- ლ - |
საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონილავრა - ბერთა დიდი მონასტერი. ლახვარი - ხის ან ლითონის ტარზე წამოგებული ორპირიანი სამკუთხა დანა, რომლითაც კვეთენ (ჭრიან) საზიარებლად გამზადებულ სეფისკვერს. სიმბოლურად მოგვაგონებს იმ ლახვარს, რომლითაც უგმირეს ჯვარცმულ ქრისტეს. ლიტანია, ლიტანიობა - დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიის გარშემო აღვლენილი სავედრებელი ლოცვა. რომელსაც გალობით უერთდებიან მორწმუნენი. მაგ: აღდგომა დღეს მსვლელობა სრულდება შუაღამისას, მღვდელმსახურნი ჯვრით, ხატებით და მორწმუნენი ანთებული სანთლებით, ლიტანიით გარს უვლიან ტაძარს. ლიტურგია (ბერძ. - საერთო მსახურება) – 1) პურის ტეხვა, ევქარისტია, ზიარების წმინდა საიდუმლო, რომელიც შეიწირება მთელი ერისათვის, ცოცხალთა და მიცვალებულთა სახელებზე. ლიტურგია სამნაწილიანია: კვეთა, კათაკმეველთა და მართალთა. (საქმე მოციქულთა 3, 25); 2) წირვა (ჟამის წირვა), როდესაც სრულდება საიდუმლო ზიარება (ევქარისტია), უსისხლო მსხვერპლის შეწირვა. ტიპიკონის მიხედვით შედგება საკითხავებისა და საგალობლებისაგან. მისი საყოველთაო წესები საბოლოოდ შემუშავდა მე-4 საუკუნეში. არსებობს სამი სახის ლიტურგია: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის და გრიგოლ დიოლოღოსის პირველშეწირულის წირვა. ლიტურგიკა - ქრისტიანული ღვთისმსახურების შემსწავლელი დისციპლინა, რომელიც იკვლევს მის თეორიულ საფუძვლებს, განვითარების ისტორიულ პროცესებს და ტრადიციებს. ადგენს საეკლესიო დღესასწაულთა ციკლს, ღვთისმსახურების შესრულების წესებს და რიგს და ა.შ. ლოგოსი (ბერძ. - სიტყვა) - წმ. სამების მეორე პირი. - ძე ღვთისა, როგორც სამარადისო და ღვთის იპოსტასური სიტყვა. მარადისობაში მყოფი მამა ღმერთთან და შემდეგ განხორციელებული ქვეყანაზე, რომელმაც იტვირთა ადამიანური ბუნება ცოდვის გარდა ადამიანისათვის და მათ გადასარჩენად. „თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანე 1, 1). ლოცვა - საუბარი ღმერთთან და წმინდანებთან. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა ვილოცოთ ყურადღებით და მოწიწების გრძნობით, ლოცვის მიზანი სინანული უნდა იყოს და მხოლოს იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს სამი თვისება: ყურადღება, მოწიწების გრძნობა და სინანული მუდამ თან ახლდეს ჩვენს ლოცვას: „ლოცვა არის თხოვნითი მიმართვა ღვთისადმი მადლობით და დიდებით. ლოცვაში ჩვენ შევთხოვთ ღმერთს ყოველივეს რაც გვჭირდება, შევწირავთ მადლობას მოწყალებისათვის და ვადიდებთ მას უზენაესობისათვის“ (წმ. იოანე ოქროპირი).
|