრიაში. მონოფიზიტების წარმომადგენლები არიან სომხური, კოპტური და ეთიოპიური ეკლესიები. მორჩილი - მონასტერში პირი, რომელიც ემზადება ბერ-მონაზვნობის მისაღებად. მათ არა აქვთ დადებული საბერმონაზვნო აღთქმები, არ განეკუთვნებიან სამონასტრო საძმოს, არ ატარებენ საბერმონაზვნო შესამოსელს, ისინი მორჩილად ასრულებენ მოძღვრის დავალებას. მოსახსენებელი - სპეციალური წიგნაკი, რომელშიც ჩაწერილია მფლობელების ცოცხალ და გარდაცვლილ ნათესავთა სახელები. მოსახსენებელი საკურთხეველში შეიგზავნება სეფისკვერთან ერთად მწუხრზე ან წირვის დაწყებამდე. მოციქულები - ღმერთის დესპანი, შუამავალი. ქრისტეს რჩეული მოწაფეები, მისი მუდმივი თანამგზავრები და ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტიანობის გამავრცელებელნი, ცნობილია 12 უახლოესი მოციქული და 70 მოციქული. 12 მოციქულის სახელებია: პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იოანე, მათე, ფილიპე, ბართლომე, თომა, იაკობი ალფესის ძე, თედეოსი, სვიმონ კანანელი, იუდა ისკარიოტელი, რომელმაც იესო ქრისტე გასცა და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. დანარჩენმა თერთმეტმა მის ნაცვლად კენჭისყრით აირჩია იესო ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთი - მატათა. მოციქულები მოღვაწეობდნენ იერუსალიმში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. სვიმონ კანანელი საქართველოში ეწამა. დაკრძალულია ახალი ათონის მთაზე. ხოლო მატათა დაკრძალულია გონიოში. მოციქულთა წესები - წარმოადგენს ეკლესიის უძველეს წეს-ჩვეულებათა და გადმოცემათა კრებულს, რომლებიც ასახავენ ეკლესიის ურთიერთობისა და ცხოვრების წესს და დასაბამს იღებენ მოციქულთა დროიდან. ამიტომ ისინი შემდგომში საფუძვლად დაედო საეკლესიო კანონმდებლობას. მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს 85 წესი; მე-4 საუკუნიდან დაწყებული მსოფლიო კრებები ამ წესებს იყენებდა საფუძვლიანად და გმობდა მათგან თვითნებურ განდგომას. მოძღვარი - სასულიერო პირი. მღვდელი, ხუცესი, სულიერი მამა. მოხსენება - იხ. აღაპი. მოშიშეობა (ღვთის შიში) - არის ქრისტიანული სათნოება. მრავალთავი - სხვადასხვა ხასიათის თხზულებათა კრებული. მრევლი - ეკლესიურ ლიტურგიკულ ცხოვრებაში ჩართული მორწმუნე ერი. ქრისტიანები, რომელთაც არ აქვთ საეკლესიო წოდება და იმყოფებიან საეკლესიო იერარქიის ხელმძღვანელობის ქვეშ. მრევლის წარმომადგენლები მონაწილეობენ ადგილობრივ კრებებში და აქტიურ მონაწილეობას იღებენ საეკლესიო ცხოვრებაში. მრუშობა - ცოლიანი კაცის ან გათხოვილი ქალის არა მეუღლესთან სქესობრივი კავშირი. მრწამსი - ქრისტიანული რწმენის არსის გამომხატველი ლოცვა. მსგეფსი - 1) „შვიდეულთა დღეთა სწორით სწორი“ (საბა), ერთი კვირა-შვიდეული; 2) დროის მონაკვეთი, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია. მსხვერპლი - მართლმადიდებელ ეკლესიაში სამკვიდრებულია უსისხლო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია, რომელსაც ევქარისტიული მსხვერპლი ეწოდება; შეიწირება ღვინო და პური, რომელიც ლიტურგიის დროს გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად. მტრედი - სულიწმინდის სიმბოლო, მტრედის სახით სულიწმინდა განცხადდა იესო ქრისტეს ნათლისღების ჟამს. მღვდელი - ეკლესიის მსახურის წოდება. მღვდლის ხელდასხმა (კურთხევა) ხდება ეპისკოპოსის მიერ საღმრთო ლიტურგიის დროს. მართლმადიდებელ ეკლესიაში მღვდელს ევალება ქადაგების წარმოთქმა, წირვა-ლოცვა და რელიგიური წესების შესრულება. მღვდელს მხოლოდ ერთხელ ქორწინების უფლება აქვს. მღვდლობა - ღვთისმსახურების შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი მთვარი. მღვდლად კურთხევის დროს, ეპისკოპოსი წარმოთქვამს განსაკუთრებულ ლოცვებს და თავზე ხელს ადებს მღვდლად საკურთხებელ ადამიანს. მწირი - წმინდა ადგილთა მომლოცველი. მწუხრი - მწუხრის ლოცვა დიდი და მცირე. იკითხება შებინდებისას, კვირადღეების წინა საღამოს, სადაგ დღეებში - მცირე, დიდ დღესასწაულებზე - დიდი. მწყემსი - მოძღვარი; მაცხოვრის ალეგორიული სახე. მწყემსმთავარი - ეპისკოპოსი. მხეცის რიცხვი - წმ. იოანეს გამოცხადებაში მხეცის ანუ ანტიქრისტეს ნიშანი „666“, რომლითაც დაინიშნება ყველა მისი მიმდევარი.
|